Facebook Twitter

ას-743-1041-09 9 სექტემბერი, 2009 წ.

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს ,,პროკრედიტ ბანკი” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. თ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. თ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,პროკრედიტ ბანკის” მიმართა სს ,,პროკრედიტ ბანკის” გენერალური დირექტორის ¹ა78-07/07 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 7497 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის _ 787 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.თ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ზ.თ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2007 წლის 25 ივლისის ბრძანება და ზ.თ-შვილი აღდგენილ იქნა სს ,,პროკრედიტ ბანკის” ქუთაისის ფილიალის ინკასატორის თანამდებობაზე, ასევე დაეკისრა სს ,,პროკრედიტ ბანკს” ზ.თ-შვილის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 7497 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,პროკრედიტ ბანკმა”. კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 397,34 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით სს ,,პროკრედიტ ბანკის” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 177,51 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სს ,,პროკრედიტ ბანკს” ჩაბარდა 2009 წლის 3 აგვისტოს (ტ.II, ს.ფ.75), 2009 წლის 8 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 177,51 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლა დარღვეული საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სს ,,პროკრედიტ ბანკის” მიერ განჩინების ჩაბარების დროისათვის კასატორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შვებულებაში და სწორედ ამ საფუძვლით ვერ მოხერხდა დროული რეაგირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,პროკრედიტ ბანკის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლი იმპერატიული ხასიათისაა და აწესებს, რომ მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში სს ,,პროკრედიტ ბანკის” საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 177,51 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 3 აგვისტოს (ტ.II, ს.ფ.75).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 4 აგვისტოს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის ბოლო დღე _ 2009 წლის 8 აგვისტო ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს, აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის 10 აგვისტოს _ ორშაბათს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება კასატორის წარმომადგენელ გ.ყ-შვილის 2009 წლის 8 სექტემბრის განცხადებას სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, განცხადება წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორებისათვის განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით და ამასთან, მასში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას, შესაბამისად კასატორს უნდა დაუბრუნდეს სს ,,პროკრედიტ ბანკის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 574,85 (397,34+177,51) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს ,,პროკრედიტ ბანკის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 574,85 (397,34+177,51) ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.