საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-743-1069-07 20 თებერვალი2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. კ-იძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-იძე (მოპასუხე)
მესამე პირი - ნოტარიუსი მ. გ-აძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 7 თებერვალს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. კ-იძემ და აღნიშნა, რომ 1978 წლიდან 1997 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. ვ-თან. იგი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. სამტრედიაში, ...ის ქ. ¹31-ში. მეუღლესთან უთანხმოების გამო მათ შორის 1997 წელს მოხდა განქორწინება და იგი წამოვიდა ოჯახიდან. მის მიერ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი მუშაობით და ყოველდღიური დაზოგილი თანხებით, ასევე მამიდაშვილისგან სესხად აღებული თანხით, 2004 წლის 27 თებერვალს მოქ. ა. თ-საგან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, მდებარე ქ. სამტრედია, ... ქ. ¹64, რაც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მის სახელზე. 2004 წლის 17 სექტემბერს დაქორწინდა მოპასუხე მ. ჩ-იძესთან, რომელიც საცხოვრებლად გადმოვიდა მის მიერ შეძენილ საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის განმარტებით დაქორწინებიდან თვენახევრის შემდეგ მოპასუხემ წამოუყენა ულტიმატუმი, რომ დაქორწინებამდე მის მიერ შეძენილი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გადაეფორმებინა მისთვის. ოჯახის ხელახლა დანგრევის შიშითა და მოპასუხის გავლენით იგი იძულებული გახდა სანოტარო წესით გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 2000 ლარი მოპასუხეს მისთვის არ მიუცია. ამ ხელშეკრულებას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია და იგი აღნიშნულ სახლში ცხოვრობს დღემდე მოპასუხესთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით უკვე განქორწინებულები არიან. იგი როგორც ფაქტიური მესაკუთრე იხდის ყოველგვარ გადასახადს. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ადგილი ქონდა გარიგების დადებას მოსაჩვენებლად და გარიგების დადების დროს არც ერთ მხარეს არ სურდა იმ შედეგის დადგომა, რაც ხელშეკრულების დანიშნულებიდან გამომდინარეობდა, მოითხოვა 2004 წლის 9 ნოემბერს მასსა და მ. ჩ-იძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ¹1-2953, ბათილად ცნობა, როგორც მოჩვენებითი და იძულებით დადებული გარიგება.
მ. ჩ-იძემ სასამართლოში შეიტანა შესაგებელი, რომელშიც განმარტა, რომ ის და დ. კ-იძე ფაქტიურად შეუღლდნენ არა 2004 წლის 17 სექტემბერს, ანუ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრირებისას, არამედ 1997 წელს და ერთად ცხოვრება დაიწყეს ჯერ ნაქირავებ ბინაში ქ. სამტრედია, რ-ის ქ. ¹36-ში, შემდეგ კი მისი მშობლების სახლში – ქ. სამტრედია ე-ის ქუჩა ¹80-ში. სადაო სახლის შეძენა მოხდა მათი ერთობლივი დანაზოგით და მისი ძმის ზ. ჩ-ის დახმარებით. სწორედ ამიტომ გამოავლინა ნება მოსარჩელემ გადაეფორმებინა სადავო სახლი მისთვის. აღნიშნული გარიგების დადებისას არ ქონია ადგილი იძულებას ან მუქარას. მოსარჩელეს გაშვებული აქვს გარიგების ბათილად ცნობისთვის კანონით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადა. ყოველივე აღნიშნულის გამო მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით დ. კ-იძის სარჩელის დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-იძემ.
სააპელაციო პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება, დ. კ-იძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 17 სექტემბერს მ. ჩ-იძე და დ. კ-იძე დაქორწინდნენ. 2004 წლის 9 ნოემბერს მეუღლეებმა ურთიერთშორის დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ. კ-იძემ მ. ჩ-იძეს მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. შეძენილი ნივთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მზია ჩინგოგიძის სახელზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე და დავის პერიოდშიც საცხოვრებელ სახლს ფლობდა როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე. მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი იყო დადებული მოსაჩვენებლად და იძულებით.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის ზემოხსენებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორის, თავისთავად, არ ნიშნავს იმას, რომ იგი დადებულია მოსაჩენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
დადგენილია, რომ სადავო ბინაში ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ გააგრძელა ცხოვრება სახლში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.
პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადაო ხელშეკრულება დაიდო იძულებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო მესამე პირის, ნოტარიუსის მ. გ-აძის განმარტებით სადავო ხელშეკრულების დადებას მოპასუხე მოსარჩელეს არ აიძულებდა და ხელშეკრულება დაიდო ურთიერთთანხმობით.
საქმიდან ირკვევა, რომ გარიგებას მოსარჩელე საცილოდ ხდიდა იმ მოტივითაც, რომ იგი დაიდო იძულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი მოსარჩელის თქმით, მას აიძულებდა დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო იგი თანახმად იყო ეჩუქებინა მისთვის სახლი, ნიშნავს იმას, რომ მხარეებს გარიგებით სურდათ მიეღწიათ რეალური იურიდიული შედეგისათვის, იმისათვის, რომ ქონება გამხდარიყო აპელანტის საკუთრება. შესაბამისად, გარიგება არ დადებულა მოსაჩვენებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-იძემ.
კასატორის განმარტებით 1978 წლიდან 1997 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. ვ-თან. ცხოვრობდა მის ოჯახში, მდებარე ქ. სამტრედია, ...ის ქ. ¹31. შეეძინათ ორი შვილი: მ. კ-ე, დაბადებული 1978 წელს, გ. კ-ე დაბადებული 1980 წელს. მათ შორის 1997 წელს მოხდა განქორწინება და მეუღლე და ორი შვილი საცხოვრებლად დარჩნენ მის ოჯახში, ის კი გამოვიდა ოჯახიდან. მალხაზ თევზაძისაგან აღებული 2000 აშშ დოლარის ოდენობის სესხით 2004 წლის 27 თებერვალს მოქ. ა. თ-საგან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით მდებარე ქ. სამტრედია, ... ქ. ¹64 შესაბამისად აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მის სახელზე. 2004 წლის 17 სექტემბერს დაქორწინდა მოპასუხესთან მ. ჩ-იძესთან და იგი საცხოვრებლად გადმოვიდა მის მიერ შეძენილ საცხოვრებელ სახლში.
კასატორის განმარტებით დაქორწინებიდან თვენახევრის შემდეგ მოპასუხემ წამოუყენა ულტიმატუმი, რომ ის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც მან შეიძინა დაქორწინებამდე 2004 წლის 24 თებერვალს, გადაეფორმებინა მის სახელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეწყვეტდა მასთან ქორწინებას და კვლავ დაუნგრევდა ოჯახს, რომელსაც მოყვებოდა მისი, როგორც პიროვნების სრული მორალური განადგურება.
კასატორის განმარტებით მოპასუხემ მუქარით მიაღწია იმას, რომ იძულებით გააფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹1-2953, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 2000 ლარი მისთვის არ გადაუცია. მ. ჩ-იძემ, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში ვერ დაფარა თავისი ზრახვები და საჯაროდ განაცხადა, რომ მისი განზრახვა იყო ხელში ჩაეგდო კასატორის ქონება, რომ ის და მისი შვილი (გერი) კონფლიქტის შემთხვევაში არ დარჩენილიყვნენ ქონების გარეშე. მანვე განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების დროს მას არ სურდა ფაქტიურად ქონება გადასულიყო მის განკარგულებაში, რადგანაც მეუღლეებად რჩებოდნენ და მთელი 4 წლის მანძილზე არ მოუთხოვია მისგან სადავო ქონების დატოვება და მისი ოჯახიდან გადასვლა. აღნიშნილიდან გამომდინარე მ. ჩ-იძის ჩვენებიდან თავად მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა პროცესზე, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შედეგი მოჰყოლოდა. ასევე დაადასტურა მისი მხრიდან მასზე ზეგავლენის მოხდენისა და იძულების ფაქტები.
კასატორის აზრით სასამართლო თუმცა დადასტურებულად თვლის იმ ფაქტს, რომ მისი განზრახვა იყო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ რატომღაც აქაც არასწორად განმარტავს ჩუქებისა და ნასყიდობის მცნებებს და მნიშვნელობას. უდავო ფაქტია, იმ შემთხვევაში თუკი გაფორმდებოდა ჩუქების ხელშეკრულება კანონის შესაბამისად, მას რჩებოდა შესაძლებლობა უმადურობის მოტივით 10 წლის განმავლობაში მოეშალა ჩუქების ხელშეკრულება, რასაც ვერ მიაღწევდ ნასყიდობის შემთხვევაში.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან დადგენილი და დადასტურებულია, რომ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ადგილი ჰქონდა სიმულაციას და მოჩვენებითობას. კასატორის აზრით კი სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტიურ გარემოებები. მას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში უტყუარადაა დადასტურებული სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითობა და მისი დადების დროს იძულება, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტიურ გარემოებებს, არ მოხდა მათი შეჯერება კანონის შესაბამისობაში, არასწორად განმარტა კანონი, რასაც არაკანონიერი გადაწყვეტილება მოჰყვა შედეგად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დ. კ-იძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დ. კ-იძის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მეუღლეთა შორის ქორწინების განმავლობაში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გარიგებით დ. კ-იძემ ქორწინებამდე შეძენილი ქონება მიჰყიდა მის ცოლს. ასეთი სახის გარიგებები მეტად იშვიათად გვხვდება პრაქტიკაში, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი გარიგებები ბათილია. მოსარჩელე გარიგებას ბათილად მიიჩნევს იმის გამო, რომ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მას არ მიუღია. ამასთან მისი აზრით, ამ გარიგებას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან იგი დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და იხდის გადასახადს. დაქორწინების შემდეგ მეუღლეები, როგორც წესი, ერთად ცხოვრობენ. ამიტომ მათ ხშირად უხდებათ ერთ-ერთ მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრება. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია მეუღლის სახლში ცხოვრება და ვინაიდან დ. კ-მ სახლი გაასხვისა, მას სადავო ფართში ცხოვრების უფლება აღარ ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას გადასახადების თაობაზეც. ცოლ-ქმრული თანაცხოვრების პერიოდში გადასახადებს, როგორც წესი, იხდის ერთ-ერთი მათგანი, და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მესაკუთრეა ვალდებული იხადოს გადასახადი.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ზემოთ მითითებული გარემოებანი არ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მხარეებს არ სურდათ გარიგებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგის დადგომა. აღნიშნულის დადასტურების ტვირთი ეკუთვნის დ. კ-ს. მის მიერ მითითებული გარემოებანი კი ასეთი სახის გარიგების არსებობას ვერ ადასტურებს. მ. ჩ-ის განმარტებებიდან კი ირკვევა, რომ მას სწორედ აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვება სურდა, რადგან არ დარჩენილიყო უსახლკაროდ. ანუ მას სურდა სწორედ იმ იურიდიული შედეგის დადგომა, რაც უძრავი ქონების შეძენით შეიძლება დადგეს. ის ფაქტი, რომ თითქოს მ. ჩ-ს მოსარჩელისათვის შესყიდვის ფასი არ გადაუხდია შეიძლება გახდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველი და არა ხელშეკრულების ბათილობისა.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ხელშეკრულება იძულებით იქნა დადებული პალატა ვერ გაზიარებს. სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ცოლის ულტიმატუმი გაყრის თაობაზე არ შეიძლება მივიჩნიოთ ისეთ გარემოებად, რომელიც დ. კ-იძეს აფიქრებინებდა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა. მოცემულ შემთხვევაში იძულების განმაპირობებელი ფაქტი უნდა შეიცავდეს რეალური საფრთხის შემცვლელ გარემოებებს, რომელიც მხარეს აფიქრებინებს, რომ გარიგების დაუდებლობა მის პიროვნებას სერიოზულ საფრთხეში ჩააგდებს. ასეთ შემთხვევაში განქორწინების მუქარა არ შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული საფრთხის შემცველი მოქმედება, რომ ადამიანი აიძულოს ყველაფერი გაყიდოს რაც აბადია და თავი უსახსრო მდგომარეობაში ჩაიგდოს.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. კ-იძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.