ას-74-407-09 23 ივლისი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი – რ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – მე. მ-ი (მოპასუხე)
მა. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ალიმენტის დაკისრება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ნ. ჯ-ემ მოპასუხეების მე. და მა. მ-ის წინააღმდეგ. მოსარჩლემ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ალიმენტის დაკისრება და მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მე. და მა. მ-ებმა და მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
ნ. ჯ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მე. და მა. მ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. ჯ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლით სარგებლობის შესახებ არის უსაფუძვლო, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირის შესახლებას სხვის საკუთრებაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ჯ-ის წარმომადგენლის განმარტება, რომ ჩუქება დაიდო მოჩვენებით, რადგან საქმის მასალებით ასეთი რამ არ დასტურდება.
სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სადავო საწოლები ნ. ჯ-ის მიერ არ არის შეძენილი, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ჯ-ის შვილები არ წარმოადგენენ იმ პირებს, ვისთვისაც საარსებო წყაროს მიცემის ვალდებულება აქვს ბებიას მე. მ-ს. შვილიშვილებზე დახმარების ვალდებულება ბებიას მხოლოდ მას შემდეგ აქვს თუ არ ეყოლებათ მშობლები. Mმოცემულ შემთხვევაში კი ბავშვებს ჰყავთ დედა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ არსებობს მხარეებს შორის არც ხელშეკრულება, არც კანონით გათვალისწინებული და არც დელიქტური ვალდებულება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მა. მ-ი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი, რადგან მა. მ-ი, როგორც დასახელებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ქონების მფლობელობაში და განკარგვაში თავისუფალია.
Mპალატის განმარტებით, რადგან მე. მ-ი არის პენსიონერი, დაავადებულია სხვადასხვა დაავადებით და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, შესაბამისად მას არ შეუძლია არასრულწლოვანი შვილიშვილისათვის სარჩოს მიცემა. Gგარდა ამისა, ის არც არის ვალდებული არჩინოს არასრუწლოვანი შვილიშვილები, რადგან მათ ჰყავთ დედა.
სააპელაციო პალატის განმარტებით ნ. ჯ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არის დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ-ემ.
კასატორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე მართალია მცირეწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელია და გააჩნია მშობლის ვალდებულებები, თუმცა არ აქვს სათანადრო სახსრები მისი შვილების მოთხოვნილებათა სრულად დაკმაყოფილებისათვის.
კასატორის განცხდებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება იმ ფაქტს, რომ ჩუქების ხელშეკრულება ემსახურებოდა კანონსაწინააღმდეგო მიზანს. იგი დადებული იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსარჩელის შვილებს არ ქონოდათ არანაირი იურიდიული საფუძველი მემკვიდრეობით მიეღოთ მამისეული ქონება.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა არანაირი ვალდებულება.
კასატორის განცხადებით, გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რატომ უთხრა უარი სასამართლომ მოსარჩელეს კაფე-ბარის დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მე. და მა. მ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. ჯ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აუდიტორული დასკვნით, ქობულეთში, ............... ¹........-ში მდებარე კაფე-ბარის ღირებულებამ შეადგინა 53335 ლარი, ღია აივნის ღირებულებამ 4870 ლარი, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2550 ლარი, სულ 12755 ლარი. ღია აივნის გაფართოებაზე პროექტი გაცემულია მოპასუხეზე მე. მ-ზე.
კაფე-ბარზე მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო ი/მ დ. მ-ზე, ხოლო ქობულეთის გამგეობის 1997 წლის 15 მაისის ¹11 დადგენილებით მე. მ-ს ნება მიეცა პირადი საკუთრების საცხოვრებელ ეზოში, ჩაედგა დროებითი ასაწყობი ტიპის საზაფხულო კაფე-ბარი.
საკასაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩუქების ხელშეკრულება ემსახურებოდა კანონსაწინააღმდეგო მიზანს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობები ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს, და თვითონ მხარე განსაზღვრავს თუ რა მტკიცებულებით უზრუნველყოს თავისი მოსაზრების დასაბუთება. კასატორის მხრიდან თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა მე. მ-ი და ის შეზღუდული არ იყო თავის ნების შესაბამისად განეკარგა მისი საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასაც. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას იმის თაობაზე, რომ კაფე – ბარი აშენებული იყო დ. მ-ის მიერ და მისი დანგრევით მას მოესპო სარჩოს მიღების წყარო. კასატორს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნამდვილად დ. მ-მა გასწია მშენებლობის ხარჯი, კასატორი მიუთითებს რომ მათ გამოტანილი ჰქონდათ კრედიტი თუმცა საქმეში არაა წარმოდგენილი დ. მ-თან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება. საქმის მასალებიდან ირკვევა, მხოლოდ ის გარემოება, რომ კრედიტი გაცემული იყო მა. მ-ის სახელზე და თავადვე უზრუნველყოფდა მის დაფარვას. შესაბამისად სასამართლო კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ მითითებას, რომ მას მოესპო საარსებო წყარო კეფე-ბარის დანგრევით ვერ მიიღებს მხედველობაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით რომ ბებია და ბაბუა მხოლოდ მაშინ არიან ვალდებულნი დახმარება გაუწიონ შვილიშვილებს თუ მათ არ ყავთ დედა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შესაბამისად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილები, რომელიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლისაგან. მოცემული ნორმის შინაარსიდან ზემოხსენებული მსჯელობა არ გამომდინარეობს და ნორმა არასწორადაა ინტერპრეტირებული. ზემოხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პაპა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა. მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და ამასთან სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას. საქმის მასალებით მართალია დასტურდება ის გარემოება, რომ კასატორს აქვს მწირე შემოსავალი, მაგრამ ამასთან, გაურკვეველია მე. მ-ის შემოსავლის ოდენობა და წყარო. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოსარჩელეზეა და მას უნდა წარმოედგინა მე. მ-ის შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად კასატორის მოთხოვნა ალიმენტის ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. იმისთვის რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების საფუძველი აუცილებელია სახეზე გვქონდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და შედეგს შორის. საქმის მასალებით არ დასტურდება მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, კერძოდ კი ის გარემოება, რომ რ. მ-მა დამალა დ. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დ. მ-ის გარდაცვალების საფუძველი გახდა. ასევე არ დასტურდება ის ფაქტიც, რომ ნ. ჯ-ეს გაუვრცელეს მონაჭორი დედამთილის გალახვის თაობაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არაა. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული მორალური ზიანის არსებობს ფაქტი არ დასტურდება, მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
რაც შეეხება რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარჯების ანაზღაურება წარმოადგენს ვალდებულებას. ხოლო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს ან ხელშეკრულება ან კანონისმიერი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით არ არის დარეგულირებული დ. მ-ის მიერ მე. მ-ის სახლზე სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შესაბამისად თუ კი არ არსებობდა სარემონტო სამუშაოების შესრულების სამართლებრივი საფუძველი, არც ანაზღაურების ვალდებულება არსებობს.
ა./წ 2 ივლისს საქართველოს უზენაესს სასამართლოს განცხადებით მომართა მა. მ-მა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მე. მ-ი არის ავად, აღენიშნება თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლა და საჭიროებს წოლით რეჟიმს, რაც შეუძლებელს ხდის მის სასამართლოში გამოცხადებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს საქმის წარმოება თუ მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არ აქვს გამოცხადდეს სასამართლოში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, შესაბამისად რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.