ას-744-1042-09 26ოქტომბერი,2009წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –რ. ს-შვილი(მოპასუხე)
მოწინააღმდეგემხარე---ნ. გ-შვილი(მოსარჩელე) გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-შვილის სარჩელი რ. ს-შვილის მიმართ ალიმენტის გაზრდისა და წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. რ. ს-შვილს და ნ. გ-შვილს ჰყავდათ ერთი შვილი 2005 წლის 2 აპრილს დაბადებული ჭ. გ-შვილი. რ. ს-შვილის მამობა დადგენილი იყო დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც რ. ს-შვილის 2005 წლის 20 აპრილს დაბადებული ჭ. გ-შვილის მამად ცნობის ნაწილში დატოვებული იყო უცვლელად.
2.2. რ. ს-შვილს ჭ. გ-შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დადგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც დამტკიდა მორიგება შემდეგი პირობებით: რ. ს-შვილი 2005 წლს 20 აპრილს დაბადებული ჭ. გ-შვილის სარჩენად მის სრულწლოვანებამდე გადაიხდიდა ალიმენტს თვეში 25 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაიწყებოდა ამ განჩინების ძალაში შესვლის დღიდან.
2.4.რ. ს-შვილი ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდში, მცხეთის რაიონის სოფელ გალავნის საკრებულოს 2006 წლის 20 ოქტომბრის ცნობის თანახმად მარიამ ს-შვილი და რ. ს-შვილი იყვნენ ერთი კომლის წევრები და ერიცხებოდათ მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 1.0 ჰა მიწის ნაკვეთი. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: სოფელ გალავნის საკრებულოს 2006 წლის 20 ოქტომრის ცნობას.
2.5.რ. ს-შვილი 2005 წლის 30 ნოემბერს დაქორწინდა ნაილი დიდებაშვილზე. მათ 2006 წლის 18 სექტემბერს შეეძინათ შვილი მარიამ ს-შვილი. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის თანახმად რ. ს-შვილის მეუღლე იყო ორსულად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობას.
-დაბადების მოწმობას
-შპს „ანანურის“ საექიმო ამბულატორიის მიერ 2009 წლის 5 მარტის ცნობას ¹5
2.6 რ. ს-შვილი და მისი მეუღლე ნაილი დიდებაშვილი არ მუშაობდნენ. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკტცებულებებს;
-მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიწმენდის ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 9 დეკემბრის ცნობას ¹106.
2.7. მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა 2006 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. ასევე არ გაუარესდა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა.
2.8. ალიმენტის ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება რ. ს-შვილს წარმოეშვა სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ რ. ს-შვილის ქონებრივი მდგომარეობა იძლეოდა საფუძველს ალიმენტის ოდენობის გასაზრდელად; კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფ. გალავნის საკრებულოს ცნობის მიხედვით რ. ს-შვილი იყო მარიამ ს-შვილის კომლის წევრი, რომელსაც ერიცხებოდა 1.0 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი; აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ კომლის კუთვნილი მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების გზით რ. ს-შვილს ექმნებოდა დამატებითი შემოსავლები, რაც თავის მხრივ საფუძველს წარმოადგენდა ალიმენტის გასაზრდელად;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ 25 ლარის ოდენობით ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ არ შეცვლილა (არ გაუარესებულა) მოსარჩელე ნ. გ-შვილის ქონებრივი მდგომარეობა, რადგან საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადგინდა არასრულწლოვანი ჭ. ს-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, რამაც თავის მხრივ გაზარდა მისი აღზრდისათვის საჭირო დანახარჯები და ტვირთად აწვებოდა დედის შემოსავლებს; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯები, რომლის გაწევა მხოლოდ ერთი მშობლის შემოსავლების ხარჯზე აუარესებდა მის ქონებრივ მდგომარეობას; ამასთან, დადგენილია, რომ ბავშვის დედა, რომელთანაც ბავშვი იმყოფებოდა აღსაზრდელად, მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სამოქალაქო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა, წარსული დროისათვის ალიმენტის გადახდევინების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარსული დროისათვის ალიმენტის გადახდევინება შესაძლებელია, თუ სარჩელის წარდგენამდე მხარის მიერ მიღებული იყო ზომები ალიმენტის მისაღებად, მაგრამ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განისაზღვრა ალიმენტის ოდენობა, მისი გადახდის წესად დადგენილია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან გადახდევინება, ხოლო ალიმენტის გადახდის წესის შეცვლის ფაქტობრივ – სამართლებრივ საფუძლებზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.გააუქმა მცხეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და დაადგინა რომ ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-შვილის სარჩელი ალიმენტის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ს-შვილს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ჭ. ს-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 80 ლარის ოდენობით 2009 წლის 05 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ს-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით თბილისის სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით ალიმენტის ოდენობა განესაზღვრა გონივრული სამართლიანი შეფასების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მიუთითა და არ იმსჯელა რომ ჰყავდა სამი შვილი, უწევდა სამ შვილზე მზრუნველობა და რამდენად გონივრული იყო ასეთი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს რეალურად რომ შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები, რომ კასატორი და მისი მეუღლე იყვნენ უმუშევრები, მეუღლე ზრდიდა მეორე ორი თვის ბავშვს, იყო ავადმყოფი, ფიზიკურად უჭირდა მუშაობა, ყავდა სამი შვილი და მოხუცებული დედა, არ გააჩნდა შემოსავალი, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლი, რაც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება მისი მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შესახებ. პირიქით შეეძინა მესამე შვილი რომელიც ორი თვისა იყო, და დაკისრებული ალიმენტის გაზრდის საფუძველი არ არსებობდა
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლი სასამართლოს თანაბრად უნდა გამოეყენებინა სამივე შვილის მიმართ და ისე მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო რომ მოსარჩელე მუშაობდა და ხელფასის სახით ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. იგი მიწის რეფორმის დროს რეგისტრირებული იყო მშობლეთან დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალში და მშობლებთან ერთად მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ჰქონდა ორი საცხოვრებელი ბინა.
ს-შვილის აზრით, ასევე უსაფუძვლო იყო სასამართლოს მითითება, რომ თითქოსდა მოსარჩელე მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მოწმობა და ცნობა რომ იგი იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი და ღებულობდა დახმარებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს _ რ. ს-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს _ რ. ს-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.