საქმე №455აპ-16 ქ. თბილისი
მ-ა ვ. 455აპ-16 20 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით ვ. მ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ვ. მ-ს მიმართ სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 1 ნოემბრიდან.
4. ნივთმტკიცებად ცნობილი - 9მმ კალიბრიანი „…..“-ის ფირმის პისტოლეტი და მჭიდი უნდა გადაეცეს სახელმწიფოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
5. მსჯავრდებულ ვ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ვ. მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში, ….. ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „…..“ უკანა მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 9მმ კალიბრიან „…..“-ის ფირმის პისტოლეტს სამ საბრძოლო ვაზნასთან ერთად.
6. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებული ვ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ვ. მ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; საქმე განიხილეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქმეში არ მოიპოვება კანონიერი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ბრალეულობა განაჩენით მისთვის შერაცხულ ქმედებებში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. მ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, კერძოდ:
3. მოწმე, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ. ბ-ს ჩვენებითა და მის მიერ შედგენილი პატაკით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ნოემბერს მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, 19.. წლის .. მარტს დაბადებული, ….. რაიონის სოფელ ….. რეგისტრირებული და, ფაქტობრივად, ქალაქ ზუგდიდში, ….. N…..-ში მცხოვრები ვ. ხ-ს ძე მ-ა (პ/ნ…..) მოძრაობდა ქალაქ ზუგდიდში, ….., ყოფილი სასტუმრო „…..“ უკანა ტერიტორაზე და თან გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შესახებაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ. მ-ა დააკავეს და ინფორმაცია დადასტურდა.
4. მოწმე, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა. კ-ს ჩვენების თანახმად, 2015 წლის 1 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამომძიებელ ვ. შ-სა და გ. შ-თან ერთად გავიდა ….. ქუჩაზე, სასტუმრო „…..“ უკანა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნახეს ვ. მ-ა, რომელსაც განემარტა თავისი უფლებები. ვ. მ-მ პირადი ჩხრეკის ჩატარებასა და ნებაყოფლობით იარაღის წარდგენაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის უკანა ნაწილიდან გამომძიებელმა ვ. შ-მ ამოიღო იარაღი. ვ. მ-მ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. იგი დააკავეს და წარადგინეს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში. ვ. მ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
5. ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმეებმა - ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა - ო. პ-მ, გ. შ-მ და ვ. შ-მ.
6. 2015 წლის 1 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ვ. მ-ს შარვლის უკანა ნაწილიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი უცხოურ ენაზე შესრულებული წარწერით „…..“ და მჭიდი სამი ვაზნით. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მასში მონაწილე პირებმა - ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ა. კ-მ და გ. შ-მ, ასევე - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ. შ-მ. აღნიშნული ასევე დადასტურდა ნივთმტკიცებად წარმოდგენილი მითითებული იარაღით.
7. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. შ-მ დაადასტურა მის მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, წარდგენილი 9მმ კალიბრიანი „…..“ ფირმის დაუდგენელი მოდელის უნომრო პისტოლეტი ქარხნული წესითაა დამზადებული, გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 9მმ კალიბრიანი აირხმოვანი პისტოლეტის ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნიდან კუსტარულად დამზადებული 3 ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. მათი გასროლა შესაძლებელია 9მმ კალიბრიანი აირხმოვანი იმ პისტოლეტებიდან, რომლებსაც ლულაში არ გააჩნიათ მრავლობითი ჭურვის გამყოფი ტიხარი და მათ შორის წარმოდგენილი 9მმ კალიბრიანი „…..“ ფირმის დაუდგენელი მოდელის უნომრო პისტოლეტიდან. მანვე განმარტა, რომ კუსტარულად დამზადებული ვაზნები, ვინაიდან ექვემდებარება გასროლას, გასროლილ იქნა მითითებული იარაღიდან.
8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ვ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
9. საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი შეამოწმა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილშიც, მისი სამართლიანობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და თვით ვ. მ-ს პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა არის ადეკვატური და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენი, რომლითაც ვ. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ისე განსაზღვრული სასჯელის ნაწილში.
11. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: საქმის მასალების მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ვ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენი.
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განაჩენით კანონიერია საბოლოოდ ვ. მ-თვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. მართალია, ვ. მ-ს წინა განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) მოხმარებისათვის და სასჯელად დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა - 10 თვე, რაც დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მაგრამ საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე საკასაციო ინსტანცია მოკლებულია შესაძლებლობას, გადასინჯოს და იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ვ. მ-თვის დანიშნულ სასჯელზე. აღნიშნული განაჩენის გადასინჯვა შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი