¹ას-745-961-08 2 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ქ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ. ნ. კ.» უფლებამონაცვლე შპს «ს.» (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ქ-ძემ სს ნავთობის ეროვნული კომპანიის „ს.“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს 1991 წლის 13 დეკემბრის ¹734 განკარგულებით დაკმაყოფილდა სს „ს.“ ნორმატიული საკვლევი სადგურის ადმინისტრაციისა და პროფკომის წინადადება და ნ. ქ-ძის ხუთსულიან ოჯახს დაუმტკიცდა ქ. თბილისში, ... ¹29-ში, ¹2 კორპუსში მდებარე 50 კვ. მ ¹20 სამოთახიანი ბინა, მიღების აღრიცხვიდან მოხსნით. სს-ში შექმნილი ფინანსური სიძნელეებიდან გამომდინარე, კორპუსის აშენების შეუძლებლობის გათვალისწინებით სს «ნ. ე. კ. ს.“ ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148\9-55 გადაწყვეტილებით დადგინდა ქ. თბილისში, ... ¹29-ში მდებარე მე-2 კორპუსის ბინათმფლობელებზე საკომპენსაციო თანხების გაცემა საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე და ერთი კვ.მ-ის ღირებულება განისაზღვრა 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. 2003 წელს საწარმოს ადმინისტრაციის მიერ ტერიტორია, სადაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო, გასხვისდა. 2004 წლის 21 აპრილის სს ნავთობის ეროვნული კომპანიის „ს.“ ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის ¹81\16-81 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გამოყოფილი ბინის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 14 640 აშშ დოლარის ეკივალენტი ლარის გაცემის შესახებ. მოსარჩელემ ასევე განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო არ არის გადახდისუუნარო და გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში აწარმოებს მსხვილგადამხდელთა ინსპექციის მეშვეობით, საკომპენსაციო თანხა სრულად არ გაცემულა. მას გადაეცა მხოლოდ 4000 აშშ დოლარი, დანარჩენი კი არ მიუღია. 2006 წელს მან მიმართა საწარმოს ვალდებულების შესრულების მოთხოვნითა და შესრულებისათვის აუცილებელი დროის განსაზღვრის შესახებ განცხადებით, რომელიც მხარეს ჩაჰბარდა იმავე წლის 18 ოქტომბერს, მაგრამ მოპასუხემ წერილი რეაგირების გარეშე დატოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარემ თავი აარიდა ვალდებულების შესრულებას და დაარღვია ვალდებულება. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 78 080 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს «თ. ნ. კ.» დაეკისრა ნ. ქ-ძის სასარგებლოდ 10 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სს «თ. ნ. კ.» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება შეიცვალა ნ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნის – ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოიფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ქ-ძის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს «თელეთის ნავთობის კომპანიას» ნ. ქ-ძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 2006 წლის 28 ოქტომბრიდან 2008 წლის 28 ივლისამდე 4043,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო 2008 წლის 28 ივლისიდან ყოველთვიურად 21,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ნ. ქ-ძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ დაადგინა ნ. ქ-ძისთვის ბინის სანაცვლოდ საკომპენსაციოდ გამოყოფილი 14640 აშშ დოლარიდან მხოლოდ 4000 აშშ დოლარის მიღებისა და 2006 წლის 18 ოქტომბერს ნ. ქ-ძის, როგორც კრედიტორის, განცხადების ჩაბარების ფაქტები მოწინააღმდეგე მხარისთვის, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, სადაც ამ უკანასკნელს განესაზღვრა ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი დრო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ქ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში წარმოშობილია სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არა სახელშეკრულებო, არამედ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან, რადგან მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია კომპანია „ს.“ ადმინისტრაციისა და პროფკავშირის პრეზიდიუმის 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც განეკუთვნება მრავალმხრივი ხელშეკრულების სახეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს «თ. ნ. კ.» მოსაზრებაც სსკ-ის 341-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც იგი მიუთითებს, რომ ვალის აღიარებისთვის მხარეებს შორის უნდა არსებობდეს ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შემდგომი აღიარება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე „თელეთის ნავთობის კომპანიის“ წარმომადგენლის მოსაზრება, რომ კომპანია „ს.“ ადმინისტრაციისა და პროფკავშირის პრეზიდიუმის 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით გამოვლენილი ნება მხარეს არ გადაეცა ნების გამომვლენი პირის მიერ, რადგან ჩათვალა, რომ კომპანია „ს.“ არამარტო გამოავლინა ნება კონკრეტული ადრესატის, ნ. ქ-ძის მიმართ, არამედ ამ ნების აღსრულებას შეუდგა იგი, როცა 2004 წლის 30 აპრილს, ნ. ქ-ძეს ჩაურიცხა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
ასევე გაიზიარა სს «თ. ნ. კ.» წარმომადგენლის მოსაზრება პირობით გარიგებასთან დაკავშირებით, რომ, სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მხარის ნებაზე დამოკიდებული პირობა ბათილია, რადგან ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა მხარის ნებაზე დამოკიდებული პირობა (სსკ-ის 92-ე მუხლი), არამედ ვალდებულების შესრულება პირობითი გარიგების არსებობისას (სსკ-ის 368-ე მუხლი), რომლის დროსაც, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობით დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ქ-ძისთვის საკომპენსაციო თანხა, 14640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მოვალეს უნდა გაეცა სს „ს.“ ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით ნაწილ-ნაწილ, სს „ს.“ განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს «თ. ნ. კ.» წარმომადგენლის მოსაზრება, რომ სააქციო საზოგადოებაში მოგების განაწილების საკითხს წყვეტს საერთო კრება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და არავის აქვს უფლება, თვითნებურად განკარგოს საზოგადოების წმინდა მოგება და გენერალური დირექტორი და პროფკომის თავმჯდომარე არ იყვნენ უფლებამოსილი, მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითა, რომ საერთო კრების თანხმობით განისაზღვრა საწარმოს მოგებასთან დაკავშირებული საკითხები, იგი მესამე პირების მიმართ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მესამე პირებთან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების ბათილობის საფუძველს.
პალატამ მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ვალდებულებიდან გამომდინარე, კრედიტორი ნ. ქ-ძე ამ ვალდებულების ფარგლებშია უფლებამოსილი, სსკ-ის 316-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების ძალით მოითხოვოს სს «თ. ნ. კ.» რაიმე მოქმედების შესრულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ქ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 412-ე მუხლები და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 414-ე მუხლი, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ, თითქოს მოსარჩელე ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიუთითებდა არასახელშეკრულებო საფუძველზე, როგორიცაა ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი ვალდებულება (მოვალეობა).
კასატორი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნავთობის ეროვნული კომპანია «ს.» ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 და 2004 წლის 21 აპრილის ¹81/16-81 გადაწყვეტილებები, რომლითაც დადგინდა ... @29/2 კორპუსის ბინათმფლობელებზე საკომპენსაციო თანხების გაცემა 1 კვ.მ-ზე 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რაც იმის დამადასტურებელია, რომ აღებულ იქნა ვალდებულება ბინის სანაცვლოდ კონპენსაციის თანხის გაცემისა და ვალის არსებობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ზიანი არასწორად დაიანგარიშა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად და მიაკუთვნა მიუღებელი შემოსავლის თანხა, რომელსაც იგი არ ითხოვდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულება წარმოშობილია ვალის აღიარების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებებს წარმოადგენენ 2002 წლის 22 ოქტომბრისა და 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებები, რომლითაც მოპასუხემ საკომპენსაციო თანხების გაცემის ვალდებულება აიღო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმომ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა ნ. ქ-ძისათვის საკომპენსაციო თანხა გამოყოფილ 97.60 კვ.მ საერთო ფართზე 1კვ.მ ფართისათვის 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხემ ჩაურიცხა ნ. ქ-ძეს 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, მისი ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი მხარის მიერ ნების გამოვლენა. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება წარმოადგენს ხელშეკრულებას, ამდენად, ვალის არსებობის შესახებ ნება უნდა მიიღოს მეორე მხარემ, რათა ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს. ამასთან ერთად ვალის აღიარების ხელშეკრულება მხარეთა შორის უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას (სკ-ის 341-ე მუხლი). კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის გადახდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციისა და პროფკომის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილებით გადაწყდა, გაიცეს საკომპენსაციო თანხა ... ¹29/2 კორპუსის იმ ბინათმფლობელებზე, რომლებსაც გაუნაწილდათ ბინები სგ «ს.» ადმინისტრაციისა და პროფკომის 1987 წლის 3 სექტემბრის ¹84/22-1 გადაწყვეტილებით და აქვთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გადაწყდა, რომ საკომპენსაციოდ 1 კვ.მ საერთო ფართზე უნდა გაიცეს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ქ-ძის მოთხოვნა ქ.თბილისში, ... ¹29-ში, ¹2 კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ¹20 სამოთახიანი ბინის სანაცვლოდ, ადმინისტრაციისა და პროფკომის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოყო საკომპენსაციო - 14 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულება 341-ე მუხლის თანახმად.
აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხემ გადაუხადა მოსარჩელეს იმ დროს დადგენილი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ «საქნავთობის კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის» დროებითი კომისიის 2002 წლის 21 მაისის სხდომის ოქმი მიუთითებს ზემოაღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები შეთანხმდნენ ... ¹29-ში, ¹2 კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ¹20 სამოთახიანი ბინის სანაცვლოდ, ნ. ქ-ძეს გადაუხადონ საკომპენსაციო თანხა. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ არა ცალკე აღებულ თანხაზე, არამედ აღნიშნული ბინის ღირებულებაზე, რაც შეადგენდა 14 650 აშშ დოლარს. აღნიშნული გარემოება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები შეთანხმდნენ ბინის საბაზრო ღირებულებაზე. ის, რომ 14640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (... ¹29-ში, ¹2 კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინის 1კვ.მ შეფასებულია 150 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად), არ წარმოადგენდა ბინის საბაზრო ღირებულებას, არც გადაწყვეტილებით და არც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ «საქნავთობის კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის» დროებითი კომისიის 2002 წლის 21 მაისის სხდომის ოქმი მხოლოდ დამატებით შეიძლება ადასტურებდეს მხარეთა ნებას, რომელიც ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული ბინის ღირებულების ანაზღაურებას, ამდენად მითითებული დროებითი კომისიის 2002 წლის 21 მაისის სხდომის ოქმის 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹148/9-55 და 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებებში მიუთითებლობა არ გამორიცხავს ბინის საბაზრო ღირებულების თაობაზე მხარეთა შეთანხმებას.
გადაწყვეტილებიდან ასევე არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის გადაუხდელობა განაპირობა ეკონომიკურმა მდგომარეობამ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხეს აკისრია ვალდებულება, ნ. ქ-ძეს გადაუხადოს ... ¹29-ის ¹2 კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 97.60 კვ.მ ბინის საკომპენსაციო თანხის ოდენობა, აუდიტის დასკვნის მიხედვით შეადგენს 117 120 დოლარს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ზემოაღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნა ... ¹29-ის ¹2 კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულებას და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს უნდა დაეკისროს ბინის საბაზრო ღირებულება მის მიერ მიღებული თანხიდ (4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში) პროპორციული ოდენობის გამოკლებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.