Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-747-1073-07 5 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორები _ გ. ჭ-ი-ს-იძე, მ. ჭ-ი

წარმომადგენელი _ ნ.თ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ჭ-ი

წარმომადგენელი _ ე. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების უფლების აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წელს გარდაიცვალა მხარეთა დედა _ ლ. ჭ-ი, რომლის დანაშთი ქონება, ზეპირი შეთანხმებისამებრ, უნდა დარჩენოდა მოსარჩელის შვილ მ. ჭ-ს. მოსარჩელემ და მისმა შვილმა ფაქტობრივად მიიღეს სადავო მემკვიდრეობა, თუმცა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მხარეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. 2006 წელს დედის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება აღიდგინა ჯ. ჭ-ის დამ მ. ჭ-მა, რომელმაც არ მიუთითა, რომ ლ. ჭ-ს მის გარდა სხვა მემკვიდრეც ჰყავდა და მოსარჩელის წილიც უკანონოდ მიითვისა.

მ. ჭ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ჯ. ჭ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი დედის სიცოცხლეში მოითხოვდა ლ.ჭ-საგან მთელი თავისი ქონების ჯ.ჭ-ის შვილისათვის დატოვებას და დედისაგან უარის მიღების შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მას. ლ.ჭ-მა მოსარჩელისაგან თავის დასაცავად ეზოში ღობე აღმართა და ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა მასთან.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება გ. ჭ-ი-ს-იძე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა დედის _ ლ. ჭ-ი-წ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებთან ერთად თანაბარ წილად, ქ.წყალტუბოს ნოტარიუსის 2006 წლის 13 ივლისს მ. ჭ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2006 წლის 3 ნოემბერს გ. ჭ-ი-ს-ის სახელზე შედგენილი სანოტარო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისა და შენობის ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჭ-მა და გ. ჭ-ი-ს-იძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის სადავო უძრავი ქონება იყო მათი მშობლების _ ბ. და ლ. ჭ-ის საერთო საკუთრება. ლ.ჭ-ი გარდაიცვალა 2002 წლის 2 დეკემბერს. 2006 წლის 13 ივლისს მ. ჭ-მა მიმართა წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-ს და მოითხოვა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღება. სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ, 2006 წლის 3 ნოემბერს, მ.ჭ-მა აღნიშნული ქონება აჩუქა თავის დას _ გ. ჭ-ი-ს-იძეს, რომელმაც სადავო ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით გამოარკვია, რომ აწ გარდაცვლილ ლ. ჭ-ს ჯ., მ. და გ. ჭ-ის გარდა ასევე ჰყავდა სხვა პირველი რიგის მემკვიდრე _ ლ. ჭ-ი, რომელიც რაიონულ სასამართლოს მხარედ საქმეში არ ჩაურთია, მაშინ, როდესაც ჯ.ჭ-ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ლ. ჭ-ის უფლებებსაც შეეხოს. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლ. ჭ-ი მოცემული საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ჭ-ი-ს-იძემ და მ. ჭ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლი, როდესაც გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა იმ მოტივით, რომ ლ. ჭ-ის ერთ-ერთი პირველი რიგის მემკვიდრე ლ. ჭ-ი საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა. ლ. ჭ-ის საქმის განხილვაზე მოწვევა არ მოუთხოვია არც ერთ მხარეს და არც თავად ლ.ჭ-ს, რომლისთვისაც ცნობილია მიმდინარე დავის თაობაზე, თუმცა სამკვიდროსთან დაკავშირებით მას რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. ამდენად, სააპელაციო სასამართლო გასცდა კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებს და მიიღო უკანონო განჩინება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ჯ. ჭ-ი გ. ჭ-ი-ს-იძესა და მ. ჭ-ს გადაუხდის 7000 (შვიდი ათას) ლარს, რის სანაცვლოდ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ლ. წ-ე-ჭ-ის დანაშთი მთელი სამკვიდრო _ წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრირებული 0,27 ჰა მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები აღირიცხოს ჯ. ჭ-ის სახელზე;

2. 7000 (შვიდი ათასი) ლარი გადახდილი იქნება შემდეგი თანმიმდევრობით: 1000 ლარი _ 2008 წლის 5 თებერვალს ქ.თბილისში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, 2000 ლარი გადახდეილი იქნება 2008 წლის 1 მარტამდე, რაც დადასტურდება სანოტარო წესით, 4000 ლარი კი დაიფარება 2008 წლის ივლისის ბოლომდე.

3. მ. ჭ-ს მიეკუთვნოს მოძრავი ქონება, კერძოდ: სამზარეულოს თეთრი კარადა, ორი ძველებული რკინის საწოლი, ორი ხის მაგიდა (ერთი _ ძველებური, მეორე _ ლაქიანი), ერთი ძველებური დივანი, ერთი ტანსაცმლის ლაქიანი კარადა, ორი ლეიბი, ერთი საბანი და ტანსაცმლის დასაკიდი.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ ჯ. ჭ-ის სარჩელის გამო მ. ჭ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების უფლების აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, ასევე მ. ჭ-ის შეგებებული სარჩელის გამო ჯ. ჭ-ის მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ჯ. ჭ-ი გ. ჭ-ი-ს-იძესა და მ. ჭ-ს გადაუხდის 7000 (შვიდი ათას) ლარს, რის სანაცვლოდ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ლ. წი-ე-ჭ-ის დანაშთი მთელი სამკვიდრო _ წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრირებული 0,27 ჰა მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები აღირიცხოს ჯ. ჭ-ის სახელზე;

2. 7000 (შვიდი ათასი) ლარი გადახდილი იქნება შემდეგი თანმიმდევრობით: 1000 ლარი _ 2008 წლის 5 თებერვალს ქ.თბილისში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, 2000 ლარი გადახდეილი იქნება 2008 წლის 1 მარტამდე, რაც დადასტურდება სანოტარო წესით, 4000 ლარი კი დაიფარება 2008 წლის ივლისის ბოლომდე.

3. მ. ჭ-ს მიეკუთვნოს მოძრავი ქონება, კერძოდ: სამზარეულოს თეთრი კარადა, ორი ძველებული რკინის საწოლი, ორი ხის მაგიდა (ერთი _ ძველებური, მეორე _ ლაქიანი), ერთი ძველებური დივანი, ერთი ტანსაცმლის ლაქიანი კარადა, ორი ლეიბი, ერთი საბანი და ტანსაცმლის დასაკიდი.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ჯ. ჭ-ის სარჩელის გამო მ. ჭ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების უფლების აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, ასევე მ. ჭ-ის შეგებებული სარჩელის გამო ჯ. ჭ-ის მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.