Facebook Twitter

ას-747-1114-06 29 მარტი, 2007 წ

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ .. ..“ გენერალური დირექტორი დ. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 4 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ვ. მ-მა მოპასუხე სს „ .. ..“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა სს „ .. ..“ რუსთავის ფილიალ „რ...ის“ სამმართველოში ჯერ უფროსად, ხოლო შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. მოპასუხე ორგანიზაციის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 3376,80 ლარს, რასაც მოპასუხე თავადაც აღიარებს. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მას ელექტროენერგიის საფასურში ჩაუთვალა 300 ლარი, ხოლო მეორედ – 144 ლარი და 26 თეთრი, თებერვალში კი გადაუხადა 200 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. მ-მა მოითხოვა სს „ .. ..“ მის სასარგებლოდ 3000 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სს „ .. ..“ არ უმუშავია და შესაბამისად კომპანიას მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვ. მ-ს უარი ეთქვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ის მუშაობდა სს „რ...ში“ .დირექტორად და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, რადგან აღნიშნული არ დადასტურდა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 30 იანვრის წერილით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ვ. მ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობები სახელფასო დავალიანების თაობაზე. ვინაიდან ისინი სასამართლოს აზრით გაცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და ამასთან ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

2006 წლის 2 მარტს ვ. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, როცა მის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემულად მიიჩნია. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არაა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სს „რ...ის“ დირექტორად, ხოლო შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ვ. მ-ის მუშაობის ფაქტი. შესაბამისად სს „ .. ..“ როგორც სს „რ...ის“ უფლებამონაცვლეს, ვ. მ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. რაც შეეხება სს „ .. ..“ ქვემო ქართლის ფილიალის ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემულ ცნობებს ვ. მ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის აზრით სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ეს ცნობები გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდენე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა. დაკმაყოფილდა ვ. მ-ის სარჩელი. სს „ .. ..“ ვ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 3.000 (სამი ათასი) ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. მ-ი მუშაობდა სს „რ...ში“ და ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლე სს „ .. ..“ მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება.

პალატა თვლის, რომ სს „ .. ..“ ქვემო ქართლის ფილიალის ფინანსური მენეჯერის მიერ 2005 წლის 22 დეკემბერს გაცემული ¹168\20 ცნობით დასტურდება, რომ ვ. მ-სადმი მოპასუხე ორგანიზაციის სახელფასო დავალიანება 2004 წლის 1 იანვრისათვის შეადგენდა 3644,26 ლარს.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ სს „ .. ..“ ქვემო ქართლის ფილიალის ფინანსური მენეჯერის მიერ 2005 წლის 22 დეკემბერს გაცემული ¹168\20 ცნობა არ ეწინააღმდეგება ამავე საზოგადოების ფინანსური მენეჯერის მიერ 2005 წლის 26 ოქტომბერს გაცემულ ¹69\20-5 ცნობას, ვინაიდან უფრო მოგვიანებით გაცემულ ცნობაში საბოლოოდაა დაკონკრეტული სახელფასო დავალიანების ოდენობა და იგი არის უფრო ნაკლები (3000 ლარი) ვიდრე წინა ცნობაში მითითებული თანხა და არა მეტი, როგორც ამას პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“ გენერალურმა დირექტორმა დ. უ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორის აზრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება მტკიცებულებას, კერძოდ, საგადასახადო დეპარტამენტიდან გაცემულ ცნობას, სადაც აღნიშნულია, რომ სს ,,რ...ის” საწარმოო რეესტრში ვ. მ-ი არ ყოფილა რეგისტრირებული არც დირექტორად და არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ვ. მ-ი როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხელფასს სთხოვს .. .. , მაშინ, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.6 მუხლის „ზ“ პუნქტს წყვეტს საერთო კრება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ფილიალის ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემული ცნობა ვალის აღიარებად, რითაც დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად საზოგადოების წარმომადგენლობით უფლებამოსილება ენიჭებათ დირექტორებს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ვ. მ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების თაობაზე ხანდაზმულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კრედიტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. მ-ი იყო ამავე .. .. ქვემო ქართლის ფილიალს თანამშრომელი. აღნიშნულ გარემოებას სასამართლო ადგენს სს „ .. ..“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს წერილზე დაყრდნობით. ვ. მ-ი თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მას ეკავა მოპასუხე ორგანიზაციაში გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობები. მითითებული ფაქტობრივი გარემოება კი შეუძლებელია დადგინდეს წერილის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად უნდა ეხელმძღვანელა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად გენერალური დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვინაობის მითითება აუცილებელი პირობაა საწარმოს რეგისტრაციისას. ამავე კანონის მე-56 მუხლის თანახმად ამ მონაცემის ცვლილება იწვევს სავალდებულო რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ის გარემოება, რომ აპელანტი მუშაობდა მის მიერ მითითებულ თანამდებობებზე შეუძლებელია დადასტურდეს სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებით.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო არ უთითებს თუ რა სამუშაოს ასრულებდა აპელანტი. პალატა კმაყოფილდება იმის მითითებით რომ იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოწინააღმდეგე მხარესთან, მაგრამ რა სამუშაოს ასრულებდა იგი სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის. შესაბამისად არ არის დადგენილი თუ რის ასანაზღაურებლად დააკისრა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა სააქციო საზოგადოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა უნდა დადგინდეს რა სახის სამუშაოს ასრულებდა იგი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდესკ.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.