Facebook Twitter

ას-748-1115-06 21 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების

შესრულება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ-მ 2004 წლის ივნისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სასესხო დავალიანების თანხის დაკისრება და ამ ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.ბათუმში ... ქ. ¹ 22-ში მდებარე სახლის რეალიზაცია აუქციონზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ. ნ-ს დაეკისრა 3236 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში, მათ შორის 2668 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა და 568 აშშ დოლარი საპროცენტო დანარიცხის გადახდა მ. გ-ის სასარგებლოდ; მ.ნ-სათვის დაკისრებული ვალის უზრუნველსაყოფად აუქციონის წესით იძულებითი გაყიდვა დადგინდა იპოთეკით დატვირთული მ.ნ-ის საკუთარი ბინის, მდებარე ქ.ბათუმში ... ქ. ¹22-ში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ის წარმომადგენელმა რ.ფ-მ.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება მ. ნ-სათვის მ. გ-ის სასარგებლოდ 3236 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მათ შორის 2668 აშშ დოლარის სესხის ძირითადი თანხისა და 568 აშშ დოლარის საპროცენტო დანარიცხის გადახდის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ნ-ს დაეკისრა მ. გ-ის სასარგებლოდ 4040 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ნ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. ნ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით 210 (ორას ათი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. ამავე პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ნ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბაჟის 210 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. ნ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის 210 (ორას ათი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 218-220); ამავე პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ნ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბაჟის სახით 210 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად; მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველი დარჩება (ს.ფ. 229-230).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე არაერთხელ გაეგზავნა მ. ნ-სა და მის წარმომადგენლებს; საკასაციო პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინების ასლი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე მ. ნ-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს – ი. ნ-ს ჩაბარდა 2007 წლის 30 აპრილს (ს.ფ. 249). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწონებინა 2007 წლის 7 მაისის ჩათვლით. მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.