Facebook Twitter

საქმე №474აპ-16 ქ. თბილისი

ა-ე ი, 474აპ-16 24 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილე ფ. ს-ისა და მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განაჩენით ი. ა-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, რამაც შთანთქა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. გაუქმდა მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

2. განაჩენით ი. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის მსჯავრდებულმა ი. ა-ემ 2015 წლის დეკემბერში ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მარიხუანა). 2016 წლის 4 იანვარს ნარკოლოგიური შემოწმებისას ი. ა-ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ფ. ს-ემ და მსჯავრდებულმა ი. ა-ემ.

4. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ა-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი (თავისუფლების აღკვეთა) სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა – სასჯელის სახით მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. პროკურორი ფ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ა-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. მსჯავრდებული ი. ა-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს ავადმყოფი დედა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის სახით მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას.

8. მსჯავრდებული ი. ა-ე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ეს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ა-ისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

4. ამასთან, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ამონაწერის თანახმად, ი. ა-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ს.ფ. 106). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ი. ა-ის სასიკეთოდ სასჯელის ნაწილში და ჯარიმის ნაცვლად მას განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

4. ი. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი. ა-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

5. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე