Facebook Twitter

№480აპ-16 თბილისი

ხ-ე პ. 480აპ-16 25 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გიორგი ხაჩიძის

ადვოკატ - ი. ი-ს

მსჯავრდებულ - პ. ხ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. ხ-ს ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით პ. ხ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ხ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 17 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 4 ივლისიდან იმავე წლის 29 ივლისის ჩათვლით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2015 წლის 29 ივლისიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

2. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა პ. ხ-მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 4 ივლისს პ. ხ-მ გადაწყვიტა, უკანონოდ გადაეკვეთა ..... რაიონში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ….. სამმართველოს (წითელი ხიდი) ….. სასაზღვრო სექტორის (…..) დასაცავ მონაკვეთზე გამავალი საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და გადასულიყო სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რა დროსაც დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. ხ-ს ადვოკატმა ი. ი-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ პ. ხ-ს გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ პ. ხ-ს ადვოკატის - ი.ი-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებული პ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ხ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 4 ივლისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. ხ-ს ადვოკატმა ი. ი-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ პ. ხ-ს გამართლება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ პ. ხ-ს ადვოკატმა ი. ი-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

8. მსჯავრდებულმა პ. ხ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ იგი არის უდანაშაულო, რადგან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია.

9. პროკურორი გიორგი ხაჩიძე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. ამასთან, აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია პ. ხ-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის განზრახვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და პ. ხ-ე გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა პ. ხ-მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 4 ივლისს პ. ხ-მ გადაწყვიტა, უკანონოდ გადაეკვეთა ..... რაიონში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ….. სამმართველოს (წითელი ხიდი) ….. სასაზღვრო სექტორის (…..) დასაცავ მონაკვეთზე გამავალი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და გადასულიყო სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რა დროსაც დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.

3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა შემდეგი:

· მოწმეების - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 4 ივლისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ….. სამმართველოს (წითელი ხიდი)…..სასაზღვრო სექტორზე პატრულირებისას, სასაზღვრო სექტორის მარჯვენა ფლანგზე შეამჩნიეს პირი, რომელიც საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მოძრაობდა. მათი დანახვისას მან ნაბიჯს აუჩქარა და სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადა. ამის მიუხედავად, მათ მოახერხეს მოქალაქის შეჩერება, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინა პ. ხ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, რის შემდეგაც გადაიყვანეს სასაზღვრო სექტორის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმეთა განმარტებით, მათ პ. ხ-ე შეაჩერეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 70-100 მეტრის მოშორებით, 500 - მეტრიან სასაზღვრო ზოლში, სადაც სპეციალური ნებართვის გარეშე მოქალაქის გადაადგილება აკრძალულია.

· მოწმე რ. ნ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2015 წლის 4 ივლისს იმყოფებოდა ….. რაიონში, სოფლის განაპირას მდებარე საძოვარზე და მწყემსავდა საქონელს. ამ დროს მასთან მივიდა უცნობი პირი და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მდინარეში შესვლა. მან განუმარტა, რომ არ შეიძლებოდა, რადგან იქ გადიოდა საქართველო - სომხეთის საზღვარი, რომელსაც ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. ასევე, ჰკითხა, შეეძლო თუ არა რაიმე სამსახურის შოვნა სოფელში, კერძოდ, შეშის დაჩეხვა, რაზედაც მწყემსმა უპასუხა, რომ სოფელში სამსახურს ვერ იშოვიდა, რადგან შეშის დაჩეხვის სეზონი იწყებოდა შემოდგომით. საუბრის დროს მათთან მივიდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უცნობს მოსთხოვეს პირადობის მოწმობა. უცნობმა მიაწოდა მათ მოწმობა, რის შემდეგაც ჩასვეს მანქანაში და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ამ დროს მდინარიდან (საზღვრიდან) 100-150 მეტრით იყვნენ დაშორებულები. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, მისთვის კარგადაა ცნობილი, თუ სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზი და როგორ უნდა გადაადგილდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამასთან, მოწმე რ. ნ-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პ. ხ-ს არ უკითხავს მისთვის თუ, სად გადიოდა სახელმწიფო საზღვარი, ასევე მესაზღვრეთა გადაადგილების მარშრუტისა და გრაფიკის შესახებ.

· მსჯავრდებულ პ. ხ-ს ჩვენების მიხედვით, მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ უცდია და ხსენებულ ტერიტორიაზე ეძებდა სამსახურს. ამასთან, მისთვის არც ის იყო ცნობილი, რომ იმყოფებოდა აკრძალულ 500 - მეტრიან სასაზღვრო ზოლში.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამასთან, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით. ამავე კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავსი დათქმაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლშიც - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

6. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

7. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე.

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.).

9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეების - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები საპირისპიროა თავად პ. ხ-სა და მოწმე რ. ნ-ს (…..) ჩვენებებისა, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები უთითებდნენ, რომ 2015 წლის 4 ივლისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ….. სამმართველოს (წითელი ხიდი) ….. სასაზღვრო სექტორზე პატრულირებისას, სასაზღვრო სექტორის მარჯვენა ფლანგზე შეამჩნიეს ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი (პ. ხ-ე) მოძრაობდა საქართველოდან სომხეთის მიმართულებით. მათი დანახვისას მან ნაბიჯს აუჩქარა და სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადა. პ. ხ-სა და მოწმე რ. ნ-ს ჩვენებებით კი ირკვევა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მათთან მივიდნენ საუბრის დროს.

10. საკასაციო პალატის აზრით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოწმე რ. ნ-მ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ პ. ხ-ს საუბრის დროს მისთვის არ უკითხავს, თუ სად გადიოდა სახელმწიფო საზღვარი, ასევე მესაზღვრეთა გადაადგილების მარშრუტისა და გრაფიკის შესახებ.

11. რაც შეხება საქმეში არსებულ კიდევ ერთ მტკიცებულებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად, პ. ხ-ს 2015 წლის 17 მაისსა და იმავე წლის 26 და 27 ივნისს ს.ს.კ.გ „სარფზე“, „სადახლოსა“ და „ნინოწმინდაზე“ უარი ეთქვა საქართველოდან გასვლაზე, - საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები არ შეიძლება გახდეს პ. ხ-ს ბრალეულობის დამტკიცებისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მით უმეტეს, იმავე ცნობით ირკვევა, რომ პ. ხ-ს მიერ 2013 - 2015 წლებში დაფიქსირდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კანონიერად კვეთის ფაქტები საკონტროლო - გამტარი პუნქტების ს.ს.კ.გ „სარფის“, ს.ს.კ.გ „სადახლოს“, ს.ს.კ.გ „ნინოწმინდის“, ს.ს.კ.გ „ცოდნისა“ და ს.ს.კ.გ „წითელი ხიდის“ გავლით.

12. საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებებით ირკვევა მხოლოდ ის, რომ პ. ხ-ე დაკავებისას იმყოფებოდა ….. რაიონის სოფელ სადახლოს ტერიტორიაზე, მდინარე ….. სიახლოვეს, საქართველო - სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 55 მეტრის დაშორებით - 500 -მეტრიან სასაზღვრო ზოლში, რაც, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებას, მით უმეტეს, რომ საქმის მასალებით (მათ შორის - დაკავებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით) არ დასტურდება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო რაიმე მინიშნება სასაზღვრო ზოლის შესახებ. შესაბამისად, პ. ხ-თვის შეუძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, დასაშვები იყო თუ არა იმ ადგილზე ყოფნა და დიდი ალბათობით მან მწყემს რ. ნ-სა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან საუბრისას გაიგო, რომ იმყოფებოდა აკრძალულ 500 - მეტრიან სასაზღვრო ზოლში, რასაც ადასტურებს თავისივე ჩვენებაში და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში. ამასვე ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დ. დ-ი, რომელმაც განმარტა, რომ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც დააკავეს პ. ხ-ე, არანაირი მინიშნება არ არის განთავსებული 500 - მეტრიანი სასაზღვრო ზოლის შესახებ, ხოლო იქ, სადაც მინიშნება არის განთავსებული, პ. ხ-ს, სავარაუდოდ, უნდა გაევლო და ენახა აღნიშნული. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 500 - მეტრიან სასაზღვრო ზოლში გადაადგილებით პ. ხ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, საქმეში არ არის ისეთი სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პ. ხ-ს ნამდვილად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის განზრახვა ჰქონდა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი ბრალდების ნაწილში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, კერძოდ - მოწმეთა ჩვენებები, ჩნდება ეჭვი, რომ პ. ხ-ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გადაწყდეს მსაჯავრდებულის სასარგებლოდ.

14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და პ. ხ-ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. ხ-ს ადვოკატის - ი. ი-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენი გაუქმდეს, პ. ხ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში;

3. გამართლებულ პ. ხ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პ. ხ-ე სასჯელს იხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის შესაბამისად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი