Facebook Twitter

#482აპ-16 ქ. თბილისი

ფ. მ-ნ, 482ap-16 25 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - რამაზ შავაძის

ადვოკატ - დ. ჯ-ის

მონაწილეობით განიხილა პროკურორ გიორგი გვარაკიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ფ-ეს, - დაბადებულს -ს, - ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ბრალდების სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2007 წლის დეკემბერში მ. ფ-ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, ზ-ის ს-თან მდებარე, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 366 080 ლარად ღირებული 3328 მ2 მიწის ნაკვეთი. დანაშაულის ჩადენაში მხილების თავიდან აცილების მიზნით, მან ჩანაფიქრი თავის მეგობარს, სოფელ ზ. ჯ-ს მკვიდრს, ი. ყ-ს გაანდო და შესთავაზა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ) საფუძველზე ხ-ის მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიისათვის განცხადებით სწორედ ამ უკანასკნელს მიემართა. დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების შემდეგ მ. ფ-ემ შეაგროვა კომისიაში წარსადგენი დოკუმენტები და ი. ყ-ს ხელი მოაწერინა 2007 წლის 21 დეკემბრით დათარიღებულ, ყალბი შინაარსის შემცველ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ი. ყ-ს კანონის ძალაში შესვლამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანებული მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც ითხოვდა ამ ქონების საკუთრებად აღიარებას.

3. ხ-ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა 2008 წლის 3 იანვრის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ი. ყ-ის საკუთრებად აღიარების შესახებ და იმავე წლის 3 იანვარს მის სახელზე გაიცა საკუთრების №-- მოწმობა. 2008 წლის 3 იანვარს მ. ფ-ემ და ი. ყ-მა საკუთების მოწმობა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, რის შემდეგაც ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი ი. ყ-ის საკუთრებად აღირიცხა, რითაც მათ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება. მ. ფ. არ გამორიცხავდა თავისი თაღლითური სქემის გამოაშკარავებას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას, რის გამოც, მიწის ნაკვეთის შენარჩუნების მიზნით, განიზრახა ორგანიზება გაეკეთებინა ახალი დანაშაულისათვის, კერძოდ, ი. ყ-სა და მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს შორის ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისათვის. ამ გზით იგი მიწის ნაკვეთის მყიდველის, თითქოსდა როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, სახელზე დაარეგისტრირებდა მიწას, რითაც თავიდან აიცილებდა ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას და იმავდროულად, მას ექნებოდა მისი განკარგვის საშუალება.

4. ამ დანაშაულის ჩადენაზე მ. ფ-ემ და ი. ყ-მა დაიყოლიეს მ. ფ-ის მეზობელი გ. დ. და 2008 წლის 13 მაისს დაბა ხ-ში, ა-ის №--ში მდებარე ნოტარიუს თ. ჩ-ს სანოტარო ბიუროში, ამ უკანასკნელსა და ი. ყ-ს შორის მ. ფ-ის ხელმძღვანელობით გაფორმდა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ფიქტიური ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. დ-ემ, თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, 733 824 (შვიდას ოცდაცამეტი ათას რვაას ოცდაოთხი) ლარად, რომელიც რეალურად არ გადაუხდია, ი. ყ-აგან შეიძინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 13 მაისს ყალბი შინაარსის შემცველი ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირებით ზემოთ აღნიშნული ქონება ფიქტიურ მესაკუთრეზე - გ. დ-ზე აღირიცხა.

5. 2008 წლის 23 ივნისს, იმავე მიზნითა და განზრახვით, მ. ფ-ემ კვლავ ორგანიზება გაუკეთა ანალოგიური დანაშაულის ჩადენას. მ. ფ-ემ მ. ფ-ეს გაანდო და შესთავაზა, რომ მას ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით თავის სახელზე გაეფორმებინა თაღლითური გზით დაუფლებული, სახელმწიფოს კუთვნილი, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი, რითაც თავიდან აიცილებდა ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას და იმავდროულად, მას ექნებოდა მისი განკარგვის საშუალება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში ყაზახეთის მოქალაქე მ. ფ-სა და გ. დ-ეს შორის გაფორმდა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ფიქტიური ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ფ-ემ თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, 735 824 ლარად, რომელიც რეალურად არ გადაუხდია, გ. დ-გან შეიძინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი. იმავე დღეს ყალბი შინაარსის შემცველი ფაქტიური ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირებით ზემოთ აღნიშნული ქონება ახალ ფიქტიურ მესაკუთრეზე - მ. ფ-ზე აღირიცხა.

6. 2007 წლის დეკემბერში მ. ფ-ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, ზ-ს ს-სთან მდებარე, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 242 900 ლარად ღირებული 3470 მ2 მიწის ნაკვეთი. დანაშაულის ჩადენაში მხილების თავიდან აცილების მიზნით, მან ჩანაფიქრი თავის ნათესავს, ქ. ბ-ის მკვიდრს, თ. კ-ს გაანდო და შესთავაზა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ) საფუძველზე ხ-ის მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიისათვის განცხადებით სწორედ ამ უკანასკნელს მიემართა. დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების შემდეგ მ. ფ-ემ შეაგროვა კომისიაში წარსადგენი დოკუმენტები და თ. კ-ის სახელით ხელი მოაწერა 2007 წლის 5 დეკემბრით დათარიღებულ, ყალბი შინაარსის შემცველ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თითქოსდა თ. კ-ეს კანონის ძალაში შესვლამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანებული მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც ითხოვდა ამ ქონების მის საკუთრებად აღიარებას.

7. ხ-ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა 2007 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთის თ. კ-ის საკუთრებად აღიარების შესახებ და იმავე წლის 20 დეკემბერს მის სახელზე გაიცა საკუთრების №-- მოწმობა. 2008 წლის 27 მარტს მ. ფ-ემ და თ. კ-ემ საკუთრების მოწმობა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, რის შემდეგაც ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთი თ. კ-ის საკუთრებად აღირიცხა, რითაც მათ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება. მ. ფ. არ გამორიცხავდა თავისი თაღლითური სქემის გამოაშკარავებას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას, რის გამოც, მიწის ნაკვეთის შენარჩუნების მიზნით, განიზრახა ორგანიზება გაეკეთებინა ახალი დანაშაულისათვის, კერძოდ, თ. კ-სა და მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს შორის ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისათვის. ამ გზით იგი მიწის ნაკვეთს მყიდველის, თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, სახელზე დაარეგისტრირებდა, რითაც თავიდან აიცილებდა ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას და იმავდროულად, ექნებოდა მისი განკარგვის საშუალება.

8. ამ დანაშაულის ჩადენის მიზნით, მ. ფ. ნაცნობს, ა. ა-ს დაუკავშირდა და 2008 წლის 4 აპრილს ამ უკანასკნელსა და ი. ყ-ს შორის მ. ფ-ის ხელმძღვანელობით გაფორმდა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ფიქტიური ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ა-მა თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, 496 210 (ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ორას ათი) ლარად, რაც რეალურად არ გადაუხდია, თ. კ-გან შეიძინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 4 აპრილს ყალბი შინაარსის შემცველი ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირებით ზემოთ აღნიშნული ქონება ფიქტიურ მესაკუთრეზე - ა. ა-ის სახელზე აღირიცხა.

9. 2008 წლის 23 ივნისს, იმავე მიზნითა და განზრახვით, მ. ფ-ემ კვლავ ორგანიზება გაუკეთა ანალოგიური დანაშაულის ჩადენას. მ. ფ-ემ მ. ფ-ეს გაანდო და შესთავაზა, რომ ამ უკანასკნელს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით თავის სახელზე გაეფორმებინა თაღლითური გზით დაუფლებული, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 3470 მ2 მიწის ნაკვეთი, რითაც თავიდან აიცილებდა ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას და იმავდროულად, ექნებოდა მისი განკარგვის საშუალება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ფ-ემ 2008 წლის 23 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში წარადგინა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადებული, ყალბი ფიქტიური ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ფ-ემ თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, 600000 ლარად ა. ა-საგან შეიძინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთი. სინამდვილეში ა. ა. ამ დროისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. იმავე დღეს ყალბი შინაარსის შემცველი ფიქტიური ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირებით,, ზემოთ აღნიშნული ქონება ახალ ფიქტიურ მესაკუთრეზე - მ. ფ-ზე აღირიცხა.

10. 2007 წლის დეკემბერში მ. ფ-ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 35 650 ლარად ღირებული 713 მ2 მიწის ნაკვეთი. ამ მიზნით მან შეაგროვა კომისიაში წარსადგენი დოკუმენტები, შეადგინა ყალბი შინაარსის შემცველი განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას კანონის ძალაში შესვლამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანებული მიწის ნაკვეთი და 2007 წლის 21 დეკემბერს აღნიშნული განცხადებით მიმართა ხ-ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ამ ქონების მის საკუთრებად აღიარება. ხ-ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა, ენდნენ რა წარდგენილ დოკუმენტაციას, 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთის მ. ფ-ეს საკუთრებად აღიარების შესახებ და იმავე წლის 21 დეკემბერს მის სახელზე გაიცა საკუთრების №-- მოწმობა.

11. 2008 წლის 24 დეკემბერს მ. ფ-ემ საკუთრების მოწმობა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, რის შემდეგაც ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად აღირიცხა, რითაც მან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება. მ. ფ. არ გამორიცხავდა თავისი თაღლითური სქემის გამოაშკარავებასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას, რის გამოც, მიწის ნაკვეთის შენარჩუნების მიზნით, განიზრახა ახალი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, გადაწყვიტა გაეფორმებინა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ამ გზით მიწის ნაკვეთს მყიდველის, თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, სახელზე დაარეგისტრირებდა, რითაც თავიდან აიცილებდა ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას და იმავდროულად, ექნებოდა მისი განკარგვის საშუალება. ამ დანაშაულის ჩადენაზე მ. ფ-ემ ისევ დაიყოლია ა. ა. და 2008 წლის 16 იანვარს დაბა ხ-ში, ა-ის ქ. №--ში მდებარე ნოტარიუს თ. ჩ-ს სანოტარო ბიუროში, ამ უკანასკნელსა და მ. ფ-ეს შორის გაფორმდა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ფიქტიური ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ა-მა თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, 75 256 ლარად, რაც რეალურად არ გადაუხდია, მ. ფ-გან შეიძინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთი.

12. 2008 წლის 17 იანვარს ყალბი შინაარსის შემცველი ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირებით ზემოთ აღნიშნული ქონება ფიქტიურ მესაკუთრეზე - ა. ა-ის სახელზე აღირიცხა. 2008 წლის 23 ივნისს, იმავე მიზნითა და განზრახვით, მ. ფ-ემ კვლავ ორგანიზება გაუკეთა ანალოგიური დანაშაულის ჩადენას. მ. ფ-ემ მ. ფ-ეს გაანდო და შესთავაზა, რომ მას ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით თავის სახელზე გაეფორმებინა თაღლითური გზით დაუფლებული, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 713 მ2 მიწის ნაკვეთი, რითაც თავიდან აიცილებდა ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებას და იმავდროულად, ექნებოდა მისი განკარგვის საშუალება. მ. ფ-ემ 2008 წლის 23 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში წარადგინა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადებული, ყალბი ფიქტიური ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ფ-ემ თითქოსდა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, 498 210 ლარად ა. ა-საგან შეიძინა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713მ2 მიწის ნაკვეთი. სინამდვილეში ა. ა. ამ დროისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. იმავე დღეს ყალბი შინაარსის შემცველი ფიქტიური ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, მაგრამ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ზემოთ აღნიშნული ქონება ფიქტიურ მესაკუთრეზე - მ. ფ-ზე ვერ აღირიცხა.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მ. ფ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მ. ფ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მ. ფ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

15. კასატორი - პროკურორი გიორგი გვარაკიძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა მ. ფ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები; სასამართლოში არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვისას ვინმეს მხრიდან რაიმე თანხის აღება-მიცემის თაობაზე და აღნიშნულზე მხოლოდ დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაშია საუბარი, რაც მტკიცებულებას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, საფუძვლად არ უნდა დასდებოდა განაჩენს; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მ. ფ. 2008 წლის 23 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში და ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთი ქონებრივი უფლებამოსილების ყალბი შინაარსის შემცველი ფიქტიური ხელშეკრულების მეშვეობით თავის საკუთრებად აღრიცხა; 2008 წლის 23 ივნისს მ. ფ-ემ სოფელ მეჯინისწყალში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთის ყალბი შინაარსის შემცველი ფიქტიური ხელშეკრულება წარადგინა იმავე სარეგისტრაციო სამსახურში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია; რაც შეეხება მ. ფ-ის ხელწერილისათვის გრაფიკული ექსპერტიზის ჩაუტარებლობასა და დასკვნის სასამართლოში წარუდგენლობას, აღნიშნულის მიზეზი მის მიერ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისთვის თავის არიდებაა. თუმცა, ამის მიუხედავად, მ. ფ-ის ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული წერილობითი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მ. ფ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

16. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

17. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ მ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მოუსმინა მხარეებს და დაასკვნა, რომ პროკურორ გიორგი გვარაკიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოწმე გ. დ-ის მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, მ. ფ-ეს იგი მხოლოდ ერთხელ შეხვდა, მასთან სხვა არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. გ. დ-ეს არანაირი ინტერესი არ ჰქონია მოცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი, მ. ფ-ის თხოვნით, ფიქტიურად იყო მასზე გაფორმებული და მ. ფ-ს თხოვნითვე გადაუფორმა მ. ფ-ეს. მას რაიმე სახის თანხა მ. ფ-გან არ აუღია, რადგან მიწის ნაკვეთი იყო მ. ფ-ის.

3. მოწმე ა. ა-ის მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, მ. ფ-ეს არ იცნობს და მას არასოდეს შეხვედრია. რაც შეეხება ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 და სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთებს, მ. ფ-ის თხოვნით, მასზე გაფორმებული იყო ფიქტიურად. მისთვის უცნობია, როგორ მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების სხვის სახელზე გადაფორმება, რადგან ხელშეკრულების დადების დღეს - 2008 წლის 23 ივნისს იმყოფებოდა ქ. ბაქოში და იმ დროის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა, რაც დასტურდება მისი პასპორტის მონაცემებით; არანაირ ხელშეკრულებაზე არ მოუწერია ხელი და ისიც კი არ იცის, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სად მდებარეობს.

4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოცემულ, კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში მ. ფ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ირგვლივ დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეში არსებული მ. ფ-ის, ი. ყ-ის და გ. დ-ის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენები, რომლებითაც დგინდება მხოლოდ მ. ფ-ის სახელზე ხსენებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მ. ფ-ის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ფიქტიური შინაარსის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გამოყენება.

6. პალატას მიაჩნია, რომ შინაარსობრივი სიყალბის დასადგენად რაიმე სახის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. თვით მ. ფ-ის ბრალდების დადგენილების თანახმად, ხსენებული მიწის ნაკვეთი მ. ფ-ეს ჰქონდა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული და შემდგომში მას სხვადასხვა პირზე ფიქტიურად აფორმებდა თვით მ. ფ.. მოწმე გ. დ-მაც დაადასტურა, რომ იგი მიწის ნაკვეთის ფიქტიური მფლობელი იყო და ის რეალურად ეკუთნოდა მ. ფ-ეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან მოწმე მ. ფ., ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი, ვისაც შეეძლო მიეცა განმარტებები, დაედასტურებინა ან უარეყო - ნამდვილად მოხდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვა მ. ფ-სა და მ. ფ-ეს შორის, თუ ის ფიქტიური იყო, შეიძლება ყოფილიყო მ. ფ..

7. რაც შეეხება გამართლებულ მ. ფ-თვის წარდგენილ ბრალდებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურში ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთსა და ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი ხელშეკრულების დამზადება-გამოყენების ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების - ა. ა-სა და თ. კ-ის ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, თუნდაც გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სახით, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ხელშეკრულებასა და განაცხადებზე მ. ფ-ის ხელმოწერას და ამ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში მის მიერ წარდგენას (გამოყენებას), კერძოდ:

8. მოწმე ა. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის სახელზე გაფორმებული ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 და ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთები მ. ფ-ის თხოვნით მასზე გაფორმებული იყო ფიქტიურად. მისთვის უცნობია, როგორ მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების სხვის სახელზე გადაფორმება, რადგან ხელშეკრულების დადების დღეს იმყოფებოდა ბაქოში და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე მას არ მოუწერია ხელი; ხოლო მ. ფ-ეს არ იცნობს და არც არასოდეს შეხვედრია.

9. მოწმე თ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და იმ დღეს ხ-ის რეესტრში ამ ხელშეკრულებაზე მან და ა. ა-მა მოაწერეს ხელი მ. ფ-ის თხოვნით ისე, რომ არც წაუკითხავთ რა ეწერა დოკუმენტში. რეალურად მას არც მიწა გაუყიდია, იმიტომ რომ არ ჰქონდა და არც ა. ა-ს მიუცია მისთვის ფული. თანხა მისთვის ამ მიწასთან დაკავშირებით არავის არ მიუცია; მისივე ჩვენებით, იგი მ. ფ-ეს არ იცნობს.

10. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ემყარება გამართლებულ მ. ფ-ის ინტერესების დამცველის დასკვნით სიტყვას და არა - სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევად უნდა ჩაითვალოს.

11. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დაცვის მხარემ მხოლოდ თავისი პოზიცია დააფიქსირა როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს და აღნიშნა, რომ მ. ფ-ემ ნამდვილად შეიძინა მ. ფ-გან ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც მ. ფ-ის განმარტებით, მას ვალების გამო გაფორმებული ჰქონდა სხვა პირზე. რაც შეეხება ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწისა და ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთებს, დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ამ მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მ. ფ-ეს ხელი არ მოუწერია და მათთვის უცნობია, ვინ გააყალბა მ. ფ-ის ხელმოწერები და ვინ გამოიყენა ისინი მ. ფ-ის სახელით. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევად.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

13. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ფ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზე არ არის. ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გამამართლებელი განაჩენი მ. ფ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ გიორგი გვარაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის განსხვავებული აზრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის 2017 წლის 25 იანვრის განაჩენზე გამართლებულ მ. ფ-ის მიმართ

1. მ. ფ-ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სრულად არ ვეთანხმები ჩემი კოლეგა მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავს ვალდებულად მივიჩნევ, დავრჩე განსხვავებულ აზრზე და წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი სამართლებლივი პოზიცია, კერძოდ:

2. საკასაციო პალატის ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ მ. ფ. უდანაშაულოა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში.

3. კოლეგების პოზიციას ვიზიარებ ბრალდების ორ ეპიზოდთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე 3470 მ2 მიწის ნაკვეთისა და ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 713 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდებზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მ. ფ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები.

4. რაც შეეხება ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდს, აღსანიშნავია შემდეგი:

5. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული. ასევე, სსსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება.

6. მიმაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდგოდ, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელია. განაჩენში სათანადოდ არ არის ასახული და შეფასებული ის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა საკმარისად მიმაჩნია მ. ფ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ:

7. მოწმე გ. დ-ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ. ფ-ეს იგი მხოლოდ ერთხელ შეხვდა, მასთან სხვა არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი, მ. ფ-ის თხოვნით, მასზე ფიქტიურად იყო გაფორმებული და მ. ფ-ის თხოვნითვე გადაუფორმა მ. ფ-ეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მან და მ. ფ-ემ საჯარო რეესტის შენობაში მოაწერეს ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც მ. ფ-ემ უთხრა: ,,თავისუფალი ხარ, აწი მე მივხედავ ჩემს საქმეს“. მოწმემ განმარტა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული გარემოება, თითქოს მან მიიღო თანხა მიწის ნაკვეთის გასხვისების სანაცვლოდ, არ შეესაბამება სიმართლეს.

8. მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2008 წლის 23 ივნისს საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს ხ-ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა პირმა - მ. ფ-ემ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებას თანდართული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთი; ამავე ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა - გ. დ-ემ მყიდველისგან - მ. ფ-გან მიიღო ქონების საფასური - 735 824 ლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ გამყიდველი გ. დ. და მყიდველი - მ. ფ..

9. მხარეთა მიერ ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ გ. დ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ 2008 წლის 23 ივნისს მან მ. ფ-ის მითითებით მ. ფ-თან გააფორმა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

10. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გ. დ-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მ. ფ-ის ხელმოწერის არსებობას და იმ ფაქტს, რომ მას დ-ისთვის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა არ გადაუხდია, არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიმაჩნია, რომ მ. ფ-ემ ჯგუფურად დაამზადა და გამოიყენა ყალბი (ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებიდან - მათ შორის კანონიერ ძალაში შესული განაჩენებიდან - გამომდინარე, ემსახურებოდა სახელმწიფოსგან თაღლითურად მიტაცებული მიწებისთვის კანონიერი სახის მიცემას) ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნასყიდობის ხელშეკრულება), რაც საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

12. ამდენად, გაუგებარია, თუ რას ეფუძნება გასაჩივრებული განაჩენისა და ჩემი კოლეგების პოზიცია მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ. შესაბამისად, ვერ დავეთანხმები მათ მოსაზრებას მ. ფ-ის უდანაშაულობის თაობაზე ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილია უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიუთითებს მ. ფ-ის ბრალეულობაზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ პროკურორ გიორგი გვარაკიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

§ მ. ფ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 ლარი.

§ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

მოსამართლე: გიორგი შავლიაშვილი

25.01.2017წ.