ას-75-421-07 19 მარტი 2007წ.
ქ . თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ .. ..“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2%-ის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის იანვარში ა. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ .. ..“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე; საზოგადოების კადრების აღმასრულებელი დირექტორის ¹1029/-კ; 2003 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით იგი გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან ა. შ-მ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების და ი. დ. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით 2003 წლის 25 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციის 2003 წლის 01 აგვისტოს ¹1029/-კ ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე. მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 3.850 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა ი. დ. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ბრძანების უკანონოდ ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 ივნისის განჩინებით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 1.400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით 2004 წლის 01 თებერვლიდან 2004 წლის 15 ივნისამდე.
მოსარჩელემ 2005 წლის იანვარში წარდგენილი სარჩელის მოთხოვნები დააზუსტა საქმის პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე და აღნიშნა, რომ მის სასარგებლოდ მოპასუხეს შპს „ .. ..“ უნდა დაეკისროს ხუთი თვის (2004 წლის 15 ივნისიდან - 11 ნოემბრამდე) ხელფასი (დასაბეგრი) 7.000 ლარის ოდენობით, ორი წლის გამოუყენებელი შვებულებიდან ერთი წლის შვებულების თანხა - 8.400 ლარის ოდენობით, მორალური ზიანის კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დაკისრებული თანხის 2%-ის და სასამართლოს ხარჯების მის სასარგებლოდ მოპასუხეზე დაკისრება.
მოპასუხემ - შპს „ .. ..“ სარჩელი არ სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მის სასარგებლოდ შპს „ .. ..“ დაეკისრა 2004 წლის 15 ივნისიდან 2004 წლის 11 ნოემბრამდე იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის გადახდა 6.813 ლარის დასაბეგრი) ოდენობით; კუთვნილი შვებულების ფულადი კომპენსაციის გადახდა 1.400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით.
არ დაკმაყოფილდა ა.შ-ის მოთხოვნა შპს „ .. ..“ მორალური ზიანის - 2.000 ლარის, სასამართლო ხარჯების და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2%-ის დაკისრების თაობაზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი.
პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე არ შეიძლება არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და404-ე მუხლების მოთხოვნები და ამ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად გამოიყენება შრომის კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის საწარმოზე პროცენტის გადახდის დაკისრებას; შესაბამისად, პალატამ მიიჩნია რომ ა. შ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-მ.
კასატორის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორია, ვინაიდან განჩინების გამოტანისას პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და პირიქით, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სსსკ-ის 393-ე მუხლი). კასატორის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ უარყო და დაარღვია მისი როგორც კრედიტორის, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლება კუთვნილი თანხის გადახდის დაგვიანებისთვის მოეთხოვა დებიტორს პროცენტის გადახდა და მოითხოვა გააუქმდეს სააპელაციო პალატის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.