Facebook Twitter

ას-755-1081-07 12 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. კ-ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. ზ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ჭ. ა-ეE (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. კ-მ და აღნიშნა, რომ ქ.ქუთაისში, დ. და ... ქუჩის პირველი ჩიხის ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება მის სახელზე, რომლის მომიჯნავედ ცხოვრობს ჭ. ა-ე და მისი მეუღლე ც. ჩ-ე. ისინი მისი ნებისა და საქალაქო საბჭოს ყოფილი აღმასკომის ნებართვის გარეშე დაეუფლნენ მიწის ნაკვეთს და მის მომიჯნავედ ააშენეს სათავსი, რომლიდანაც ჩამონადენი წყალი წლების მანძილზე აზიანებს მის სახლს. აღნიშნულის შესახებ მიმართა სათანადო ორგანოებს, რათა აღებულიყო უნებართვო ნაგებობა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. სახლის შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით, აუცილებელია დაინგრეს ნატეხი ქვით აგებული ავარიული საყრდენი კედელი, ასევე საყრდენი კედლის გასწვრივ არსებული ა-ების ავარიული დამხმარე სათავსი, რომელიც ხელს უშლის საყრდენი კედლის ბოლომდე მოწყობას. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა აღნიშნული უნებართვო ნაგებობის აღება მიტაცებული მიწის ნაკვეთზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. კ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით თ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. კ-ს წარმომადგენელმა ნ. ზ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო თ. კ-ს წარმომადგენელ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. კ-ს წარმომადგენელ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორსა და მის წარმომადგენელს ნ. ზ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას (ს.ფ. 190-191). განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელ ნ. ზ-ს გაეგზავნა 2007 წლის 5 ოქტომბერს (ს.ფ. 192-193); კასატორსა და მის წარმომადგენელ ნ. ზ-ს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ოქტომბერს (ს.ფ. 194-195); საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კასატორსა და მის წარმომადგენელს ნ. ზ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელ ნ. ზ-ს გაეგზავნა 2007 წლის 16 ოქტომბერს (ს.ფ. 200-201); კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 1 ნოემბერს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ. ზ-ს - 2007 წლის 18 ოქტომბერს (ს.ფ. 202, 207); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ს წარმომადგენელ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. კ-ს წარმომადგენელ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.