Facebook Twitter

¹ას-755-1122-06 22 იანვარი, 2007 წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 9 ნოემბერს ეკ. კ-მ, ე. და ჟ. ნ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ო. ე-ისა და ნ. კ-ის მიმართ, მესამე პირი ნოტარიუსი – ბ. ს-ე, და მიუთითეს, რომ 1952 წლიდან ცხოვრობენ .... ქუჩა ¹50-ის, ¹.... სამოთახიანი ბინის ორ ოთახში, ხოლო მესამე ოთახში 1956 წლიდან ცხოვრობდა თ. ე-ე, რომელიც გარდაიცვალა 2001 წელს. მის მემკვიდრესთან _ ო. ე-სთან არსებული შეთანხმებით, ოთახის გაყიდვის შემთხვევაში, მას მხოლოდ მოსარჩელეებისათვის უნდა მიეყიდა აღნიშნული ოთახი და არავითარ შემთხვევაში არ გაასხვისებდა გარეშე პირზე, მაგრამ მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ო. ე-მ ისე გაასხვისა ბინა, რომ მათ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, როდესაც ნ. კ-მ, რომელმაც შეისყიდა აღნიშნული ოთახი, მოინდომა კედლის ამოშენება საერთო საკუთრებაში არსებულ სველ წერტილებთან, რის გამოც მიაჩნიათ, რომ უხეშად დაირღვა მათი კანონიერი ინეტერსები ბინის უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკ. კ-მ, ეთ. და ჟ. ნ-ებმა მოითხოვეს ო. ე-სა და ნ. კ-ს შორის 2004 წლის 21 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ო. ე-ის დავალდებულება მათთან, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირებთან, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გაფორმებისა და მოპასუხე ნ. კ-ის გამოსახლება სადავო ოთახიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ეკ. კ-მ, ეთ. და ჟ. ნ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ თბილისში, .... ქ. ¹50-ში მდებარე, ¹.... ბინიდან, ორი ოთახი 1952 წლიდან დაკავებული ჰქონდათ მოსარჩელეებს, ხოლო მესამე ოთახში 1956 წლიდან ცხოვრობდა თ. ე-ე, რომლის სახელზე 1990 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა სადავო ოთახის პრივატიზება. ასევე დაადგინა, რომ ო. ე-მ, რომელიც თ. ე-ის კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა, 2004 წლის 21 ივნისს ნ. კ-სთან ნოტარიული წესით გააფორმა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში სადავო ბინა ო. ე-ის საკუთრებას წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი წილი საერთო საკუთრებაში ზუსტად იყო განსაზღვრული და მას შეეძლო თავისუფლად განეკარგა თავისი წილი მისი გასხვისებით.

საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 31 ივლისს, ეკ. კ-ის სახელზე თბილისში, ..... ქ. ¹50-ში მდებარე ¹.... ბინიდან ორი ოთახზე განხორციელდა პრივატიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ ო. ე-სა და ნ. კ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში ეკ. კ-ე ბინა ¹...-ის მესაკუთრე არ იყო და შესაბამისად, საერთო საკუთრებაში წილის უპირატესი შესყიდვის უფლება მასზე ვერ გავრცელდებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელეები სადავო ბინის დამქირავებლები იყვნენ და მათ ვერც ის ფაქტი დაადასტურეს, რომ ო. ე-სთან მიღწეული ჰქონდათ შეთანხმება სადავო ოთახის უპირატესი შესყიდვის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არც სახელშეკრულებო და არც სხვაგვარი ურთიერთობიდან არ დასტურდება სადავო ბინაზე მოსარჩელეთა უპირატესი შესყიდვის უფლება ეკ-სა და კ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ეკ. კ-მ, ეთ. და ჟ. ნ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოპასუხეების, ნ. კ-ისა და ო. ე-ის წარმომადგენელმა – გ. ც-მ წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ.ა ნ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე მხარის სასარგებლოდ ბინის მიყიდვის ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეკ. კ-ის, ეთ. და ჟ. ნ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.