Facebook Twitter

ას-756-1082-07 7 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 23 თებერვალს ბ. ლ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების შპს “ .. ..”-ისა და საქართველოს ... სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ და აღნიშნა, რომ შპს “ .. ..ში” მუშაობს უმცროს ...ად. ერთ-ერთი გამოძახების დროს ...ის მანქანა შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც მიიღო საწარმოო ტრავმა. ტრავმის მიღების დღიდან მკურნალობს და ღებულობს საჭირო მედიკამენტებს მისივე ხარჯებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებული მოთხოვნით მოსარჩელემ მოითხოვა შპს “ .. ..”-ისათვის მკურნალობისათვის და ოპერაციისათვის გაწეული თანხის დაკისრება 3131 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 88,61 ლარი შეადგენს მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებში გადახდილ თანხას. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს 2000,04 ლარის, მიუღებელი ხელფასის 983 ლარის, მორალური ზიანის 7000 ლარის, 5 თვის პენსიის 833,35 ლარის დაკისრება და სარჩოს დანიშვნა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “ .. ..” ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადად გადასახდელად 8546,21 ლარი და ყოველთვიურად სარჩოს გადახდა 166,67 ლარი 2007 წლის 11 სექტემბრამდე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმაზე პასუხისმგებელი პირი შპს “ .. ..”-ია, ვინაიდან უბედური შემთხვევის შესახებ აქტით დასტურდება, რომ მძღოლი _ რ. ტ-ე თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შპს “ .. ..”-ისათვის ბ. ლ-ის სასარგებლოდ ერთჯერადად გადასახდელი თანხის 8 546,21 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 256 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ .. ..” მის სასარგებლოდ დაეკისრა 6860,39 ლარი და სახელმწიფო ბაჟის 256 ლარის ნაცვლად გადახდა 191 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ დავას, მაგრამ დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი თანხათა ჯამი შეადგენს არა 8546,21 ლარს, არამედ 6860,39 ლარს, შესაბამისად, შეამცირა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ .. ..-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 343 ლარის) 70% _ 240 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.