საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-756-972-08 9 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ ნ. ო-იძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ქ. ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ბ-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ი. ლ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უნებართვო მშენებლობის აღკვეთა, უპროექტო ნაგებობების დანგრევა, თანასაკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ბ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ო-იძის მიმართ თანასაკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის, უნებართვო მშენებლობის აღკვეთისა და უპროექტო ნაგებობების დანგრევის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში, ლესელიძის ქ. ¹27\15-ში პირველ სართულზე მას, ხოლო მეორე სართულზე მოპასუხეს, საკუთრებაში აქვთ არასაცხოვრებელი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მისამართზე მდებარე ეზო არის მათი საერთო საკუთრება, მოპასუხემ იქ ააშენა უპროექტო, კანონით დადგენილი წესის გარეშე დამტკიცებული შენობა-ნაგებობები. ეზოში მოაწყო აუზი, კიბის ქვეშ აშენებს ყრუ კედელს, რითაც ზღუდავს მის უფლებებს. აღნიშნული ტერიტორია არის დედაქალაქის ისტორიული ნაწილი და მშენებლობა წარმოებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე. ამასთან, მოპასუხემ მთლიანად მიისაკუთრა საერთო საკუთრების ეზო, კარზე დაკიდა ბოქლომი, რომლის გასაღებიც მხოლოდ მას აქვს და ეზოში გაშვებული ჰყავს ძაღლი. მოპასუხის მიერ კიბის ქვეშ აშენებული ყრუ კედელი ფარავს მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფანჯრების ნაწილს, რაც ზღუდავს სინათლის შეღწევას და არღვევს ინსოლაციის ნორმებს, ასევე მოპასუხემ უნებართვოდ ააშენა კიბე და აივანი. მან გამოცვალა იატაკი, რაც მოსარჩელის ფართისათვის წარმოადგენს ჭერს. აღნიშნული იატაკი უხარისხოა და მოპასუხეს სამუშაოების ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის მიერ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბ. ბიწაძის სახელზე რიცხული სარდაფის საერთო სარგებლობის ფართად ცნობა, მოპასუხის მიერ თვითნებურად გაკეთებული ნაგებობის მოშლა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შემდეგი დასაბუთებით: 2001 წლის 13 მარტს ნ.ოქროპირიძემ შეიძინა ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹27\15-ში მდებარე 325,33 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ბ.ბიწაძის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო ეზო საერთო სარგებლობის ობიექტია. სარჩელზე დართული თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლის შესაბამისად, ბ. ბიწაძეს საკუთრებაში გადაცემული აქვს ლესელიძის ქ. ¹27\15-ში მდებარე 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის, 76 კვ.მ სარდაფი, თუმცა ფაქტობრივად ბ. ბიწაძეს მოპასუხესთან ერთად თანასაკუთრებაში სხვა მიწის ნაკვეთიც აქვს. ამდენად, სადავო ეზო ბ. ბიწაძეს არც სარგებლობის და არც საკუთრების უფლებით არ ეკუთვნის და მხოლოდ მის საკუთრებაში მყოფ ეზოზე ჭიშკრის გაკეთება მის ინტერესებს ვერ შელახავს. ბ.ბიწაძეს არ მიუღია მონაწილეობა სადავო ეზოს ჭიშკრის დაყენებაში, წყლის გაყვანასა და ეზოდან ნაგვის გატანაში, რაზეც მან თავის დროზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეზო არ ესაჭიროებოდა, მაგრამ შემდეგ დასუფთავებულ ეზოში გამავალი თავისი ფართის ერთი ფანჯრის ადგილას ჩააყენა კარები და მოიწყო გასასვლელი. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო კიბისა და აივნის მოშლის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული კონსტრუქციების აგებას რაიმე ნებართვა არ სჭირდებოდა, კიბეც და აივანიც არსებობდა და გათვალისწინებული იყო შენობის გეგმა-ნახაზით. ნ.ოქროპირიძემ ისინი მხოლოდ გაარემონტა. ნ.ოქროპირიძის კუთვნილი 323,33 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი მდებარეობს შენობის მეორე სართულზე. პირველ სართულზე კი ბ. ბიწაძის საკუთრებაშია 150 კვ.მ ფართი, სადაც მან მოანგრია მზიდი კედელი, გამოჭრა თაღოვანი კარები, ეზოს მხარეს გამავალი სამი ფანჯრიდან ერთი მოანგრია, კედელი გაადიდა და გადააკეთა კარებად, რითაც შეასუსტა კედლების მზიდუნარიანობა. ნ.ოქროპირიძის ფართის კედლებზე გაჩნდა ბზარები, რაც აზიანებს და საფრთხეს უქმნის მის საკუთრებას. აღნიშნულით ბ.ბიწაძემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ბ.ბიწაძის მიერ წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით არ დასტურდება რეგისტრირებული აქვს თუ არა მას უძრავი ქონება საჯარო რეესტრში სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად. საკუთრების მოწმობის გაცემისას, 1999 წლის 18 მარტს თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი ფუნქციონირებდა და ტექბიურო უფლებამოსილი არ იყო, განეხორციელებინა რეგისტრაცია. ამდენად, ბ.ბიწაძის საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის და მის მფლობელობაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი განხილულ უნდა იქნეს არა როგორც მისი საკუთრება, არამედ როგორც სარგებლობის უფლებით გადაცემული ფართი. 76 კვ.მ ფართის სარდაფი განთავსებულია მხარეთა მიერ დაკავებული ფართის ქვეშ და ამ ფართზე შეგებებული სარჩელის ავტორსაც აქვს პრეტენზია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ო-იძეს ნაწილობრივ აეკრძალა მოსარჩელისათვის ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹27/15-ში მდებარე ეზოთი სარგებლობაში ხელშეშლა, ასევე დაევალა ეზოში მოწყობილი აუზისა და კიბის ქვეშ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი, არ დაკმაყოფილდა ბ.ბიწაძის სარჩელი სადავო ეზოში არსებული კიბისა და აივნის დემონტაჟის ნაწილში, ნ.ოქროპირიძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინებით ნ.ოქროპირიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1999 წლის 19 მარტს ბ. ბ-აძის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც მას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹27\15-ში მდებარე 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის 76 კვ.მ სარდაფი, რომელიც ბ. ბ-აძისათვის საკუთრების უფლებით გადაცემული 150 კვ.მ მთლიანი არასაცხოვრებელი ფართის შემადგენელი ნაწილია. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (მათ შორის 76 კვ.მ სარდაფი) საკუთრების უფლებით გადასვლის შემდეგ, ბ. ბ-აძემ ნაწილ-ნაწილ გაყიდა, ხოლო შემდეგ ისევ გამოისყიდა. ამდენად, ბ. ბ-აძის კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართების შესახებ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ბ. ბ-აძის საკუთრებას წარმოადგენს ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹27\15-ში პირველ სართულზე მდებარე 75, 15, 15, 15 და 30 კვ.მ – ჯამში 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის სადავო 76 კვ.მ სარდაფი. ქ.თბილისში, ლესელიძის ქ. ¹27\15-ში მდებარე უძრავი ქონების მეორე სართულზე ნ. ოქროპირიძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება 325,33 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, ლესელიძის ქ.¹27\15-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია თანამესაკუთრეთა საერთო (წილობრივი) საკუთრების უფლება. ამდენად, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ეზო (მიწის ნაკვეთი) არის თანამესაკუთრეთა, მათ შორის, ბ. ბ-აძის საერთო საკუთრება. ნ. ო-იძემ ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. ¹27\15-ში მდებარე ეზოში მოაწყო ჭიშკარი, რომელიც დაკეტილი აქვს და ბ. ბ-აძეს არ აძლევს სარგებლობის უფლებას. საერთო საკუთრების ეზოში, თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მოპასუხემ ააგო აუზი, ხოლო მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ ამოაშენა კედლები და მოიწყო სათავსი, რომელიც განთავსებულია ბ. ბ-აძის კუთვნილი ფართის ფანჯრების წინ. კიბის ქვეშ არსებული ფართი არის ეზოს (საერთო საკუთრების) შემადგენელი ნაწილი. 2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის, 218-ე მუხლის მეორე ნაწილის, 219-ე და 220-ე მუხლების მიხედვით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. ო-იძე ვალდებულია, საერთო საკუთრებით სარგებლობისას არ შელახოს მესაკუთრეების ერთად ცხოვრების წესი და ზიანი არ მიყენოს მათ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი ეზოში მოწყობილი აუზის დემონტაჟის ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გამოარკვია, რეალურად ეს აუზი უშლიდა თუ არა ხელს ბ. ბ-აძეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მრავალბინიან სახლში საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია თუნდაც იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ ამ ნივთით სარგებლობით არ ილახება მეორე მესაკუთრის უფლება. რაც შეეხება ეზოთი სარგებლობის უფლებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბ. ბ-აძეს კანონით მინიჭებული აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება და არ შეიძლება შეიზღუდოს ამ უფლების განხორციელება, მიუხედავად იმისა, დავის წარმოშობამდე სარგებლობდა თუ არა მოსარჩელე საერთო საკუთრების ეზოთი. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ეზო თანამესაკუთრების ობიექტია და დაუშვებელია, ბ.ბიწაძეს მისით სარგებლობა აეკრძალოს. ასევე უსაფუძლოა ნ. ოქროპირიძის მოთხოვნა 76 კვ.მ სარდაფის საერთო სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო სარდაფი არის ბ. ბ-აძის ინდივიდუალური და არა ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა კედლების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ უსაფუძვლოა. პალატის მითითებით, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ემყარება იმ გარემოებებს, რომ ბ. ბ-აძემ მოანგრია მზიდი კედელი, გამოჭრა მასში თაღოვანი კარები, ეზოს მხარეზე გამავალი სამი ფანჯრიდან ერთი მოანგრია, კედელი გაადიდა, გადააკეთა კარებად, რითაც შეასუსტა კედლების მზიდუნარიანობა, ყოველივე ამის გამო კედლებზე გაჩნდა ბზარები, რაც აზიანებს და საფრთხეს უქმნის მის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹15\27-ში მდებარე ბ. ბ-აძის საკუთრებაში არსებულ ფართში ჩატარებულია შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, სადავო ფართში ადრე არსებული ტიხრები და ¹20, ¹21, ¹22, ¹23 ოთახებს შორის ადრე არსებული მზიდი კედელი დაშლილია და ოთახები გაერთიანებულია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ექსპერტის განმარტებაზე, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულს შეეძლო ხელი შეეწყო მეორე სართულის უკანა ნაპირა კედელზე არსებული ჰორიზონტალური ბზარების გაჩენაში, ასევე ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში არსებულ მითითებაზე, რომ პირველ სართულზე უკანა ნაპირა კედლის ახლოს დამონტაჟებულია დიდი გაბარიტის მქონე დანადგარი, რომელსაც შეეძლო ხელი შეეწყო შენობის მეორე სართულზე უკანა კედელზე არსებული ბზარების წარმოქმნაში. სასამართლოს მითითებით, ექსპერტი აღნიშნავს, რომ შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეძლო ხელი შეეწყო ბზარების გაჩენისათვის, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს აღნიშნულში კედლის ახლოს დამონტაჟებული დანადგარის მუშაობის შედეგად ვიბრაციის ზემოქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტის დასკვნით უტყუარად არ დგინდება, უშუალოდ შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად წარმოიქმნა თუ არა მეორე სართულის უკანა კედელზე არსებული ბზარები, ვინაიდან, დასკვნის შესაბამისად, აღნიშნულის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც (ვიბრაცია), შესაბამისად, დასკვნა სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ნ. ო-იძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მხარეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მან არასათანადოდ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომლის მონაცემთა უტყუარობასაც სასამართლო ეყრდნობა, რეგისტრირებულია მხოლოდ შენობაზე საკუთრების უფლება და საკუთრების გრაფის ¹44/1 ნიშნავს ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹27/15-ში არსებული ნოგებობების რეგისტრაციას. აღნიშნული იმით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო კოდი “1” ეკუთვნის მხოლოდ ბინებს, ხოლო მიწის ნაკვეთი განისაზღვრება კოდით “7”, ამდენად, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნომერი შეიძლება იყოს 44/7. ასეთი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. სადავო მიწის ფართობად მითითებულია 1032 კვ.მ, რომელიც დაუზუსტებელია და სათანადო საკადასტრო რუკა არ ერთვის. ამასთან, ამავე მისამართზე მცხოვრები სხვა პირებისათვის გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში სადავო ეზოს ფართად მითითებულია 1766 კვ.მ. ამდენად, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ლესელიძის ქ.¹25/15-ში მდებარე შენობა-ნაგებობები თანამესაკუთრეთა საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლო მრავალბინიან სახლებში საკუთრების უფლებას ბინაზე და არასაცხოვრებელ ფართზე ასაბუთებს სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 219-ე და 220-ე მუხლებზე დაყრდნობით. აღნიშნული ნორმების ნაცვლად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში ბინაზე და არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია, თუმცა ეზოზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რა ფართის ეზო აქვს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ნაგებობებს და ხელს უშლის თუ არა ნ.ოქროპირიძე ბ.ბიწაძეს ამ ეზოთი სარგებლობაში. აღნიშნული დავის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. სასამართლომ არასწორად შეაფასა სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა ბ.ბიწაძის მიერ მზიდი კედლების შესუსტების შედეგად კასატორის ბინისათვის მიყენებულ ზიანს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ო-იძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ ნ.ოქროპირიძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება ნ.ოქროპირიძის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატას საქმის განხილვისას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹27/15-ში მდებარე ეზოზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ასევე არ გამოურკვევია, თუ რა ფართის ეზო აქვს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ნაგებობებს და ხელს უშლის თუ არა ნ.ოქროპირიძე ბ.ბიწაძეს ამ ეზოთი სარგებლობაში.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, ლესელიძის ქ.¹27\15-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია თანამესაკუთრეთა საერთო (წილობრივი) საკუთრების უფლება. ამდენად, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ეზო (მიწის ნაკვეთი) არის თანამესაკუთრეთა, მათ შორის, ბ. ბ-აძის საერთო საკუთრება. ნ. ო-იძემ ქ.თბილისში, ლესელიძის ქ. ¹27\15-ში მდებარე ეზოში მოაწყო ჭიშკარი, რომელიც დაკეტილი აქვს და ბ. ბ-აძეს არ აძლევს სარგებლობის უფლებას. საერთო საკუთრების ეზოში, თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მოპასუხემ ააგო აუზი, ხოლო მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ ამოაშენა კედლები და მოიწყო სათავსი, რომელიც განთავსებულია ბ. ბ-აძის კუთვნილი ფართის ფანჯრების წინ.
იზიარებს რა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულების _ საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სწორად მიიჩნია სადავო ეზო მხარეთა საერთო საკუთრებად, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 219-ე და 220-ე მუხლებზე დაყრდნობით, ნ.ოქროპირიძის მიერ ბ.ბიწაძის ნებართვის გარეშე აღნიშნულ ეზოში შემავალი ჭიშკრის მოწყობა, მისი ჩაკეტვა, შიგნით აუზის აგება და სხვა ბ. ბ-აძის უფლებების დარღვევად მართებულად ჩათვალა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა ზემოხსენებული ნორმები, ვინაიდან მათი მეშვეობით რეგულირდება სწორედ საერთო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის წესი და პირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს ამავე სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად და არასათანადოდ გამოკვლევა და დადგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მითითებული ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას გულდასმით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა სადავო გარემოების არსებობისა თუ არარსებობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი ბ.ბიწაძის კუთვნილი სადავო უძრავი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ნაწილში ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოუკვლევია, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. დასახლებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის გამოყენებით შეიძლება დადგინდეს, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ ექსპერტის დასკვნის შეფასებასთან მიმართებით კასატორს წარმოდგენილი აქვს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან გასაჩივრებულ განჩინებაში პალატა უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მეორე სართულის უკანა კედელზე არსებული სადავო ბზარები შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე სხვა მიზეზითაც, კერძოდ, ვიბრაციით. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 25 იანვრის ¹5882/15 დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი უთითებს ნ. ო-ის წარმომადგენლის მოსაზრებაზე, რომ სადავო დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ასევე შენობის პირველ სართულზე დამონტაჟებული დიდი გაბარიტების მქონე დანადგარის მუშობის შედეგად ვიბრაციით, თუმცა დასკვნით ნაწილში ექსპერტიზა აღნიშნულ განმარტებას არ ეყრდნობა და ასკვნის, რომ ქ.თბილისში, ლესელიძის ქ.¹15/27-ში მდებარე ბ. ბ-აძის საკუთრებაში არსებულ ფართში ჩატარებულია შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ზემოაღნიშნულ ფართში ადრე არსებული ტიხრები და აგრეთვე ¹20, ¹21, ¹22 და ¹23 ოთარებს შორის ადრე არსებული მზიდი კედელი დაშლილია და ოთახები გაერთიანებულია. ყოველივე ზემოხსენებულს შეეძლო ხელი შეეწყო მეორე სართულის უკანა ნაპირა კედელზე არსებული ჰორიზონტალური ბზარების გაჩენისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, როდესაც მის კვლევით ნაწილში ასახული მხარის მოსაზრება ექსპერტის დასკვნად ჩათვალა. შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მითითება კედელზე არსებული ბზარების წარმოშობის მიზეზებზე არ ეფუძნება სასამართლოს მიერვე მითითებულ მტკიცებულებას _ ექსპერტის დასკვნას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს, რეალურად მიადგა თუ არა ნ.ოქროპირიძის კუთვნილ უძრავ ქონებას ზიანი ბ.ბიწაძის ქმედებების შედეგად და არსებობს თუ არა ბ.ბიწაძის კუთვნილი ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ო-იძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინება შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ ნ. ო-იძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.