საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-758-1084--07 30 აპრილი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ზ. გ-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი -- ვ. ხ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქედის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ინ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 4 ოქტომბერს ქედის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. გ-აძემ, მოპასუხედ დაასახელდა წვენების ქარხანა „ქედური“ და აჭარის ა/რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და მოითხოვა 25000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის მაისის თვეში ქედის რაიონის გამგებელმა ჯემალ გვარიშვილმა ქედის რაიონის სოფ. მახუნცეთში დაიწყო წვენების ქარხნის, ამჟამინდელი „ქედურის“ მშენებლობა, იმ დროისათვის და დღესაც ზ. გათენაძე არის შპს „ქედურის“ საკონსერვო ქარხნის დირექტორი. 2003 წლის მაისის თვეში ჯ. გვარიშვილმა დაავალა პირადად ეხელმძღვანელა მშენებლობის პერიოდში ტექნოლოგიური ხაზების დამონტაჟებისა და სამუშაოს შესრულებისათვის, რისთვისაც მიიღებდა სათანადო გასამრჯელოს.
2003 წლის 9 მაისს დაიწყო მუშაობა, მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ტექნოლოგიური ხაზების მონტაჟი, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 4-5 თვის განმავლობაში ყოველდღე დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე გრძელდებოდა სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც 2003 წლის 20 სექტემბერს ქარხანაში მიღებული იქნა პირველი ნედლეული და იქ ნაწარმოები პროდუქციისაგან 40 000 ლარის შემოსავალი.
ქარხნის მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, 2003 წლის დეკემბერში რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ჯემალ გვარიშვილი, ხოლო ახლად დანიშნული გამგებლის მითითებით ქარხის ქონებაზე დაფუძნებული იქნა შპს „ქედური“, რომლის დირექტორადაც დაინიშნა ზ. გათენაძე, მაგრამ განემარტა, რომ ხარჯების ანაზღაურების მიზნით მიემართა სასამართლოსთვის.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე მითითებით ზ.გათენაძემ მოითხოვა ხარჯების 25000 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
აჭარის ა/რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო და იმავდროულად მათი მხარე არასათანადო მოპასუხედ მიიჩნიეს.
შპს „ქედურის“ წარმომადგენელმა სცნო სარჩელი.
ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ.გათენაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ქედურას“ დაეკისრა ზ.გათენაძის სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ აჭარის ა/რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ზ.გათენაძის სარჩელზე უარის თქმა.
Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ქედის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. გ-აძის სარჩელი ქედის გამგეობის მიმართ 20000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქედის რაიონის გამგეობის 2003 წლის 15 მაისის ¹58 განკარგულებით ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთის ტერიტორიაზე ახალი წვენების ქარხნის დროულად და ხარისხიანად აშენების მიზნით ქარხნის მშენებლობის პროცესში ტექნოლოგიური დანადგარების განლაგების მონტაჟის და საერთოდ მშენებლობის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ზომების მიღებაზე პასუხისმგებლობა დაევალა ზ. გ-აძეს.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქარხნის მშენებლობაზე ქედის რაიონის გამგეობის მიერ გამოყოფილი იქნა 130176 ლარი.
პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დავალების ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისადაც ზ.გათენაძემ იკისრა ვალდებულება ქედის წვენების ქარხნის მშენებლობის პროცესის დაჩქარებისათვის შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები, ხოლო ქედის რაიონის გამგეობა იღებდა ვალდებულებას გაეცა საჭირო თანხები.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ გამგეობის განკარგულებით, რომელიც თავისი შინაარსით დავალების ხელშეკრულებას წარმოადგენდა, ზ.გათენაძეს უფლება ჰქონდა წვენების ქარხნის დროულად და ხარისხიანად აშენების მიზნით ქარხნის მშენებლობის პროცესში ტექნოლოგიური დანადგარების განლაგების, მონტაჟის და საერთოდ მშენებლობის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ზომები მიეღო დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის, ან მისთვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში და ამ დავალებისაგან გადახვევის შემთხვევაში წინასწარ ეცნობებინა ქედის გამგეობისათვის.
პალატამ განმარტა, რომ მართალია შპს „აჭარსპეცპროექტის“ მიერ 2006 წელს შედგენილი ხარჯთაღრიცხვით შეფასებული იქნა „ქედურას“ წვენების ქარხნის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 171070 ლარით, მაგრამ როგორც მითითებული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, გაანგარიშება შედგენილია 2006 წლის ფასებით, რის გამოც შეუძლებელია დადგენილი იყოს 2003 წლის მდგომარეობით შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-აძემ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო ინსტანციის მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს
კასატორის აზრით, უდავოდ დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ წვენების ქარხნის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ არ იყო შედგენილი და დამტკიცებული პროექტი, მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა, ქარხნის მშენებლობა იმ დროს არსებული მდგომარეობის გამო გადაწყდა მოულოდნელად და მშენებლობაც დაიწყო სტიქიურად, როგორც ცნობილია, მშენებლობის დაწყებისათვის გარკვეული პროცედურები იყო საჭირო, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა, კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთი მოთხოვნები დაცული არ ყოფილა და იმის გამო, რომ ქარხნის მშენებლობაზე არ იყო დაცული სათანადო სამშენებლო პროცედურები, არ იყო გაკეთებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რაიონის ხელმძღვანელობამ თავისი 2003 წლის 15 მაისის განკარგულებით დაავალა მას ქარხნის მშენებლობის პროცესში ტექნოლოგიური დანადგარების განლაგების, მონტაჟის და საერთოდ მშენებლობის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ზომების მიღებაზე პასუხისმგებლობა. უფრო მეტიც მას დაევალა ყველა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, რაც პრაქტიკულად იყო ხორციელებული. არასწორია შეფასება თითქოს მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა 2003 წელს იქნა დამტკიცებული, რადგანაც დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა შედგენილია ქარხნის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, 2004 წელს, ასეე დადგენილია, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა მის მიერ შედგენილი პროექტებით და საბოლოოდ მის მიერ სპეციალისტების დახმარებით შედგენილია ქარხნის პროექტი, რასაც მოპასუხე მხარე ვერ უარყოფს და ადასტურებს და მათ ვერც პროექტი და ვერც ხარჯთაღრიცხვა ვერ წარმოადგინეს.
ასევე კასატორის აზრით, არასწორია პალატის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ხარჯთაღრიცხვით ქარხნის მშენებლობაზე გამგეობის მიერ გამოყოფილი იყო 130 176 ლარი, ქარხნის მშენებლობაზე წინასწარ რაიმე თანხა გამოყოფილი და გათვალისწინებული არ ყოფილა, თანხების გამოყოფა ხდებოდა სტიქიურად. დაახლოებით შესრულებული სამუშაოების და საჭიროების მიხედვით, ყველა დოკუმენტი და არასრული ხარჯთაღრიცხვა შედგენილია ქარხნის მშენებლობის დამთავრების შემდეგ და არასრულ საქმეზე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით მშენებლობაზე გახარჯული 113 956 ლარი, და არა 130 176 ლარი, რასაც პალატა მიუთითებს, აღნიშნული სხვაობა არის ქარხნის მიერ მიღებული, ხილის შეძენაზე გამოყოფილი თანხები.
კასატორის განმარტებით, შპს „აჭარსპეცპროექტის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით შპს „ქედურის“ შესრულებული სამუშაოები შეფასებულია 2006 წლის ფასებით, რადგანაც მართლაც დასახელებული ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია, როგორც 2006 წლის ფასებით, ისე 2003 წლის პირველი კვარტლის ფასებით და პალატა, რომ დაინტერესებულიყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით - ნახავდა, რომ შესრულებულ სამუშაოთა 80% შეფასებულია 2003 წლის I კვარტალში მოქმედი ფასებით და ასეთი მითითება სარჩელში უარის თქმის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო. კასატორის აზრით მათ მიერ წარდგენილი ორი ხარჯთაღრიცხვის შედარებით კარგად ჩანს, რომ ადრე შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არ ასახავს მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების მთლიან სურათს და იგი მართლაც შედგენილია არასრულყოფილად და ნაჩქარევად, იმ მიზნით, რომ მომხარიყო ქარხნის რეგისტრაცია და შპს „ქედურის“ დაფუძნება, და იგი შედგენილი იყო მხოლოდ გამგეობის მიერ გაცემული თანხების მიხედვით, რაც ქარხნის მშენებლობაზე ფაქტიურად გაწეული მუშაობის რეალურ სურათს არ ასახავს.
ასევე კასატორის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა ასევე მის მიერ წარდგენილ ცნობას, რითაც დასტურდება, რომ ქარხნის მშენებლობაზე მან გახარჯა 4 420 ლარის საწვავი და თანხები, რომლებიც მან გადაიხადა ხელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მიერ მიცემული განმარტებით დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წვენების ქარხნის მშენებლობაზე ზ.გათენაძემ პირადი ხარჯებით შეასრულა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მაგრამ სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება 2003 წლისთვის გამგეობის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისაგან განსხვავებით ზ.გათენაძის მიერ პირადი ხარჯებით კონკრეტულად რა ღირებულების და რა დასახელების სამუშაოები იქნა ჩატარებული და არსებობდა თუ არა დავალების მიმცემი გამგეობის თანხმობა და ქარხნის პროექტი შედგენილია თუ არა ზ.გათენაძის მიერ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ასეთი მსჯელობა წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ზ.გათენაძის მიერ პირადი ხარჯებით სამუშაოთა შესრულების ფაქტს, მაგრამ მეორე მხრივ, უთითებს ასეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის თაობაზე, მხოლოდ აპელანტის განმარტება არ შეიძლება უპირობოდ იქნეს გაზიარებული თუ არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან. ასეთ შემთხვევაში აპელანტის მითითებული გარემოებები უნდა შეფასდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, რაც სასამართლოს მიერ არ შესრულებულა. სასამართლოს უნდა გამოეკვლია თუ კონკრეტულად რა სამუშაოები შეასრულა აპელანტმა, არის თუ არა ეს სამუშაოები მითითებული ხარჯთაღრიცხვაში და თუ შესრულებულია, მაგრამ არ არის ანაზღაურებული, მაშინ უნდა მიეთითოს სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელიც იძლევა მისი დაკმაყოფილების საშუალებას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კასატორი უთითებს ზოგიერთ სამუშაოებთან დაკავშირებით (მაგ. პროექტის თაობაზე) მოწმეთა ჩვენებებზე,სასამართლოს კი აღნიშნული მტკიცებულებების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.
გარდა ამისა, არასწორია სასამართლოს მიერ მითითება იმის თაობაზეც, რომ შპს „აჭარსპეცპროექტის“ მიერ 2006 წელს შედგენილი ხარჯთაღრიცხვით შეფასებული იქნა შპს „ქედურას“ წვენების ქარხნის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 71070 ლარით,მაგრამროგორც
მითითებული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, გაანგარიშება შედგენილია 2006 წლის ფასები. წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზი ცხადყოფს, რომ (აღნიშნული მითითებულია კასატორის მიერაც) შპს „ქედურას“ წვენების ქარხნის მთავარი საამქროს შენობა შეფასებულია 2003 წლის I კვარტლის ფასებში, იგივე შეიძლება ითქვას ქარხნის ადმინისტრაციული შენობის შეფასებაზე და ა.შ. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული მტკიცებულება შეფასებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია ანუ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რის გამოც სააპელაციო გადაწყვეტილება ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს და ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს რა სამუშაოები შესრულდა გათენაძის მიერ, ასახულია თუ არა ეს სამუშაოები ხარჯთაღრიცხვაში და თუ არ არის, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე უნდა იმსჯელოს ასეთი შესრულების ნამდვილობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-აძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.