#497აპ.-16 ქ. თბილისი
ც-ა მ-497ap.-16 25 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ნ. კ-სა და ე. ქ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ც-ას, ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1.1. მ. ც-ა თ-ის მუნიციპალიტეტის -ის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №141 ბრძანებით დაინიშნა -ის რაიონის გამგებლის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2015 წლის 20 თებერვლის №136 ბრძანებით - -ის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე და იყო საჯარო მოხელე. -ის რაიონის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №--ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 23 თებერვლიდან 2015 წლის 16 მარტის ჩათვლით, მ. ც-ა დროებით ასრულებდა თ-ის მუნიციპალიტეტის -ის რაიონის გამგებლის მოვალეობას.
1.2. 2015 წლის 12 მარტს მ. ც-ამ მოქალაქე ნ. ჯ-ას ქრთამის სახით მოსთხოვა 3000 ევრო და დაჰპირდა თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით თ-ის მუნიციპალიტეტის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებაში დახმარებას. აღნიშნულის სანაცვლოდ, 2015 წლის 18 მარტს თ-ში, მ. თ-ის ქუჩაზე მდებარე -ის რაიონის გამგეობის შენობაში, მ. ც-ამ ნ. ჯ-ასგან ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 2000 ევრო, ხოლო 2015 წლის 19 მარტს თ-ში, -ას გამზირზე, გამოართვა დანარჩენი თანხის ნაწილი - 1000 ევრო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით მ. ც-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 19 მარტიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით პროკურორ ირაკლი მარშანიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ მ. ც-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ-ასა და ე. ქ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2015 წლის 19 მარტიდან.
4. კასატორები: მსჯავრდებული მ. ც-ა და მისი ინტერესების დამცველები, ადვოკატები - ნ. კ-ია და ე. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ც-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით: მ. ც-ამ ნ. ჯ-ას მოსთხოვა თანხა სესხის სახით და მას უკანონო მოთხოვნა არ ჰქონია; მ. ც-ას მიმართ ჩაიდინეს დანაშაულის პროვოკაცია; დაზარალებულის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი ქრთამის დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ არის, ვინაიდან სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ კონკრეტულად, როგორ და ვის მიმართ უნდა გამოეყენებინა თანამდებობრივი ავტორიტეტი მ. ც-ას; დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადასტურებულად მიაჩნია, რომ საჯარო მოხელე მ. ც-ამ 2015 წლის 12 მარტს მოქალაქე ნ. ჯ-ას მოსთხოვა 3000 ევრო თ-ის მუნიციპალიტეტის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებაში დახმარების სანაცვლოდ. 2015 წლის 18 მარტს თ-ში, თ-ის ქუჩაზე მდებარე -ის რაიონის გამგეობის შენობაში, მ. ც-ამ ნ. ჯ-ასგან მიიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 2000 ევრო, ხოლო 2015 წლის 19 მარტს თ-ში, -ას გამზირზე, გამოართვა დანარჩენი თანხა - 1000 ევრო.
3. საკასაციო პალატას აღნიშნული დასკვნის საფუძველს აძლევს საქმეში არსებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ:
3.1. თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის -ის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის - მ. გ-ის წერილიდან ირკვევა, რომ თ-ის მუნიციპალიტეტის -ის რაიონის გამგებლის მოადგილე მ. ც-ა დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 2014 წლის 6 ოქტომბრის #--- ბრძანებით. კონკურსის შედეგად 2015 წლის 20 თებერვლის #--- ბრძანებით იგი 3 - თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. ასევე, იგი დროებით ასრულებდა გამგებლის მოვალეობას 2015 წლის 23 თებერვლიდან გამგებლის - გ. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2015 წლის 16 მარტის ჩათვლით, გამგებლის - ლ. ა-ის დანიშვნამდე.
3.2. მოწმე ნ. ჯ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ც-ას იცნობს დიდი ხანია. როდესაც მ. ც-ა დაინიშნა გამგებლის მოადგილედ, ძალიან გაუხარდა, დაურეკა და მასთან მისალოცადაც მივიდა სამსახურში, რა დროსაც უთხრა, რომ ისიც არ დავიწყებოდა და სთხოვა დასაქმება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მ. ც-ამ თავად დაურეკა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რის გამოც იგი მარტში ორჯერ შეხვდა მ. ც-ას მის სამუშაო ოთახში. შეხვედრისას მ. ც-ა დაჰპირდა დასაქმებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ მერიაში ან გამგეობაში, ძირითადად -მერიის რომელიმე სამსახურში, სადაც ჰყავდა მაღალჩინოსანი ახლობლები და გააჩნდა მათთან ახლობლური ურთიერთობები. მ. ც-ას კონკრეტული თანამდებობა, რომელიმე დეპარტამენტი, განყოფილება ან სამმართველო არ დაუსახელებია. მან საუბრისას ახსენა ვიღაც ქალი, რომელიც მისი ახლობელი იყო და ნ. ჯ-ას განუცხადა, რომ მის დასაქმებაზე პრობლემა არ იქნებოდა. დასაქმების სანაცვლოდ მ. ც-ა ითხოვდა 5000 ევროს, თუმცა საბოლოდ შეთანხმდნენ 3000 ევროზე. შეხვედრისას მ-ამ იგი გაიყვანა სამუშაო კაბინეტიდან, ჩაიყვანა სასაუბროდ გამგეობის უკან მიმდინარე მშენებლობასთან, სადაც იყო ხმაური, სთხოვდა ჩუმად საუბარს იმ საბაბით, რომ მას უსმენდნენ. შეთანხმდნენ, რომ როდესაც ნ. ჯ-ია თანხას იშოვიდა, უნდა დაერეკა მისთვის და ქვეტექსტით ეკითხა, რომ CV-ებში შესწორება შეტანილი ჰქონდა და როდის მიეტანა ისინი, რაც ნიშნავდა იმას, რომ თანხა უკვე ნაშოვნი ჰქონდა. მოწმის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც თანხის ზუსტი ოდენობა დაკონკრეტდა, მან გადაწყვიტა მიემართა სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის, ვინაიდან მიუღებლად მიიჩნია ასეთი ფაქტი და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ მეგობარი სამსახურში დაწყებაში დახმარების სანაცვლოდ თანხის მიცემას სთხოვდა. ამის შემდეგ, მ. ც-ასთან შეხვედრებისას, მოქმედებდა ოპერატიული სამსახურის მითითებებით. მოწმემ განმარტა, რომ მ. ც-ასათვის განკუთვნილი ფული მას გადასცეს ოპერატიულმა თანამშრომლებმა. მეორე შეხვედრისას, მ-ს მითითებისამებრ, CV-ებს შორის მოათავსა 2000 ევრო, დიპლომის ასლი, შრომის წიგნაკი და გადასცა მის სამუშაო კაბინეტში, რაც მ. ც-ამ გამოართვა და სამუშაო მაგიდის უჯრაში მოათავსა. შემდეგ ახლოს დაუჯდა, ტელევიზორს აუწია ხმა და ტუჩების მოძრაობით ანიშნებდა ხმადაბლა ესაუბრა. ისაუბრეს იმაზე, თუ რა დრო დასჭირდებოდა ნ-ას სამსახურში მოწყობას. მ. გარანტიას იძლეოდა, რომ აუცილებლად დაასაქმებდა. მესამე შეხვედრისათვის ნ-ას კვლავ უნდა ეკითხა მ-სათვის, რომ თითქოსდა ,,ფორმა 100“ მზად ჰქონდა და სად შეხვედროდა, რითაც მ. მიხვდებოდა, რომ ნ-ს დარჩენილი 1000 ევროც ნაშოვნი ჰქონდა. მესამე შეხვედრა შედგა რ-ი საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც მ. მივიდა თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით. თანხის გადაცემის ადგილი იყო მ. ც-ას ავტომანქანა. მ-ს მითითებისამებრ, თანხა მოათავსა გადაცემათა კოლოფთან არსებულ ყუთში. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, ანახა მ. ც-ას პოლიციის მოწმობა, თუმცა მ-მ დაძრა ავტომანქანა და გაერიდა შექმნილ სიტუაციას. ამ დროს მ. ც-ამ მას უთხრა, თანხა თან წაეღო და ეთქვა, რომ თითქოს სესხი იყო. ამის შემდეგ იგი დააკავეს.
3.3. გამომძიებელმა დ. გ-მა აჩვენა, რომ ნ. ჯ-ასგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მან მ. ც-ას გადასცა 2000 ევრო, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1000 ევრო უნდა გადაეცა -ას გამზირზე, რ-ი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგი იმყოფებოდა თანამშრომლებთან - გ. გ-სა და ბ. თ-სთნ ერთად. ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ მოვიდა მ. ც-ა, როგორ ჩაუჯდა ნ. ჯ-ა ავტომანქანაში. მოწმის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც ნ. ჯ-ამ გადასცა თანხა, გამოხსნა კარი და დააპირეს მ. ც-ას დაკავება, მ. ც-ას ავტომანქანასთან მივიდა გ. გ-ი, ფანჯარაზე მიუკაკუნა და მოახედა, ფანჯრიდან აჩვენა პოლიციის მოწმობა, რა დროსაც მსჯავრდებულმა თავისუფალ სვლაში მყოფი ა/მანქანა ჩააგდო სიჩქარეში. გ. გ-მა გამოუხსნა კარი, რადგან დაინახა, რომ მ. ც-ა მიმალვას ცდილობდა და უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, მიუხედავად ამისა, მან სწრაფად დაძრა ავტომანქანა. აღნიშნულის შემდეგ თანამშრომლებთან ერთად ჩასხდნენ სამსახურებრივ ავტომანქანაში და უკან გაჰყვნენ. დაახლოებით 100-150 მეტრის გავლის შემდეგ მ. ც-ამ გააჩერა ავტომანქანა, საიდანაც სწრაფად გადმოვიდა ნ. ჯ-ა. ამასობაში გ. გ-ი მიიჭრა და დააკავა იგი. დაკავებისთანავე მან მ. ც-ას განუმარტა მისი უფლებები, ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც პიჯაკის ზედა, შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს წინა დღეს ნ. ჯ-სათვის გადაცემული ფულადი თანხა - 1700 ევრო, რომელიც შემდგომ ჩატარებული დათვალიერებისას დაემთხვა ნ. ჯ-სათვის გადაცემული თანხის კუპიურებს. შემდეგ ჩატარდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც მგზავრის მარჯვენა მხარეს, რეზინის საფენიდან ამოიღეს ფულადი თანხა - 1000 ევრო, რომელიც წარმოადგენდა ნ. ჯ-სათვის გადაცემული ოპერატიული ფულის დარჩენილ ნაწილს. მოწმის ჩვენებით, მან ადგილზე შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რასაც გაეცნო მ. ც-ა და თავის შეხედულებისამებრ, ზოგან მოაწერა ხელი, ზოგან - არა.
3.4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმემ - გამომძიებელმა გ. გ-მა.
3.5. 2015 წლის 18 მარტის ფულადი თანხის გადაცემის ოქმით დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ხარჯებიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით გამოყოფილი ფულადი თანხა - 2000 ევრო, კერძოდ, 40 ცალი 50 ევროს ნომინალის ბანკნოტი გადაეცა ნ. ჯ-ას, რომელსაც აღნიშნული თანხა, დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების გამოსავლენად დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, უნდა გადაეცა მ. ც-სათვის.
3.6. 2015 წლის 19 მარტის ფულადი თანხის გადაცემის ოქმით დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ხარჯებიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით გამოყოფილი ფულადი თანხა - 20 ცალი 50 ევროს ნომინალის ბანკოტი გადაეცა ნ. ჯ-ას, რომელსაც ეს თანხა, დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების გამოსავლენად დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, უნდა გადაეცა მ. ც-სათვის.
3.7. 2015 წლის 19 მარტის ბრალდებულ მ. ც-ას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 19 მარტს თ-ში, ვ-ას გამზ. N..-ში მდებარე -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანაში „ჰიუნდაი i20-ში“, სახელმწიფო ნომრით .., დააკავეს მ. ც-ა. მ. ც-ას პირადი ჩხრეკისას მისი შავი პიჯაკის შიდა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ფულადი თანხა - 1700 ევრო, კერძოდ: 34 ცალი 50-ევროიანი კუპიურა. ასევე, მ. ც-ას სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაი i20-ის“ მარკის ავტომანქანის სალონიდან, კონკრეტულად, წინა მარჯვენა სავარძლის ფეხსადგამი რეზინის ნოხიდან ამოიღეს ფულადი თანხა - 1000 ევრო, კერძოდ, 20 ცალი 50 - ევროიანი კუპიურა. ამოღებული ნივთები დაილუქა ანტიკორუფციული სააგენტოს N-- ბეჭდის ანაბეჭდით, რომელზეც შესრულებულია მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნულ ოქმზე დაფიქსირებულია მ. ც-ას მიერ გაკეთებული შენიშვნა იმის შესახებ, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს გაეცნო, მასში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება, რასაც დეტალურად განმარტავს გამოძიების პროცესში.
3.8. 2015 წლის 19 მარტის მ. ც-ას სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ სამუშაო მაგიდის ქვეშ არსებული ტუმბოს პირველი უჯრიდან ამოიღეს ნ. ჯ-ას „CV“ და მის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი, სულ - სამი ფურცელი.
3.9. 2015 წლის 19 მარტის ლუქის გახსნის, ფულადი თანხის დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ შსს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ი. ბ-ემ, მონაწილე პირის - გ. გ-ის თანდასწრებით, თავის სამუშაო ოთახში დაათვალიერა სს N- საქმეზე 2015 წლის 19 მარტს ბრალდებულ მ. ც-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 1700 ევრო. დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: მონაწილე პირის - გ. გ-ის თანდასწრებით, ი. ბ-ემ გახსნა თეთრი ქაღალდის კონვერტი, რომელიც დალუქული იყო შსს ანტიკორუფციული სააგენტოს N-- ბეჭდებით (ლუქებით) და მათზე აღინიშნებოდა ხელმოწერები, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. კონვერტისა და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. კონვერტის გახსნისას მასში აღმოჩნდა 34 ცალი 50 ევროს ნომინალის ბანკნოტი. აღნიშნული კუპიურები შედარდა დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ხარჯებიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით გამოყოფილ ფულად თანხებთან, რა დროსაც ყველა ბანკნოტი დაემთხვა 2015 წლის 18 მარტს ნ. ჯ-სთვის გადაცემული 2000 ევროს ნაწილს, კერძოდ: 34 ცალ 50 ევროს ბანკნოტების სერიებსა და ნომრებს.
3.10. 2015 წლის 19 მარტის ლუქის გახსნის, ფულადი თანხის დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ შსს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ი. ბ-ემ, გ. გ-ის მონაწილეობით, თავის სამუშაო ოთახში დაათვალიერა სს N- საქმეზე 2015 წლის 19 მარტს ბრალდებულ მ. ც-ას კუთვნილი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 1000 ევრო. დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: მონაწილე პირის - გ. გ-ის თანდასწრებით, ი. ბ-ემ გახსნა თეთრი ქაღალდის კონვერტი, რომელიც დალუქული იყო შსს ანტიკორუფციული სააგენტოს N-- ბეჭდით და მათზე აღინიშნებოდა ხელმოწერები, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. კონვერტისა და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. კონვერტის გახსნისას მასში აღმოჩნდა 20 ცალი 50 ევროს ნომინალის ბანკნოტი. აღნიშნული კუპიურები შედარდა დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ხარჯებიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით გამოყოფილ ფულად თანხებთან, რა დროსაც ყველა ბანკნოტი დაემთხვა 2015 წლის 19 მარტს ნ. ჯ-სთვის გადაცემულ 1000 ევროს ბანკნოტების სერიებსა და ნომრებს.
3.11. 2015 წლის 7 მაისის ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N-- დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეოგრამები ერთი მთლიანია; მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი: წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ა.შ. აუდიოგრამებში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
3.12. მ. ც-სა და ნ. ჯ-ას შეხვედრების ამსახველი ფარული ვიდეო- ჩანაწერებითა და მათი ამსახველი კრებსებით დადასტურდა მოწმე ნ. ჯ-ას მიერ მიცემული ჩვენების სისწორე. ხსენებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 16 მარტს, -ის რაიონის გამგეობის შენობაში მ. ც-ა შეხვდა ნ. ჯ-ას და ამ უკანასკნელს მიაწოდა საკანცელარიო ფაილში მოთავსებული დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტაცია იყო „CV“-ის ნიმუშები. ჩანაწერში ფიქსირდება, რომ მ. ც-ა დგამს სკამს და ჯდება ნ. ჯ-სთან ახლოს, სთხოვს ჩუმად საუბარს და პულტით უწევს ტელევიზორის ხმას, თუმცა, ტელევიზორში რა გადის, ინტერესს არ იჩენს. ნ. ჯ-ა ეუბნება, რომ ელოდება 1000-ს ევროს და ამ დღეებში მთლიანად მიუტანდა ფულს. მ. ც-ა ძალიან ფრთხილობს და ჩუმად საუბრობს. იგი ჰპირდება ნ. ჯ-ას, რომ მერიაში თავის ნაცნობს ეტყვის, რომ მის წინაშე აქვს მორალური ვალდებულება და სთხოვს მის დანიშვნას ქ.თ-ის მერიის რომელიმე სამსახურში. 2015 წლის 18 მარტს -ის რაიონის გამგეობის შენობაში, მ. ც-ას კაბინეტში, ნ. ჯ-ია კვლავ შეხვდა მ. ც-ას. ნ. ჯ-ამ მიაწოდა საკანცელარიო ფაილი და უთხრა, რომ იქ იყო 2000 ევრო. მ- ც-ამ გააფრთხილა, რომ ჩუმად ესაუბრა. ნ. ჯ-ამ აუხსნა, რომ ეს 2000-ია და ხვალ პირველ საათამდე, რა დროსაც მ. ც-ამ გააწყვეტინა საუბარი და უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყო და დამჯდარიყო. შემდეგ ნ. ჯ-ამ ჰკითხა მ. ც-ას მეორე დღეს მიეტანა თუ არა მისთვის 1000, რაზედაც მან თანხმობა განუცხადა. შემდეგ მ. ც-ამ აუწია ტელევიზორს ხმა და მასა და ნ. ჯ-ას შორის გაიმართა საუბარი, რა დროსაც ნ. ჯ-ია ეკითხება, რომ შეუძლია თუ არა, მშვიდად იყოს სამსახურთან დაკავშირებით, რაზეც მ. ც-ა დადებითად პასუხობს. 2015 წლის 19 მარტს თ-ში, -ას გამზირზე, რ-ი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ც-ა თავისი სამსახურებრივი ა/მანქანით შეხვდა და ა/მანქანაში ჩაისვა ნ. ჯ-ია, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა: „სად დაგიდო, აბა?“, რაზედაც ც-ვა პასუხობს „კაი, აგერ დადე“. შემდეგ ნ. ჯ-ამ უთხრა, რომ ზედმეტად არ დაურეკავდა, ხოლო მ. ც-ამ უპასუხა, რომ „საქმის გასაკეთებლად“ გათვლილი აქვს 2-3 თვე ან თუ ყველაფერი კარგად იქნება, უფრო ადრეული პერიოდი. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც მ. ც-ას ა/მანქანას მიუახლოვდა პოლიციელი და მოსთხოვა მისი გაჩერება, იგი არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას და შეეცადა მიმალულიყო. ამის შემდეგ ავტომანქანაში მ. ც-ა მოუწოდებს ნ. ჯ-ას, აიღოს ფული და გადააგდოს. იგი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დაიჭერენ და დაიღუპება.
4. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს:
4.1. მოწმეების - ბ. მ-ის, გ. ბ-ის, ი. ზ-ის, ლ. ხ-ის, ა. ლ-ის, ც. თ-ის, ქ. ქ-ის, მ. ნ-ის, ნ. ხ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მ. ც-ას იცნობდნენ პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე და ახასიათებდნენ დადებით პიროვნებად. მათი ჩვენებებით დადგინდა ის გარემოება, რომ მათთვის მ. ც-სა და ნ. ჯ-ას შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე არაფერი იყო ცნობილი. 2015 წლის მარტის დასაწყისში მ. ც-ას სჭირდებოდა ფულადი თანხა - 3000 დოლარი და დაკითხულ მოწმეთა დიდ ნაწილს სთხოვა ამ თანხის სესხის სახით მიცემა. მოწმეებმა - გ. ბ-ემ და ი. ზ-მა განმარტეს, რომ -ის გამგეობის შენობაში მ. ც-სთან შეხვედრისას მათ მ. ც-ამ სთხოვა 3000 დოლარის სესხის სახით გადაცემა, რა დროსაც საუბრობდა მშვიდად, ჩვეულებრივ, ნორმალური ტემბრით და არანაირ სიფრთხილეს არ იჩენდა. ა. ლ-ემ განმარტა, რომ მას და ბ. მ-ს შორის იყო საუბარი იმაზე, თუ ვის შეეძლო, დახმარება გაეწია მ. ც-თვის და ესესხებინა 3000 დოლარი. ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა ნ. ჯ-ა. ბ. მ-მა განმარტა, რომ მ. ც-ამ მას სესხის სახით სთხოვა 3000 დოლარი, რადგან ჰქონდა ბანკის კრედიტი. მან ვერ შეძლო მ. დახმარება, ვინაიდან არ ჰქონდა აღნიშნული თანხა. შემდეგ მ. ჰკითხა, თუ ვისგან შეიძლებოდა ესესხა თანხა, მან დაუსახელა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის - ნ. ჯ-აც. ასევე, აღნიშნა, რომ მარტის შუა რიცხვებში მ-სთან გამგეობაში ნახა ნ. ჯ-ია. ამასთან, განმარტა, რომ მათი საუბრის თემა მისთვის უცნობია და ასესხა თუ არა ნ. ჯ-ამ თანხა მ. ც-ას, მისთვის უცნობია. მოწმე გ. ბ-ემ კი აღნიშნა, რომ მარტში, მ. ც-სთან პირად საკითხზე მისულს დერეფანში შეხვდა ნ. ჯ-ია, რომელთანაც გასაუბრებისას გაარკვია, რომ ნ. მისული იყო იმიტომ, რომ მ. სთხოვა ფულის სესხება და აპირებდა ესესხებინა ფული. აღნიშნულ საუბარს სხვა პირი არ ესწრებოდა. მანვე განმარტა, რომ მ. მასაც სთხოვა სესხის სახით ფულადი თანხა - 3000 დოლარი. ფულის სესხად თხოვნის დროს მ. მოქმედება არ იყო უჩვეულო, ესაუბრებოდა მშვიდად, არ აუწევია ტელევიზორისათვის ხმა, არ გაუფრთხილებია, რომ სესხის თაობაზე არავისთვის არაფერი ეთქვა, თანხის ოდენობაც არ უნიშნებია თითებით. მოწმე ქ. ქ-ემ განმარტა, რომ წარსულში მ. ც-ამ სთხოვა და ბანკიდან და მიკროსაფინასო დაწესებულებებიდან გამოუტანა თანხა, რასაც შემდგომ მ. თავად ფარავდა. დაკავებამდეც დასაფარი ჰქონდა გარკვეული თანხა, რის თაობაზედაც მ. ც-ამ დილით დაურეკა და დააიმედა, რომ მას დაფარავდა, ვიღაც შეჰპირდა თანხის სესხებას, ვიღაცის იმედი ჰქონდა. იმავე საღამოს კი მისი დაკავების შესახებ შეიტყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან არ იცის, მ. ც-ამ ნ. ჯ-ას გამოართვა თუ არა თანხა და არც ის იცის, ვისგან უნდა ესესხებინა მ-ას თანხა. მოწმე ნ. ხ-ის განმარტებით, მ. ც-ამ მასაც სთხოვა ფინანსური დახმარება, რის გამოც სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან აიღო საკრედიტო სესხები და თანხები გადასცა მ. ც-ას, რასაც შემდგომ ყოველთვიურად იხდიდა მ. ც-ა. 2015 წლის მარტში მ. შეჰპირდა, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრისგან ისესხებდა თანხას და მის მიერ გამოტანილ სესხებს სრულად დაფარავდა. მოწმის ჩვენებით, ნ. ჯ-ას გამოართვა თუ არა მ. ც-ამ თანხა, ანდა საერთოდ, რა ურთიერთობა აკავშირებდათ, ეს მისთვის უცნობია. მ. ნ-ის განმარტებით, 2015 წლის მარტის დასაწყისში იგი მისული იყო -ის გამგეობაში, რა დროსაც მ. ც-ამ მას სთხოვა, რომ სესხის დასაფარად ესაჭიროებოდა 3000 დოლარი და აღნიშნული თანხა სთხოვა სესხად, რაზეც მან უარი განუცხადა, ვინაიდან არ ჰქონდა. ამასთან, განმარტა, რომ იმ გარემოების შესახებ, რომ მ. ც-ამ ნ. ჯ-ას გამოართვა თანხა, გაიგო პროცესის მიმდინარეობის დროს. მანამდე ამის შესახებ არაფერი იცოდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე მ. ც-ას და - ფ. ც-ა, რომელმაც ასევე დადებითად დაახასიათა იგი და განაცხადა, რომ მან მისი ძმისა და ნ. ჯ-იას ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის და მათ შორის იყო თუ არა თანხასთან დაკავშირებით რაიმე მოლაპარაკება, მისთვის უცნობია.
4.2. ბრალდებულმა მ. ც-ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ჰქონდა გარკვეული საბანკო დავალიანებები და სჭირდებოდა 3000 დოლარი. დასახმარებლად მიმართა თანაპარტიელ ბ. მ-ს, თუმცა ვინაიდან მას არ ჰქონდა თანხა, ვერ ასესხა, მაგრამ დაუსახელა რამდენიმე პირი, ვისაც შესაძლოა, ჰქონოდა თანხა, კერძოდ: გ. ბ-ე, ს. ზ-ი და, მათ შორის, ნ. ჯ-აც. მისი ჩვენებით, უშუალოდ გამგეობებში ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ თანამშრომლები იძულებულნი იყვნენ ერთმანეთისთვის 50-100 ლარის სესხების შემთხვევაშიც კი კონსპირაციისათვის მიემართათ, რათა არავის ეფიქრა, რომ თითქოს ეს თანხა რაიმესთან იყო დაკავშირებული. თვითონაც, აქედან გამომდინარე, სიფრთხილეს იჩენდა. დაურეკა ნ. ჯ-ას, სთხოვა შეხვედრა და სესხად - 3000 დოლარი 3-4 თვის ვადით. ნ. დახმარების სურვილი გამოხატა, თუმცა განუმარტა, რომ მეუღლესაც შეეკითხებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ნ. ჯ-ა მივიდა მასთან და უთხრა, რომ იგი მოახერხებდა ამ ფულის შოვნას, თუმცა აშფოთებდა ფულის დროულად დაბრუნების პრობლემა, რადგან მის მეუღლეს საკუთარ ახლობელთან ჰქონდა თანხის დაუბრუნებლობის გამო სერიოზული კონფლიქტი. მან ნ. ჯ-ას ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესთავაზა ნოტარიული წესით გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. ამავე შეხვედრაზე, მანვე ნ-ას, როგორც პარტიის წევრს, პარტიული დავალების შესრულების მიზნით, დაავალა CV-ს მოტანა. ნ-ას მიერ წარმოდგენილი CV ხარვეზებს შეიცავდა, რაც შეუსწორა და უკან გაატანა, რათა გამართული სახით წარმოედგინა. როდესაც ნ-ს დაურეკა სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ნ-მ უთხრა, რომ თანხის სრულად შეგროვება ვერ მოახერხა, საბუთები ჰქონდა მზად და მიუტანდა. მასთან მივიდა ნ. ჯ-ია და გადასცა ფაილში ჩადებული CV და დიპლომი. მიანიშნა ჩანთისკენ, რომ 2000 ჰქონდა თან. მან მხოლოდ ფაილი გამოართვა, რადგან იმ ეტაპზე მხოლოდ ნ-ას CV აინტერესებდა. ორჯერ რომ არ მისულიყო ნოტარიუსთან, გადაწყვიტა, თანხა ერთიანად გამოერთმია. ნ-ას დაჟინებულ კითხვაზე, თანხის უკან დაბრუნებაზე რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა, დაამშვიდა, რომ აღნიშნულს ადგილი არ ექნებოდა. მეორე დღეს, სატელეფონო საუბრისას, ნ-ამ უთხრა, რომ რ-რ საავადმყოფოსთან იყო და შეთანხმდნენ იქ შეხვედრაზე. ადგილზე მივიდა სამსახურის ავტომანქანით, ნ. ჯ-ია ჩაუჯდა ავტომანქანაში, ამოიღო თანხა და გვერდით დადო. მან ნ-ს უთხრა, რომ თანხა აეღო, რადგან ნოტარიუსის თანდასწრებით უნდა გადმოეცა სრული თანხა. ნ. ამაზე დათანხმდა. დაქოქა ავტომანქანა, რა დროსაც ნ-მ კივილი ატეხა. დაიწყო შფოთვა, რამაც დააეჭვა და გადააგდო თანხა უკან. ფანჯარაში ვიღაც კაცის სილუეტი დაინახა, რომელიც ა/მანქანისკენ მორბოდა. ჯერ იფიქრა, რომ ნ-ას მეუღლე, ძმა, ან ნათესავი ხომ არ იყო, რომელთა უკითხავად აიღო თანხა. ბოლოს ივარაუდა, რომ შესაძლოა, პოლიცია ყოფილიყო და 100 მეტრის გავლის შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტთან გააჩერა ავტომანქანა. გადმოვიდა ავტომანქანიდან, პოლიციელებს უხსნიდა, რომ ეს იყო სესხი. მათ არ მოუსმინეს და იგი დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავების ადგილას არ შეუდგენიათ არანაირი ოქმი და არც მისი თანდასწრებით დაულუქავთ რამე. გადაიყვანეს მოდულის შენობაში. იქ წარუდგინეს ოქმები, რაზედაც ხელი არ მოაწერა და გააკეთა შენიშვნა იმის შესახებ, რომ ოქმში ასახულ ფაქტებს არ ეთანხმებოდა. ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი ხმა არის ზოგან დახშული, მიჭრილ-მოჭრილი, ხოლო ნოტარიუსთან შეხვედრა და სხვა საუბრები ამოყრილი, ზოგი რამ არის მიწებებული და უწყვეტად დადებულია ახალი ჩანაწერი. ნ. ჯ-სთან საუბრის მომენტში ტელევიზორისათვის ხმის აწევა მან განმარტა იმ გარემოებით, რომ მისთვის საინტერესო სიუჟეტი გადიოდა.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა მ. ც-ა დაახასიათეს დადებითად; დაადასტურეს, რომ მ. ც-ას ჰქონდა გარკვეული სასესხო ვალდებულებები სხვადასხვა ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სჭირდებოდა ფულადი თანხა - 3000 დოლარი და დაკითხულ მოწმეთა დიდ ნაწილს სთხოვა აღნიშნული თანხის სესხის სახით მიცემა. კონკრეტულად, განსახილველ ფაქტთან დაკავშირებით კი მათ განაცხადეს, რომ არ იციან მ. ც-სა და ნ. ჯ-ას შორის არსებული ურთიერთობისა და მათი საუბრების შესახებ, ისინი არ შესწრებიან მათ საუბრებს და მათთვის უცნობია რაიმე ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. შესაბმისად, პალატა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები არც უარყოფს და არც ადასტურებს მ. ც-სთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას.
6. რაც შეეხება თავად ბრალდებულის ჩვენებას, საკასაციო პალატა მას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ მ. ც-ას განმარტებები მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ისინი არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მათი თანმიმდევრულობისა და ურთიერთშეთანხმებულობის გამო, საკასაციო პალატას არ გააჩნია, კერძოდ:
6.1. პალატა არ იზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ნ. ჯ-ას თანხა მოსთხოვა სესხის სახით და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. ც-სა და ნ. ჯ-ას შორის სასესხო ურთიერთობა არ ყოფილა და საუბარი მათ შორის შეეხებოდა ნ. ჯ-ას დასაქმების სანაცვლოდ მისაღებ ფულად თანხას, შემდეგ გარემოებათა გამო:
· მოწმე ნ. ჯ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ც-ამ დაურეკა მას მისი დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, რის თაობაზეც იგი მარტში ორჯერ შეხვდა მ. ც-ას, მის სამუშაო კაბინეტში. საუბრისას წამოჭრა საკითხი, რომ ნ-ას უნდოდა სამსახური, მ-ს კი შეეძლო ამის გაკეთება. შეხვედრები მიმდინარეობდა მხოლოდ მათ შორის, სხვა პირი აღნიშნულ საუბრებს არ დასწრებია. შეხვედრისას მ. ც-ა შეჰპირდა დასაქმებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ მერიაში ან გამგეობაში, ძირითადად, მერიაში, სადაც გააჩნდა ახლობლური ურთიერთობები. მ-ს კონკრეტული თანამდებობა, რომელიმე დეპარტამენტი, განყოფილება ან სამმართველო არ დაუსახელებია. მისივე ჩვენებით, დასაქმების სანაცვლოდ, ნ. ჯ-ამ 2015 წლის 18 მარტს -ის რაიონის გამგეობის შენობაში მ. ც-ას გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 2000 ევრო, ხოლო 2015 წლის 19 მარტს თ-ში, -ას გამზირზე, ა/მანქანაში, გადასცა თანხის დარჩენილი ნაწილი - 1000 ევრო.
· ნ. ჯ-ას ჩვენება სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მისი და მ. ც-ას შეხვედრების ამსახველი ფარული ჩანაწერებითა და მათი ამსახველი კრებსებით.
· საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებში მისი ხმა არის ზოგან დახშული, მიჭრილ-მოჭრილი, ხოლო ნოტარიუსთან შეხვედრა და სხვა საუბრები - ამოყრილი, ზოგი რამ არის მიწებებული, ვინაიდან 2015 წლის 7 მაისის ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგრამები ერთი მთლიანია; მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი: წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ა.შ., რაც ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა (დ. გ-მა, გ. გ-ემ). მათ განაცხადეს, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ჩანაწერებში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნებოდა, ვიდეოგრამები არის ერთი მთლიანი და მასში არ დაფიქსირებულა არანაირი წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა და ხარვეზები.
· ასევე, აღსანიშნავია, რომ როგორც ნ. ჯ-ას ჩვენებით, ისე წარმოდგენილი ფარული ვიდეოჩანაწერებით აშკარაა, რომ მ. ც-ა ნ. ჯ-ასთან საუბრებში იჩენდა არაადეკვატურ სიფრთხილეს, კერძოდ, საუბრობდა ძალიან ხმადაბლა, იგი ჯდებოდა ნ. ჯ-ასთან ძალიან ახლოს და მასაც მოუწოდებდა ესაუბრა ხმადაბლა. ამასთან, ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ იგი უწევს ხმას ტელევიზორს, რათა გადაფაროს ხმა. თანხის რაოდენობის შესახებ ჟესტიკულაციით, თითებით ანიშნებს თანამოსაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მოწმეებზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათთვის სესხის სახით ფულის თხოვნისას მ. ც-ას არ გამოუჩენია არანაირი სიფრთხილე, მისი მოქმედებები არ ყოფილა უჩვეულო, ესაუბრებოდა მშვიდად, ჩვეულებრივ, ნორმალური ტემბრით, არ აუწევია ტელევიზორისათვის ხმა, არ გაუფრთხილებია, რომ სესხის თაობაზე არავისთვის არაფერი ეთქვათ, თანხის ოდენობაც არ უნიშნებია თითებით. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ თითქოს იმიტომ იჩენდა სიფრთხილეს, რომ გამგეობებში ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ თანამშრომლები იძულებულნი იყვნენ ერთმანეთისთვის 50-100 ლარის სესხების შემთხვევაშიც კი კონსპირაციისათვის მიემართათ, რათა არავის ეფიქრა, თითქოს ეს თანხა რაიმე უკანონობასთან იყო დაკავშირებული. უსაფუძვლოა ასევე მ. ც-ას განმარტება, რომ თითქოს ტელევიზორს ხმა აუწია მისთვის საინტერესო სიუჟეტის მიმდინარეობის გამო, ვინაიდან ვიდეომასალიდან აშკარად ჩანს, რომ მ. ც-ა არავითარ ინტერესს არ იჩენს ტელევიზიით გადმოცემული სიუჟეტის მიმართ.
6.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მ. ც-ას დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, დაკავების ადგილზე არ ჩატარებულა მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, რაც უნდა ჩატარებულიყო ცალკე; ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოღებულა და დალუქულა, ვინაიდან აღნიშნული მითითება დაუსაბუთებელია და არ დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:
· 2015 წლის 19 მარტის ბრალდებულ მ. ც-ას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 19 მარტს -ში, -ას N-ში მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში დააკავეს მ. ც-ა, რომლის პირადი ჩხრეკისას შავი პიჯაკის შიდა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ფულადი თანხა - 1700 ევრო. ასევე, მ.ც-ას სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაი i20“-ის მარკის ავტომანქანის სალონიდან, კონკრეტულად, წინა მარჯვენა სავარძლის ფეხსადგამი რეზინის ნოხიდან ამოიღეს ფულადი თანხა - 1000 ევრო. ამოღებული ნივთები დაილუქა ანტიკორუფციული სააგენტოს N48 ბეჭდის ანაბეჭდით. ოქმზე შესრულებულია მონაწილე პირთა ხელმოწერები, მათ შორის - მ. ც-სი. ამასთან, აღნიშნულ ოქმზე დაფიქსირებულია მ. ც-ას შენიშვნა, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს გაეცნო, მასში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება, რასაც დეტალურად განმარტავს გამოძიების პროცესში.
· გამომძიებლებმა - დ. გ-მა და გ. გ-მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატრებული საგამოძიებო მოქმედებებისა და შედგენილი ოქმების სისწორე.
· უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია, რომ მ. ც-ას პირადი და მისი ავტომანქანის ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო ცალკე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პირადი ჩხრეკით ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში. საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი - თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაულის ფაქტზე წასწრებული მ. ც-ა შეეცდებოდა, ხელთ არსებული თავისი მამხილებელი მტკიცებულებები მოეშორებინა, რის გამოც დამკავებელი მოხელე უფლებამოსილი იყო ჩაეტრაებინა მისი პირადი ჩხრეკა (მისი სატრანსპორტო საშუალების ჩათვლით) სასამართლოს განჩინების გარეშე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვითარებაში საპროცესო ნორმების არსებით დარღვევად არ ჩაითვლება გამომძიებლის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების წარუდგენლობა, ვინაიდან დასახელებული ნორმა გულისხმობს ისეთ ვითარებას, როდესაც დაყოვნებამ შესაძლოა, არსებითად დააზიანოს გამოძიების ინტერესები და შეუძლებელი გახადოს მტკიცებულებების მოპოვება. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხსენებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა, რომ ასეთ ვითარებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში დაცულია და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ იმსჯელა სასამართლომ კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების წარუდგენლობით პირის კანონიერი ინტერესები არ შელახულა, ვინაიდან მის უფლებებში ჩარევა სასამართლოს კონტროლქვეშ მოექცა.
6.3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის იმ მითითებაზეც, რომ მ. ც-ას მოუწყვეს დანაშაულის პროვოკაცია და აღნიშნავს:
· ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი.[1] ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში[2]; თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია[3]; ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებულ დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი[4].
· პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ჯ-ია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართეს და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელეს მას შემდეგ, რაც მ. ც-ამ მოსთხოვა ნ. ჯ-ას დასაქმების სანაცვლოდ თანხის გადახდა. ნ. ჯ-ას როლი მთელ ამ პროცესში იყო პასიური იმ კუთხით, რომ მისი ქმედება არც ერთ ეტაპზე არ იყო წამქეზებლური, მას მ. ც-თვის არაფერი შეუთავაზებია, იგი მოქმედებდა მ. ც-სგან მომდინარე პირობების შესაბამისად, რის გამოც, საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემომითითებული განმარტებების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევს ნ. ჯ-ას ე.წ. აგენტ-პროვოკატორად ხოლო მ. ც-ას - დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია მ. ც-ას მიერ ნ. ჯ-ასთვის დასაქმების სანაცვლოდ ფულის მოთხოვნისა და მიღების ფაქტი.
8. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ შეფასებას მ. ც-ას მიერ ჩადენილი ქმედებისა და ამ ნაწილში იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახეზე არ არის ქრთამის აღების შემადგენლობის ყველა ელემენტი. კერძოდ:
8.1. გასაჩივრებული განაჩენით მ. ც-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ მან (მოხელემ) პირდაპირ მოითხოვა და მიიღო ფული, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ნ. ჯ-ას სასარგებლოდ განეხორციელებინა ქმედება (დაესაქმებინა).
8.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა პირს შეერაცხოს ბრალად წარდგენილი ქმედება, უნდა დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
8.3. მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ მ. ც-ამ მოსთხოვა და მიიღო ფული ნ. ჯ-ასგან მისთვის სასარგებლო ქმედების განხორციელების პირობით. პალატა განმარტავს, რომ ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება არ შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, მაგრამ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედების შესრულებას/ შეუსრულებლობას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის დადგენა, რომ მოხელე სწორედ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით აპირებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.
8.4. აღნიშნულის დასადგენად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნ. ჯ-ას ჩვენებასა და ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ც-ა ნ. ჯ-ას დასაქმებას სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით კი არ ჰპირდებოდა, არამედ ამ საკითხის მოგვარებას პირადი, ახლობლური ურთიერთობების გამოყენებით აპირებდა, რაც გამორიცხავს მ. ც-ას მიერ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით უკანონო ქმედების განხორციელების შეპირებას და, შესაბამისად, მ. ც-ას ქმედების ქრთამის აღებად შეფასების სამართლებრივ შესაძლებლობას. გამოკვლეული მტიცებულებებით დგინდება, რომ მ. ც-ა ჰპირდებოდა ნ. ჯ-ას, რომ ახლობლური ურთიერთობებით გავლენა მოეხდინა სხვა პირზე, რომელსაც ხელეწიფებოდა ნ. ჯ-ასთვის თანხის სანაცვლოდ შეპირებული ქმედების განხორციელება, რაც საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ზეგავლენით ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს, რომლის თანახმადაც, დასჯადია პირისთვის ფულის მოთხოვნა და მიღება იმის სანაცვლოდ, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე ამ პირის სასარგებლოდ.
8.5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ც-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
9. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მ. ც-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: მ. ც-ა ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ გააჩნია პასუხისმგებლბის დამამძიმებელი გარემოებები და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ც-სა და მისი ინტერესების დამცვლების, ადვოკატების - ნ. კ-ასა და ე. ქ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. ც-ას მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2015 წლის 19 მარტიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] ECtHR, 9/06/1998, Teixeira de Castro v. Portugal, №44/1997/828/1034.
[2] ECtHR, 5/02/2008, Ramanauskas v. Lithuania, №74420/01.
[3] ECtHR, 1/07/2008, Malininas v. Lithuania, №10071/04.
[4] ECtHR, 24/06/2008, Miliniene v. Lithuania, №74355/01.