Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №498აპ-16 ქ. თბილისი

ხ-ი გ. 498აპ-16 15 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ხ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა კანონით გათვალისწინებულ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ, გ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 16 აგვისტოდან.

ა. ხ-ს ამნიონური სითხე, მისივე ნერწყვის ნიმუში და გ. ხ-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს უნდა ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა კანონით გათვალისწინებულ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა კანონით გათვალისწინებულ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ გ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 16 აგვისტოდან.

ა. ხ-ს ამნიონური სითხე, მისივე ნერწყვის ნიმუში და გ. ხ-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს უნდა ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი