საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-760-1086-07 23 ივნისი, 2008 წ. ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. თ-რია (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. და ბ. ტ-ეები, ნ. ფ-იძე (მოპასუხეები ძირითად სარჩელში მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი სარჩელში – ბინიდან გამოსახლება
შეგებებულ სარჩელში – თანხის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. თ-რიამ 1998 წლის აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ., ფ., ბ. ტ.-ეების, ნ. ფ.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ თბილისში, ...-ის ქ. ¹17-ში მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხეებს ამ ბინის ორი ოთახი წლების განმავლობაში უკავიათ დამქირავებლის სტატუსით, თუმცა არ იხდიან ქირას და, მოსარჩელის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებენ ბინის დაცლაზე. მოსარჩელის განმარტებით, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იგი იძულებულია, ცხოვრობდეს მხოლოდ ერთ ოთახში, რითაც ირღვევა მისი უფლებები. მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება.
მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და 1999 წლის ივლისში შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს სადავო ბინის ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოპასუხეთა განმარტებით, ბ. ტ.-ე ქ.თბილისში, ...-ის ქ. ¹17-ში მდებარე სახლში ცხოვრობდა 1959 წლიდან, იგი ჩაეწერა ამავე ბინაში. 1969 წლის ივნისში სადავო სახლის ორი ოთახი იყიდა მოსარჩელის დედის - თ. გ.-საგან 7000 მანეთად. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შეუძლებლობის გამო აღნიშნული გარიგება გაფორმდა თ. გ.-ს 1979 წლის ანდერძით, რომლის თანახმად სადავო ფართი უნდა გადასცემოდა ბ. ტ.-ეს.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. თ-რიას სასარჩელო მოთხოვნა მის სახელზე რიცხული ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბ. ტ.-ის მოთხოვნა სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ., ბ. ტ.-ეებმა და ნ. ფ.-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი სარჩელისათვის უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. თ-რიას სარჩელი ბ., ბ. ტ.-ეებისა და ნ. ფ.-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-რიამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი. ამრიგად, გაუქმდა სპეციალური კანონის ის ნორმები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ ლ.თოფურიას ბინის დამქირავებლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას არ მისცა შესაბამისი კვალიფიკაცია, არ იმსჯელა სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე შეუძლია თუ არა ლ.თოფურიას, როგორც სადავო ფართის მესაკუთრეს, მოითხოვოს მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება.
სააპელაციო პალატის მოსამზადებელ სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა შეცვალა დავის საგანი და ლ.თოფურიასაგან მოითხოვა მის მიერ თ.გ.-სათვის სადავო ფართის გამოსყიდვის მიზნით გადახდილი 7 000 მანეთის შესაბამისი თანხის - 7 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. თ-რიას სარჩელი ბ., ფ., ზაალ და ბ. ტ.-ეების, ნ. ფ.-ისა და მათთან მყოფი პირების სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ, ხოლო ბ. ტ.-ის შეგებებულ სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და ბ. ტ.-ეებმა, ნ. ფ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ბ. და ბ. ტ.-ეებისა და ნ. ფ.-ე-ტ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. და ბ. ტ.-ეების, ნ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. თ-რიას სარჩელი ბ., ბ. ტ.-ეების, ნ. ფ.-ის მიმართ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹17-ში მდებარე ბინის ორი ოთახის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ამ ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და ბ., ბ. ტ.-ეები, ნ. ფ.-ე ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹17-ში მდებარე ლ. თ-რიას სახელზე რიცხული საცხოვრებელი ოთახის მესკუთრედ, ლ. თ-რიასთვის მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 28 000 ლარის 25%ის – 7 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹17-ში მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ლ. თ-რია; მოპასუხეები 1959 წლიდან ცხოვრობენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ორ ¹1 და ¹2 საცხოვრებელ ოთახებში და რეგისტრირებული არიან ამავე მისამართზე, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წლების მანძილზე იხდიდდნენ კომუნალურ გადასახადებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1.1 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეები წარმოადგენენ მოსარგებლეებს და მათ ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹17-ში მდებარე მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგებით.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ დავაში საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ლ. თ-რიას მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოითხოვოს მოსარგებლეების, ბ. და ბ. ტ.-ეების, ნ. ფ.-ის მხრიდან მის კუთვნილ ბინაზე მფლობელობის შეწყვეტა, თუ იგი სანაცვლოდ გადაუხდის მათ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებული საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ მოსარგებლეებს და აღძრული აქვთ შეგებებული სარჩელი, დააზუსტეს და, რაკი მესაკუთრე უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მოითხოვეს ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. თ-რიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორმა მიუთითა, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლომ ჯერ კიდევ 1991 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ტ.-ეს უარი უთხრა მათ მიერ დაკავებულ ორ ოთახზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ტ.-ე-ფ.-ეებს მისთვის (მოსარჩელისათვის) თანხა არ გადაუციათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად და იგი შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხეებს სახლის მესაკუთრეებისათვის არავითარი თანხა (ბინის ქირის გარდა) არ გადაუციათ და დათმობის ხელშეკრულებაც არ დადებულა.
კასატორი მიუთითებს, რომ არ არსებობს მოპასუხეების, როგორც მობინადრეების, მოთხოვნა 7000 ლარის გადახდის სანაცვლოდ სახლის ნაწილზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ და სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით განიხილა ეს საკითხი. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის მითითება გადაწყვეტილებაში იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება დათმობის შესახებ გარიგებით აქვთ მოპოვებული მაშინ, როდესაც ამგვარი გარიგების შესახებ თვით მოპასუხეებიც არ მიუთითებენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. თ-რიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქ¹17-ში მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ლ. თ-რია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბ., ბ. ტ.-ეები და ნ. ფ.-ე 1959 წლიდან ცხოვრობენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ორ - ¹1 და ¹2 საცხოვრებელ ოთახებში და რეგისტრირებული არიან ამავე მისამართზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული პირები წლების მანძილზე იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის 1.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, “მოსარგებლეა _ პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციული აქტით.”
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების ფაქტის არსებობაზე მითითებულია ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის თანახმად “გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ანდა მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).”
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა რეგულირდება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივი დაცვის აღნიშნული მექანიზმი ვლინდება საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მესაკუთრისა და მფლობელის უფლებების რეალიზაციის თავისებურებებში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის გამოყენების პროცესუალური შესაძლებლობა მხარეებს ეძლევათ სასამართლოს ნებისმიერ ინსტანციაში, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს განაცხადებს მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდაზე (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი).
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2005 წლის 20 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, თბილისში, ...-ის ქ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 28 000 ლარს, ხოლო ამ თანხის 25% შეადგენს 7.000 ლარს, რომლის გადახდის შემთხვევაში ფართის ფაქტობრივი მფლობელი გახდება მისი მესაკუთრე. საკასაციო სასამართლოში, საქმის განხილვის დროს კასატორს არ გაუხდია სადავოდ აღნიშნული დასკვნა და განაცხადა, რომ იგი თანახმაა, მოპასუხეს გადაუხადოს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ბინის საბაზრო ღირებულების 75%-ზე მეტი თანხა, რაც შედგენს 19000 აშშ დოლარს, რისთვისაც ითხოვს მოპასუხისაგან საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და გამოტანილი უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის დაეკისრება 19000 (ცხრამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და მოპასუხის გამოსახლების შესახებ სარჩელიც დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. თ-რიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
ლ. თ-რიას დაეკისროს ბ. ტ.-ის, ბ. ტ.-ის, ნ. ფ.-ის სასარგებლოდ 19 000 (ცხრამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომლის სანაცვლოდ მოპასუხეები ბ. ტ.-ე, ბ. ტ.-ე, ნ. ფ.-ე გამოსახლებულ იქნენ ქ.თბილისში, ...-ის ქ. ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან;
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.