Facebook Twitter

ას-760-1127-06 18 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – კ. ა-ი, თ. ლ-ე, მ. თ-ე.

მოწინააღმდეგე მხარე – გ. და ი. გ-ები, ვ. შ-ე, ლ. ჭ-ი.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული მრავალსართულიანი შენობის დემონტაჟი და მიწის ფართის გამონთავისუფლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 13 დეკემბერს დ. დ-მ, კ. ა-მა, თ. ლ-მ, გ. ლ-მ და მ. თ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: გ. და ი. გ-ების, ვ. შ-ის, ლ. ჭ-ს წინააღმდეგ და მოითხოვეს თბილისში, ... ქუჩა ¹28/47-ის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა მიერ უკანონოდ აღმართული 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მიწის გამონთავისუფლება.

მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ორსართულიან სახლში, სახლის მიმდებარე 1300 კვ. მეტრი არის სახლის მობინადრეთა საერთო საკუთრება. მოპასუხეები ამ საერთო საკუთრებიდან 250-300 კვ. მეტრ ფართს თვითნებურად დაეპატრონენ, ისე რომ რეალური წილი არ ჰქონიათ გამოყოფილი და მეზობლებთან შეუთანხმებლად ააშენეს 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული სახლის აშენებით მათ სახლებს მიადგათ ზიანი და შეეზღუდათ საერთო ეზოთი სარგებლობის უფლება, მოპასუხეებს არ გააჩნდათ მშენებლობის დასაწყებად სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყეს იქ, სადაც მანამდე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი და ფარდულები იდგა, აგრეთვე აღნიშნეს, რომ მათ ყველა საჭირო ნებართვა გააჩნდათ მშენებლობაზე, რაც მათ უკანონობას გამორიცხავს. მოპასუხეებმა ასევე განმარტეს, რომ მოსარჩელის სახლი სიძველით იყო დაზიანებული და არა ახალი სახლის მშენებლობით, ხოლო, რაც შეეხება საერთო ეზოთი სარგებლობას, პირიქით, მშენებლობისას ეზოში შესასვლელი კეთილმოეწყო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კანონიერად დაიწყო და მიმდინარეობდა სახელმწიფოს სათანადო ორგანოებთან შეთანხმებით და ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის თვალსაზრისით. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს საქმეში თანამოპასუხედ მშენებელი კომპანიის სს ,,კ...ს” ჩაბმაზე, რომელმაც მესამე პირებზე გაასხვისა ახლადაშენებული სახლის ბინები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ-მ, კ. ა-მა, თ. ლ-მ, გ. ლ-მ და მ. თ-მ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბერის გადაწყვეტილებით დ. დ-ს, კ. ა-ს, თ. ლ-ის, გ. ლ-სა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. დ-ს, კ. ა-ს, თ. ლ-ის, გ. ლ-ის და მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თბილისში, ... ქუჩა ¹28/47-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო (საერთო ფართობით 1300 კვ.მ ს/ფ 76,146), წარმოადგენს ამ სახლში მობინადრე რვა ოჯახის საერთო საკუთრებას. მოწინააღმდეგე მხარე ლ.ჭ-ს ინდივიდუალურ საკუთრებას ზემოთ მითითებულ სახლში შეადგენდა 18 კვ.მ, ხოლო გ-ების ინდივიდუალურ საკუთრებას კი - 18,60 კვ.მ და სადავო არ არის ის გარემოება რომ, სადავო 10-სართულიანი შენობა აგებულია ნაწილობრივ მოწინააღმდეგე მხარის: ლ. ჭ-სა და გ-ების საკუთრებაში არსებული ავტოფარეხებისა და მათივე საკუთრებაში არსებული ლოჯიების მონგრევის ხარჯზეც. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დავის საგანზე ისეთივე უფლება აქვს, როგორც აპელანტებს და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საერთოა და აღნიშნული უფლება საზიაროა და მოსარჩელეების ინტერესები უპირატესად არ უნდა იყოს მიჩნეული, ვინაიდან ამ დავაში გასათვალისწინებელია ასეთივე უფლებების მქონე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 150-ე, 170-ე და 208-ე მუხლები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტთა დარღვეული უფლების აღდგენა არ უნდა მომხდარიყო აგებული შენობის დემონტაჟის გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბერის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ა-მა, თ. ლ-მ და მ. თ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს. ამასთანავე, საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მრავალბინიანი სახლში საკუთრების მომწესრიგებელი ნორმების (სკ-ის 208-ე-232-ე მუხლების) თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად, ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების თანამესაკუთრე. მრავალბინიან სახლში იმდენი წილია, რამდენი ბინაცაა. ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მისი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან (სკ-ის 212 მუხლი). ყოველი ბინის მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. ყოველ ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად (სკ-ის 220-I მუხ.). შეთანხმებები, რომლებითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ამ კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ ძალაშია შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ (კ-ის 215-ე მუხლი).

მრავალბინიან სახლში საერთო საკუთრების მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი არ არის დამოუკიდებელი, ბინის საკუთრება არ შეიძლება გასხვისდეს საერთო საკუთრების ობიექტზე საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე და პირიქით, საერთო საკუთრებაში არსებული ობიექტი ცალკე უფლების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებული ფართი მიზნობრივად არის დაკავშირებული ბინის საკუთრებასთან, საცხოვრებელი სახლის სამეურნეო ერთიანობას ემსახურება. ბინათმშენებელთა შეთანხმებით საერთო საკუთრების ობიექტი შეიძლება განიკარგოს, თუ აღნიშნული არ იწვევს ბინათმფლობელთა უფლებებისა და ინტერესების დარღვევას.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისში, ... ქუჩა ¹28\47-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო წარმოადგენს ამ სახლში მცხოვრები რვა ოჯახის საერთო საკუთრებას. მოპასუხეებმა საერთო საკუთრების ეზოში ააშენეს ათსართულიანი შენობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეთა მიერ საერთო საკუთრების ფართზე ათსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებით, სადავო ფართზე ბინის მესაკუთრეთა შორის საერთო საკუთრების სამართალურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა და წარმოიქმნა ინდივიდუალური საკუთრება. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად, ანუ იმდენი წილია, რამდენიც ბინაა. მოცემულ შემთხვევაში ათსართულიანი შენობის აგებით გაიზარდა მოპასუხეთა ინდივიდუალური საკუთრება, შესაბამისად, შემცირდა მოსარჩელეთა წილი საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არსებობდა თუ არა საერთო საკუთრების ფართზე მშენებლობის საწარმოებლად საერთო საკუთრების ფართის თანამესაკუთრეთა თანხმობა, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ვინაიდან თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ინდივიდუალური საკუთრების გაზრდით ირღვევა სხვა თანამესაკუთრეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, კერძოდ, ირღვევა ბინის მესაკუთრეთა საკუთრების უფლება საერთო საკუთრების არასაცხოვრებელ ფართზე, მათ ესპობათ მისი წილის შესაბამისად, საერთო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე გასარკვევია არის თუ არა სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციითა და სათანადო ნებართვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ა-ს, თ. ლ-სა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.