Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-762-1088-07 13 თებერვალი,2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს “.. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი – გ. წ-ელი

მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს უზენაესი სასამართლო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – კ. ლ-აძე, ი. ბ-ული

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დარიცხვის აქტის გაუქმებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2006 წლის 29 ოქტომბერს სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა ი. ბ-ულმა მოპასუხე სააქციო საზოგადოება „.. ..-ის“ მიმართ და მოითხოვა სს „.. ..-ის“ მიერ 2006 წლის 4 აგვისტოს განხორციელებული 10561,18 ლარის მოსარჩელისთვის დარიცხვის გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით 2006 წლის 4 აგვისტოს სს „.. ..-ის“ ენერგოზედამხედველობის სამსახურს საბიუჯეტო და კომუნალურ სექტორში აქტების დარიცხვის განყოფილების მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაერიცხა 10 561,18 ლარის ოდენობის თანხა 2006 წლის 22 თებერვლიდან 2006 წლის 2 აგვისტომდე. დარიცხვა განხორციელდა „სემეკის“ 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდიკის გათვალისწინებით.

2006 წლის 13 სექტემბერს სს „.. ..-ის“ კომერციული დირექტორის წერილში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 6 ივლისის „.. ..-ის მიერ შედგენილ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის სახელზე დარღვევის სახე განისაზღვრა „სემეკის“ 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის მე-8-1 მუხლის საფუძველზე, აღრიცხვიანობის დარღვევის პერიოდი განისაზღვრა მუხ. 2-ბბ-ს შესაბამისად, ხოლო დარიცხვა ნაწარმოებია მე-8-1 ბ ა მუხლის გამოყენებით.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ 10561,18 ლარის გამოთვლა და დარიცხვა მოხდა არასწორად, კერძოდ მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლოში ელექტროენერგიის მოხმარება ხდება ორი ძირითადი შენობის მიერ და აღრიცხვა კი წარმოებს უზენაეს სასამართლოს მრიცხველზე, შესაბამისად თანხის გადახდაც ხდება ამ მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. უზენაესი სასამართლოს მთავარი შენობის უკან მდებარე შენობაში რომელიც ასევე უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის განთავსებული იყო საერთო სასამართლოების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 2006 წლის გაზაფხულიდან დეპარტამენტმა შეიცვალა ადგილსამყოფელი და 2006 წლის ზაფხულში განთავსდა უზენაესი სასამართლოს ძირითად შენობაში, ხოლო გამონთავისუფლებული შენობა დაიკავა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენობაში განთავსებულია აგრეთვე უზენაესი სასამართლოს საცურაო აუზი და საუნა. ამ უკანასკნელის მოხმარებული ენერგიაც აღირიცხება უზენაესი სასამართლოს მრიცხველზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2006 წლის 1 მარტის ¹7-ს ¹2 ბრძანების საფუძველზე საცურაო აუზის კომპლექსმა შეწყვიტა ფუნქციონირება ამას გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმავე ბრძანების შესაბამისად შეიზღუდა ელექტროღუმელებისა და სხვა გამათბობელი საშუალებების მოხმარების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შემცირდა წინა პუნქტთან შედარებით ადგილი ჰქონდა მაჩვენებლის მკვეთრ ვარდნას. ამიტომ მოსარჩელეს არასწორად მიაჩნია მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული გადასახადის გამოთვლა სემეკის ¹15 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არასწორად მიაჩნია დარღვევის პერიოდის განსაზღვრაც კერძოდ, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე თუ აღრიცხვიანობის დარღვევის პერიოდი ზუსტად ვერ დგინდება, მაშინ მის ექვივალენტურ პერიოდად გამოიყენება დარიცხვის მკვეთრი შემცირების პერიოდი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ ობიექტი სტაბილურად მუშაობს. მოსარჩელემ ასევე მიიჩნია, რომ დარიცხვის პერიოდში სახეზე არ იყო ობიექტის, კერძოდ კი ზემოაღნიშნულ შენობათა სტაბილური მუშაობის შემთხვევა და მოხმარების მკვეთრი შემცირება სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული და დარღვევაც აღნიშნული მეთოდის გამოყენებით განხორციელდა არასწორად. ამის გარდა მოსარჩელის აზრით ვინაიდან აბონენტს არ გააჩნია მრიცხველის გახსნის ან სხვაგვარად მაჩვენებლის ნახვის შესაძლებლობა, სწორედ „.. ..-ის“ ვალდებულებაა მრიცხველის ჩვენებებისა და გამართული ფუნქციონირების შემოწმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა გაუქმდეს მოპასუხის მიერ 2006 წლის 4 აგვისტოს აქტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10 561, 18 ლარის დარიცხვის თაობაზე.

2006 წლის 13 ნოემბერს მოპასუხე სს „.. ..-მა“ წარმოადგინა შესაგებელი სადაც არ ცნო სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას სს „.. ..-ის“ თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ მრიცხველი მუშაობდა ცდომილებით, სრულად არ აღწერდა მიწოდებულ ელექტროენერგიას. დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მრიცხველის ჩ ფაზას არ მიეწოდებოდა ძაბვა, რამაც სწორედ გამოიწვია მრიცხველის ცდომილებით მუშაობა. ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების საფუძველზე შედგენილი იყო ელექტროენერგიის აღრიცხიანობის შემოწმების აქტი ¹047245.

რაც შეეხება დარიცხვას - იგი განხორციელებულია სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-8 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს კვტსთ-ების დარიცხვას აბონენტისაგან დამოუკიდებლად ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოპასუხე სს “.. ..-ის” ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2006 წლის 6 ივლისის აქტი ¹047245 და აღნიშნული აქტის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დარიცხვა 10561,18 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..-ის” წარმომადგენლებმა მ. ჯაფარიძემ და გ. წ-ელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინებით სს “.. ..-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას სს „.. ..-ის“ წარმომადგენლის მიერ აღმოჩენილი იყო მრიცხველის ცდომილებით მუშაობის ფაქტი. სს „.. ..-ის“ მიერ გამოვლენილ დარღვევაზე 2006 წლის 6 ივლისს შედგა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი 3047245, რომლის საფუძველზეც 2006 წლის 4 აგვისტოს მოპასუხის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადასახდელად დაერიცხა თანხა 10561,18 ლარის ოდენობით. დარიცხული სადაო თანხის გამოთვლა და დარიცხვა მოპასუხის მიერ განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-8 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს კვტ. საათების დარიცხვას აბონენტისაგან დამოუკიდებლად ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევას.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ აღრიცხვიანობის დარღვევა მოსარჩელის ბრალეული ქმედებით არ ყოფილა გამოწვეული. შესაბამისად, დაკარგული კვ. საათების დარიცხვა მოხდა ზემოხსენებული დადგენილების მე-8 მუხლის ბ.ბ. ქვეპუნქტის შესაბამისად აღრიცხვის ცდომილების გათვალისწინებით - შესწორების კოეფიციენტის გამოყენებით.

პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს და დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელიც არეგულირებს მოცემულ ურთიერთობებს, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) ¹15 დადგენილებით.

პალატამ ასევე განმარტა, რომ სს „.. ..-ის“ მიერ ისე მოხდა შესწორების კოეფიციენტის მეთოდის გამოყენება და გავრცელება დარიცხვის მკვეთრი შემცირების შემდგომ პერიოდზე, რომ არ მომხდარა დარიცხვის შემცირების სხვა ფაქტორების გამორიცხვა, ანუ აბონენტის სტაბილურად მუშაობის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..-ის” წარმომადგენელმა გ. წ-ელმა.

კასატორის აზრით, აღნიშნული განჩინება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას აღრიცხვის კვანძი დარღვევით მუშაობდა და იგი მასში გატარებულ ელექტროენერგიას სრულად არ აღრიცხავდა. მიზეზი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტის გაუქმების არც ერთ სასამართლომ არ დაასახელა. თავად აქტის შედგენის სისწორე და მასში აღწერილი დარღვევის სამართლიანობა ეჭვის ქვეშ არც კი დამდგარა. შესაბამისად, თავად ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი ¹047245 ისე გააუქმეს, რომ ფაქტიურად მასზე (მის სისწორეზე) არც კი უმსჯელიათ. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მოქმედება კანონის ფარგლებში არ ჯდება.

ასევე კასატორის აზრით, დავა მიმდინარეობს დარიცხვის აქტთან დაკავშირებით, რომელიც შედგა 2006 წლის 4 აგვისტოს და რომლითაც სს „.. ..-მა“ სემეკის 2001 წლის ¹15 დადგენილების საფუძველზე გამოითვალა ის კილოვატსაათები, რომლებიც მან მიაწოდა უზენაეს სასამართლოს და რომელიც აღრიცხის კვანძის გაუმართაობის გამო ვერ აღწერა მრიცხველმა. კერძოდ: იმის გამო, რომ სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ აღრიცხვის კვანძი აბონენტის, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბრალის გარეშე იყო დარღვეული - დარიცხვა განხორციელდა სემეკის 2001 წლის ¹15 დადგენილების მე-8 მუხლის საფუველზე („კვტ/სთ-ების დარიცხვა აბონენტისაგან დამოუკიდებლად ელექტროენერგიის აღრიცხიანობის დარღვევისას“), რომელიც ითვალისწინებს კილოვატსაათების დარიცხვის სამ მეთოდს: ა) დარღვევამდე მოხმარებით; ბ). დარღვევის გამოსწორების შემდგომი მოხმარებით; გ). შესწორების კოეფიციენტის გამოყენებით. სს .. ..-მა გამოიყენა შესწორების კოეფიციენტით დარიცხვა სწორედ იმიტომ, რომ ეს მეთოდი ყველაზე უფრო სამართლიანად და სინამდვილესთან მიახლოებულად აძლევს საშუალებას აღრიცხოს დახარჯული, მაგრამ მრიცხველის მიერ აღურიცხავი ელექტროენერგია. მოსარჩელე (უზენაესი სასამართლო), მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა განხორციელებულ დარიცხვის მეთოდს - არც იმას აკონკრეტებდა, თუ ზემოთ აღნიშნული დარიცხვის მეთოდებიდან რომელს მიიჩნევდა სწორად (სამართლიანად), არადა, შესწორების კოეფიციენტის გამოთვლით სს .. ..-მა მხოლოდ და მხოლოდ ცდომილების ის პროცენტი გამოთვალა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მრიცხველს ჰქონდა. ხოლო, თუ ცნობილია მრიცხველის ცდომილების პროცენტი და აგრეთვე კილოვატსაათების რაოდენობა, რომელიც ამ ცდომილებით მომუშავე მრიცხველმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღრიცხა, ძნელი ნამდვილად არ არის აღურიცხავი კილოვატსაათების დადგენა.

კასატორის განმარტებით, მხარეებს შორის სადავო იყო აგრეთვე ე.წ. დარღვევის პერიოდი უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულს არაფერს ამბობდნენ, ვერაფერს ამტკიცებდნენ, მიაჩნიათ, რომ დარიცხვის პერიოდი ძალიან დიდი იყო აღებული. სემეკის 2001 წლის ¹15 დადგენილებაში დარღვევის პერიოდი განსაზღვრულია როგორც „დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა იყო დარღვეული, ან ისეთი პერიოდი რომელიც გამოიყენება აღურიცხავად მოხმრებული ელექტროენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად“. ამ განმარტების მეორე ნაწილში არსებული ჩანაწერი იმას მიანიშნებს, რომ დარღვევის პერიოდი აბსოლიტური სიზუსტით შეიძლება ვერც კი დადგინდეს.

ასევე, კასატორის განმარტებით, სემეკის 2001 წლის ¹15 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო აბზაცის თანახმად, „დარღვევის პერიოდის შეფასება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, სს „ .. ..ის“ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ“. სს .. ..-ის წარმომადგენლებმა დარღვევის პერიოდი გამოთვალეს და ყველაფერი აღწერეს დარიცხვის აქტში, რაც გახდა კიდეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის სასამართლოში შეტანის მიზეზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დარჩებოდა როგორც აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹047245, ასევე 2006 წლის 4 აგვისტოს დარიცხვის აქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვეაში დავის საგანს წარმოადგენს 2006 წლის 6 ივლისს სს „.. ..-ის“ მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას შემდგარი აქტის კანონიერების საკითხი. როგორც კასატორი უთითებს, სასამართლომ ისე გააუქმა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი, რომ ფაქტიურად მასზე არ უმსჯელია. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სასამართლომ სადავო აქტი შეაფასა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების საფუძველზე და მიიჩნია, რომ სს „.. ..-მა“ მოსარჩელისათვის თანხის დარიცხვა განახორციელა სემეკის აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის, “ბ.ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო სასამართლოც.

როგორც კასატორი აღნიშნავს, სს “.. ..-მა” სემეკის 2001 წლის ¹15 დადგენილების საფუძველზე გამოითვალა ის კილოვატსაათები, რომლებიც მან მიაწოდა უზენაეს სასამართლოს და რომელიც აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის გამო ვერ აღწერა მრიცხველმა. კასატორის განმარტებით, დარიცხვა განხორციელდა მითითებული სემეკის დადგენილების მე-8 მუხლის სფუძველზე შესწორების კოეფიციენტის დარიცხვით. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ნორმის გამოყენებით კილოვატსაათების დარიცხვა სასამართლოს არ მიუჩნევია დარღვევად.

სასამართლოს მოსაზრებით, თანხის დარიცხვა წარმოებულია მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის “ბ,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. მითითებული ნორმა ითვალისწინებს დარღვევის პერიოდად დარიცხვის მკვეთრი ვარდნის შემდგომი პერიოდის გამოყენების შესაძლებლობას ობიექტის სტაბილური მუშაობის შემთხვევაში. ანუ ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის გამოყენებისას აუცილებელია ორი ფაქტორის არსებობა-დარიცხვის მკვეთრი ვარდნა და ობიექტის სტაბილური მუშაობა. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს, რომ მკვეთრი ვარდნა გამოწვეული უნდა იყოს მრიცხველის გაუმართაობით და არა ობიექტის არასტაბილური მუშაობის გამო. ანუ თუ ობიექტი ერთი და იგივე დატვირთვით მუშაობს, მაგრამ ადგილი აქვს დარიცხვის მკვეთრ ვარდნას, ასეთ შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრიცხველის გაუმართაობა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ობიექტი თავისთავად ნაკლებ დატვირთვაზე გადავიდა, ბუნებრივია, მრიცხველის გამართულ მდგომარეობაში არსებობის შემთხვევაშიც ადგილი ექნება დარიცხვის ვარდნას. ასეთი შეიძლება იყოს ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის პერიოდი, როდესაც ობიექტი წვავს ნაკლებ ენერგიას, აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო საწარმოს მუშაობის დროებით შეფერხება, გაჩერება ან საწარმოში მომხდარი ავარია. აღნიშნულ შემთხვევაში ყოველთვის ხდება დარიცხვის ვარდნა, რაც არ შეიძლება დაკავშირებული იყოს მრიცხველის გაუმართაობასთან. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს ზემოთმითითებული ნორმა, რომ სახეზე უნდა იყოს ობიექტის სტაბილური მუშაობის ფაქტი. ანუ დარიცხვის ვარდნა არ უნდა უკავშირდებოდეს ობიექტის მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების სხვა მიზეზებს და მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ასეთი ფაქტორების არსებობა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმის თაობაზეც, რომ სასამართლოს მითითებით თუ ობიექტი არასტაბილურად მუშაობს ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია შესწორების კოეფიციენტის გამოყენება. როგორც თვითონ კასატორი უთითებს აღურიცხავი კილოვატსაათების დასადგენად აუცილებელია მრიცხველის ცდომილების პროცენტის დადგენა, აგრეთვე იმ კილოვატსაათების რაოდენობის ცოდნა, რომელიც ამ ცდომილებით მომუშავე მრიცხველმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღრიცხა. ამ შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენს სწორედ იმ პერიოდის გამოვლენა, რომლის განმავლობაშიც მრიცხველი მუშაობდა ცდომილებით. სწორედ ამ პერიოდის ხანგრძლივობითაა შესაძლებელი კილოვატსაათების დათვლა. ასეთ შემთხვევაში სს „.. ..-ს“ შეუძლია შესწორების კოეფიციენტი გამოიყენოს გარკვეული პერიოდისათვის, მაგრამ ამ პერიოდისათვის უნდა გამოირიცხოს არასტაბილურობის გამომწვევის ფაქტორები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “.. ..-ის” წარმომადგენლის გ. წ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინება. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.