¹ას-764-1131-06 29 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ზ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ზ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ზ-ს მიმართ და მოპასუხისათვის 1300 დოლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2004 წლის 10 თებერვალს ა. ზ-ს ასესხა 1300 აშშ დოლარი. სესხი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა – მოთხოვნისთანავე. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა ა. ზ-ა არ უბრუნებს სესხს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელემ მოითხოვა ა. ზ-სთვის 1300 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2004 წლის 10 თებერვალს აღნიშნული თანხა მიიღო მ. ზ-სგან, მაგრამ თანხა მიიღო არა სესხის სახით, არამედ თავის მიერ აშენებული მაღაზიების ხარჯის ნაწილი, რადგან ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა სწორედ მ. ზ-ა. მათ შორის მოლაპარაკების თანახმად, მიღებული თანხის სანაცვლოდ გარკვეული დროის განმავლობაში მ. ზ-ა ა. ზ-ს შენობის ქირას არ უხდიდა. მართალია მან 1300 აშშ დოლარის თაობაზე მ. ზ-ს ხელწერილი დაუწერა, მაგრამ ამაში არ იგულისხმებოდა სესხად აღებული თანხა. აღნიშნულის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ზ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. ზ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1300 აშშ დოლარისა და 300 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. ზ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ზ-ს წარმომადგენელმა თ. თ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. ზ-ს წარმომადგენელ თ. თ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ზ-ს წარმომადგენელ თ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. ზ-ს წარმომადგენელ თ. თ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 123-124).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ა. ზ-სა და მის წარმომადგენელ თ. თ-ს (ს.ფ. 125-126). განჩინება კასატორს პირადად ჩაჰბარდა 2006 წლის 23 დეკემბერს (ს.ფ.127), ხოლო და მის წარმომადგენელ თ. თ-ს - 2006 წლის 25 დეკემბერს (ს.ფ. 128). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 9 იანვრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ზ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.