Facebook Twitter

ას-76-422-07 12 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ზ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ა. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ნ-მა 2004 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების თ. ზ-ისა და ნ. დ-ი-ზ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდევინება და ზიანის ანაზღაურება, სულ 31700 ლარის გადახდა.

კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ს სარჩელი მოპასუხე თ. ზ-ის მიმართ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ. ზ-ს მოსარჩელის ვ. ნ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5 400 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 10 800 ლარს, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 ლარი, სულ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 880 /ათიათას რვაასოთხმოცი/ ლარი; ვ. ნ-ს სარჩელი ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის 2900 ლარის, აგრეთვე მიუღებელი შემოსავლის - 2600 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე თ. ზ-მა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ნ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ. ნ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ნ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ზ-ს ვ. ნ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5400 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის თ. ზ-ის წარმომადგენელმა ა. გ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორ თ. ზ-ის წარმომადგენელს ა. გ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 270 (ორას სამოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.

თ. ზ-ის წარმომადგენელმა ა. გ-მ ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და წარმოადგინა ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ორი კვირით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით კასატორ თ. ზ-ის წარმომადგენელს ა. გ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 270 (ორას სამოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. ზ-ის წარმომადგენლის ა. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორ თ. ზ-ის წარმომადგენელს ა. გ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 270 (ორას სამოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად (ს.ფ. 155-157). თ. ზ-ის წარმომადგენელმა ა. გ-მ ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და წარმოადგინა ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ორი კვირით (162-163). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით კასატორ თ. ზ-ის წარმომადგენელს ა. გ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 270 (ორას სამოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 164-165). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა თ. ზ-ის წარმომადგენელს ა. გ-ს (ს.ფ. 166), რაც 2007 წლის 16 მარტს პირადად ჩაბარდა მას (ს.ფ. 167). ხოლო თ. ზ-ს კი ჩაბარდა 2007 წლის 14 მარტს (ს.ფ. 169). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 25 მარტის ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან თ. ზ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ზ-ის წარმომადგენლის ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.