Facebook Twitter

¹ას-766-981-08 14 აპრილი 2009 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

კასატორი – შპს ,,საქართველოს რკინიგზა“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი – თ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ყ.“ ( მოსარჩელე)

წარმომადგენელი – თ. მ-ელი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –უკანონოდ დარიცხული თანხების ჩამოწერა

P ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ყ.“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „ს. რ.“ მიმართ, მოპასუხის მიერ დაკისრებული სარკინიგზო ვაგონით სარგებლობით გამოწვეული მოცდენის საფასურის 46.440 ლარის ჩამოწერის და თანხის საზოგადოებისათვის დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ყ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კერძოდ, მოპასუხეს შპს „ს. რ.“ მოსარჩელის შპს ,,ყ.“ სასარგებლოდ დაეკისრა 46.440 (დარიცხული თანხის) და მოსარჩელის მიერ გადახდილი (სახელმწიფო ბაჟის) 1393,70 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ.“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ყ.“ და ირანულ საზოგადოება „კ. ა. ბ. ე. ი.“ შორის დაიდო 600 კუბური მეტრი ხის მასალის მიწოდების ხელშეკრულება. ირანში აღნიშნული საზოგადოებისათვის ხის მასალის მიწოდების მიზნით ტვირთი გადაეცა გადამზიდველს - შპს „ს. რ.“. 2006 წლის 26 სექტემბერს შპს ,,ყ.“ ქ.თელავში დატვირთა სამი ვაგონი ხის მასალა ირანში გასატანად. მასალის რაოდენობა დაფიქსირდა საბაჟო დეკლარაციებში, რომლის თანახმად, ტვირთის რაოდენობამ შეადგინა 180 კუბური მეტრი და განბაჟდა ამავე რაოდენობით.

2006 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება შპს ,,ყ.“ ხელმძღვანელი პირების მიმართ საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობის უძრავი ნივთის გადატანის ფაქტზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 01 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, შპს „ს. რ.“ დააყოვნა სამი ვაგონი, რომელშიც ჩატვირთული იყო შპს ,,ყ.“ კუთვნილი ხე-ტყის მასალა.

შპს „ს. რ.“ მიერ შპს ,,ყ.“ დაეკისრა ვაგონების მოცდენის საფასური 46.440 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2007 წლის 28 თებერვალს ნოდარ ალიადინმა შპს ,,ყ.“ მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე გადაუხადა შპს „საქართველოს რკინიგზას“.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოება, რომ შპს ,,ყ.“ მიერ საბაჟო დეკლარაციაში ექსპორტირებული მასალის შესახებ არასწორმა მითითებამ გამოიწვია ვაგონების დაყოვნება.

პალატამ მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს რკინიგზას“ ზიანი არ მიდგომია ზედნადებში არასწორად მითითებული მონაცემის გამო, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ სამი ვაგონი, მასში მოთავსებული ხის მასალა და მისი თანმდევი დოკუმენტაცია მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაცია არ იქნა დადასტურებული.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ.“.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა რკინიგზის მოსაზრება, რომ შპს ,,ყ.“ მიერ საბაჟო დეკლარაციასა და ზედნადებში ექსპორტირებული ხის მასალის შესახებ უსწორო მონაცემის მითითებამ გამოიწვია 3 ვაგონის დაყოვნება, რაზეც რკინიგზამ მართებულად დაარიცხა 46 440 ლარი.

კასატორის აზრით, საგამოძიებო მასალებით დადასტურდა, რომ 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 31 იანვრამდე პერიოდში შპს ,,ყ.“ კუთვნილი 196,46 კუბ.მ. ხის მასალა ჩატვირთული და გაჩერებული იყო შპს „ს. რ.“ 3 ვაგონში, ანუ ამ 3 ვაგონს ფლობდა და სარგებლობდა ,,ყ.“ და შესაბამისად, რკინიგზას არ ჰქონდა ამ ვაგონებით სხვა გადაზიდვის განხორციელებისა და შემოსავლის მიღების საშუალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ყ.“ აწარმოებდა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვას. 2006 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის საფუძველზე შეყოვნდა შპს ,,ყ.“ ტვირთი, რის გამოც ადგილი ჰქონდა შპს ,,ს. რ.’’ ვაგონების მოცდენას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, შპს ,,ყ.“ მიერ არ ყოფილა ჩადენილი დანაშაული, ასევე არ არის დადასტურებლი მის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ვაგონების მოცდენისათვის. სააკასაციო პალატა არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს როგორც საქმეში არსებული მასალებიდან, ასევე კანონის მოთხოვნებიდან.

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოხდა შპს ,,ს. რ.’’ ვაგონების მოცდენა. უდავოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულში ბრალი რკინიგზას არ მიუძღვის. ხოლო ყოველი ვაგონის მოცდენა შესაბამისი ანაზღაურების გარეშე გულისხმობს რკინიგზისათვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ რკინიგზა პასუხს აგებს მისთვის Mმიყენებული ზიანისათვის, ისე რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის ასეთი შედეგის დადგომაში.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმარტიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა. სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისათვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლება დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. Fროგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს ,,ყ.“ გადააცილა ვაგონებში ტვირთის განთავსების ვადას. ამასთან, ტვირთი გაჩერდა ტვირთმფლობელის მიზეზით და ასეთი შედეგი არანაირად არ არის განპირობებული რკინიგზის ბრალით ან მიზეზით. ვაგონის მოცდენისას თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ზიანი ადგება რკინიგზას. სასამართლო ვალდებულია დაიცვას როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის ინტერესი; მაგრამ ერთი მხარის ინტერესების დაცვით, არ შეიძლება შეილახოს მეორე მხარისათვის კანონით მინიჭებული უფლება. კანონმდებლობა შპს „ს. რ.“ უფლებამოსილს ხდის ტვირთის მფლობელს გადაახდევინოს ვაგონების სარგებლობის საფასური. ამ უფლების უგულვებელყოფის შემთხვევაში კი ირღვევა რკინიგზის უფლებები და შესაბამისად ირღვევა კანონის მოთხოვნაც.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 45-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ტვირთგამგზავნი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება თუ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა აკრძალა ტვირთის დატვირთვა ან გადმოტვირთვა, ასევე თუ მან შეზღუდა ან შეწყვიტა ტვირთის დატვირთვა. როგორც აღნიშნული ნორმის სათაურიდანვე ირკვევა, აღნიშნული ნორმა ეხება სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისა და გამოუყენლობის შემთხვევებს, რასაც ადგილი არ ჰქონია მოცემულ შემთხვევაში. ხოლო უფლებამოსილ პირში შეიძლება ვიგულისხმოთ მხოლოდდამხოლოდ რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომელი და არა ნებისმიერი პირი, ვინც აჩერებს ტვირთს.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. მართალია, შპს ,,ყ.“ მიმართ არ დადგენილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Fფაქტი, მაგრამ ტვირთი გაჩერდა მისი მიზეზით, ხოლო ამ ვაგონების დაცლის დაყოვნების პერიოდში რკინიგზამ ვერ შესძლო ვაგონების დანიშნულებისამებრ გამოყენება და ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც იგი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის შედეგად იღებს. ასეთ შემთხვევას კი სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლი ვადის გადამცილებლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას დაწესებას უკავშირებს. იგივეა მითითებული საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილშიც. აღნიშნული ნორმის თანახმად, ვაგონით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება დაყოვნების მთელი პერიოდისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ.“ სწორად გადაახდევინა შპს ,,ს. რ.’ ვაგონების მოცდენისათვის თანხა. ეს თანხა კი არ წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგს, ამიტომ იგი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვლისწინებით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და ახალი გადაწყვეტილები მიღებას. სასმართლო თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს ,,ს. რ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

შპს ,,ყ.“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

შპს ,,ყ.“ დაეკისროს შპს ,,ს. რ.” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4248,7 ლარის გადახდა შპს ,,ს. რ.” სასარგებლოდ;

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.