ას-767-1093-07 3 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე როზა ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. კ-სა და სხვათა ქონების უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად ცნობა, ამ ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ... სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით თ. ბ-ს, მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ის წარმომადგენელ მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ის წარმომადგენლმა მ. გ-მ, მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ...-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის თანახმად, განსჯადობის მიხედვით გადაეცა საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსით 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაგზავნის დრო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ მუხლის შინაარსის მიხედვით, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ უწყება გაეგზავნა როგორც მხარეს, ასევე წარმომადგენელს და ეს უწყება ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყების ჩაბარების თაობაზე, მხარემაც და წარმომადგენელმაც ერთმანეთს უნდა აცნობონ. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, აგრეთვე, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-ს, მ. დ-ესა და მათ წარმომადგენლ მ. გ-ს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-სა და ნ. კ-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2007 წლის 5 ივლისს (ს.ფ.127,128,130,131), მ. დ-ეს _ 2007 წლის 6 ივლისს (ს.ფ.126), მათ წარმომადგენელ მ. გ-ს კი 2007 წლის 9 ივლისს (ს.ფ.125). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან 2007 წლის 5-6 ივლისიდან.
საკასაციო საჩივარი მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ის წარმომადგენელმა მ. გ-მ შეიტანა 2007 წლის 7 აგვისტოს, ე.ი. ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, იყო 2007 წლის 6 აგვისტო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ს, ე. ჩ-ნ-ა-ს, ს. კ-ს, ი. ა-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ის წარმომადგენელ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.