ას-768-1135-06 26 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ გურამ სუპატაშვილი
კასატორი – ა. გ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ.ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენლები _ რ.ბ-ე, თ.ჭ-ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. გ-მ 2006 წლის იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 31 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1993 წელს ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ბ-ს გადასცა 28 კმ ქსოვილი, 1 მ ღირებული 1.90 აშშ დოლარად. მოპასუხე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას და მოსარჩელეს შეუთანხმდა, რომ აღნიშნულ საქონელს თურქეთში გაყიდიდა და 10 დღეში გადაუხდიდა საფასურს 54000 აშშ დოლარს. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მ.ბ-მ განუცხადა, რომ მოატყუეს და შეპირებულ თანხას ვერ გადაუხდიდა. ა. გ-მ მოპასუხეს მოსთხოვა თანხის დაუყოვნებლად გადაცემა, რის შედეგად მ. ბ-ე წავიდა თურქეთში და მოსარჩელეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი და 6 კმ ქსოვილი. 1999 წლის 29 მარტს მ. ბ-მ მოსარჩელეს გადაუხადა 7000 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია ქ.ბათუმის საგამოძიებო განყოფილების 2004 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით. 2002 წელს მოპასუხემ დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი. მ.ბ-ს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 31600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. მან სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 1993 წელს გადასცა საშარვლე ქსოვილი ანუ მხარეთა შორის ურთიერთობა ამ წელს წარმოიშვა. მხარეები სადავოდ არ ხდიან არც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თანხის ნაწილი, კერძოდ 8000 დოლარი, მოპასუხემ 1993 წელსვე გაისტუმრა. გადახდილმა თანხამ და დაბრუნებული ქსოვილის ღირებულებამ შეადგინა 12 400 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას მოპასუხემ 2002 წელს დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი. ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტმა სასამართლოს კანონით დადგენილი წესით ვერ წარმოუდგინა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად მიუთითა, რომ მ. ბ-ის მოწმედ მოხმობა ვერ გამოდგება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე და 80-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ 1993 წლის შემდგომ გასულია ყველანაირი ხანდაზმულობის ვადა, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. გ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მხოლოდ მე-80 მუხლი და უგულვებელყო იგივე კოდექსის 82-ე და 83-ე მუხლები. ეს საკითხი ანალოგიურად არის მოწესრიგებული ასევე 1997 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსშიც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლში. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი არგუმენტაცია იმის თაობაზე თითქოს მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ მისთვის 2002 წელს 3000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ მისცა მხარეებს მტკიცებულების წარდგენის საშუალება, არ მიიღო მოწმეების: გ. ბ-ის, ზ. გ-ის, ი. ს-ს, მ. ლ-ის წერილობითი ფორმის ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, რომელთა თანდასწრებითაც 2002 წელს მოპასუხემ გადასცა 3000 აშშ დოლარი. კასატორის მითითებით, სასამართლომ ისე დაადგინა მისი კანონიერი მოთხოვნის ხანდაზმულობა, რომ არ გაითვალისწინა არა მარტო 2002 წელს მოპასუხის მიერ ვალდებულების აღიარებისა და თანხის ნაწილის გადახდის ფაქტი, ასევე არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მის მიერ ქ. ბათუმის პროკურატურისადმი მიმართვისა და პროკურატურის მიერ მასა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი ურთიერთობის შესწავლის თაობაზე არსებული დოკუმენტაცია და მტკიცებულებანი, რითაც სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1995-1998 წლებში ორჯერ გადაიტანა ინფარქტი და ამის გამო სასამართლომ საპატიოდ უნდა ჩათვალოს ის გარემოება, რომ 1993 წლის შემდეგ 2004 წლამდე ვერ შეძლო სარჩელის აღძვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. გ-მ მ. ბ-ს გასაყიდად გადასცა საშარვლე ქსოვილი. გაყიდული საქონელით აღებული თანხიდან მ.ბ-მ მოსარჩელეს 1993 წელს დაუბრუნა 12400 აშშ დოლარი, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მაგრამ მხარეები სადავოდ ხდიან მ.ბ-ის მიერ ა.გ-სათვის 3000 აშშ დოლარის გადაცემის დროს, რადგან ა.გ-ის მტკიცებით მან ეს თანხა მოპასუხისაგან მიიღო 2002 წელს; კასატორის განმარტებით, ამით მ.ბ-მ აღიარა მის მიმართ ვალდებულების არსებობა და ამ მომენტიდან ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. იგი აღნიშნულს ადასტურებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ა.გ-მ სასამართლოს კანონით დადგენილი წესით ვერ წარმოუდგინა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ამიტომ საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1993 წლიდან, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან დაირღვა მოსარჩელის უფლება, მას შემდეგ კი გასულია ყველანაირი ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თობაზე, რომ მისი ავადმყოფობა, ასევე პროკურატურისათვის მიმართვა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველად, რადგან საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გარემოებები არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების სამართლებრივ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.