¹ას-769-1136-06 22 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
A
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს „ .. .. ..“ მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, 1973 წლის 4 დეკემბერს სამუშაოდ დაინიშნა ქუთაისის გ. ა-ში (ამჟამად შპს „ .. .. ..“) .... სამსახურში ... მორიგის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. 1983 წლის 20 დეკემბერს გადაიყვანეს ... მიმღებ-ჩამბარებლად, სადაც მუშაობდა 2006 წლის 14 იანვრამდე და მისი ხელფასი შეადგენდა 90 ლარს. 2006 წლის 13 იანვარს შპს „ .. .. ..“ ადმინისტრაციამ გაათავისუფლა სამუშაოდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, შტატების შემცირების მოტივით.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სამუშაოდან მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ვინაიდან გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მიღებული აქვს საპატიო სიგელი, გამოცხადებული აქვს მადლობა ამასთან, მისი შტატი არ გაუქმებულა და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ შტატის გაუქმება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გ. ს-მ მოითხოვა შპს „ .. .. ..“ ... სამსახურის რეგისტრატორად აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ს-ისა და მისი წარმომადგენლის მ. გ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი აღდგენილ იქნა შპს „ .. .. ..“ ... სამსახურის რეგისტრატორად და აუნაზღაურდა სამი თვის იძულებითი განაცდური 270 ლარის ოდენობით.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ .. .. ..“ დირექტორმა ბ. ჭ-მ, სადაც მიუთითა, რომ სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ 2006 წლის 9 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით შპს „ .. .. ..“ ხელმძღვანელი პირები, მათ შორის დირექტორის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში იმყოფებოდნენ დაუგეგმავ მივლინებაში, საქართველოში გაეროს მშვიდობიანი მისიის ოფისში. საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „ .. .. ..“ დირექტორის ბ. ჭ-ის, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
შპს „ .. .. ..“ დირექტორმა ბ. ჭ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს „ .. .. ..“ დირექტორს ბ. ჭ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „ .. .. ..“ დირექტორის ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს „ .. .. ..“ დირექტორს ბ. ჭ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 80-81).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს „ .. .. ..“ დირექტორს ბ. ჭ-ს (ს.ფ. 82). განჩინების ასლი კასატორს ჩაბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს (ს.ფ. 83). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2006 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ .. .. ..“ დირექტორის ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ .. .. ..“ დირექტორის ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.