Facebook Twitter

ას-770-1094-07 16 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ე-გ-ე, თ. ჩ-ე, ნოტარიუსი ე. წ-ე, .. .. სამსახური (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, იურიდიული ფაქტის დადგენა, უძრავი ნივთის გაყოფა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-ე-გ-ის, თ. ჩ-ის, ნოტარიუს ე. წ-ისა და .. .. სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრში საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის, ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევში მდებარე ¹5/61 ბინის, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების, გაყოფისა და ბინიდან მოპასუხე თ.ჩ-ის გამოსახლების შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში ქ. ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევის ¹5/61-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე მ. ა-ე და ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული მ. ა-ე-გ-ე ერთი და იგივე პიროვნებაა, ხოლო დანარეჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევის ¹5/61-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი ბინა 1998 წლის 18 აგვისტოს შეიძინა მ. ა-მ დ. ვაჩიბერიძისაგან და საჯარო რეესტრში ქონება აღირიცხა შემძენის სახელზე. ქორწინების მოწმობის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ა. გ-ე და მ. ა-ე დაქორწინდნენ 1978 წლის 18 მაისს და ცოლს მიეკუთვნა ქმრის გვარი _ გ-ე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და მოითხოვენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, რომ მ. ა-ე და მ. ა-ე-გ-ე ერთი და იგივე პიროვნებაა. ამდენად, სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა მხარის მოთხოვნა ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევის ¹5/61-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე მ. ა-ე და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული მ. ა-ე-გ-ე ცნობილ იქნეს ერთი და იგივე პირად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2006 წლის 7 სექტემბერს მ. ა-სა და თ. ჩ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო საცხოვრებელ ბინაზე და ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევ ¹5-61-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა თ. ჩ-ე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2006 წლის 7 სექტემბერს მ. ა-ე-გ-სა და თ. ჩ-ს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ნივთი ირიცხებოდა მ.ა-ე-გ-ის სახელზე და თ.ჩ-ე წარმოადგენს ბინის კეთილსინდისიერ შემძენს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო ბინა იყო მეუღლეთა თანასაკუთრება, რადგან აღნიშნული მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ დაადასტურა და სადავო ბინის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ა. გ-ის მოთხოვნა თ. ჩ-ის ბინიდან გამოსახლების შესახებაც, რადგან მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენია და მისი მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვა დაუშვებელია. ასევე, პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ა. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება შემდეგი საფუძველბით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი ამავე კოდექსის 1158-ე, 1159-ე და 1164-ე მუხლების ნაცვლად. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ბინა მ. ა-მ შეიძინა კასატორთან ქორწინების პერიოდში და მისი ნებართვის გარეშე თ. ჩ-ზე უკანონოდ გაასხვისა. ამდენად, სასამართლოს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა ეცნო. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ მ. ა-ე და უძრავი ნივთის გამსხვისებელი მ. გ- ერთიდაიგივე პირია, დადგენილ იქნა სადავო გარიგების დადების შემდეგ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. გ-ს მ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ბინის გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ერთ-ერთი მეუღლის მიერ საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 185-ე მუხლებს და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ა. გ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.