ას-771-1095--07 21 დეკემბერი,2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –სს ,,ე...” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე--- ა. მ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
დავის საგანი –ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. მ-მ, მოპასუხედ მიუთითა სს „ს...ა“ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით მასზე 34054 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 200 ლარის ოდენობით დაკისრება.
მოსარჩელე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებს:
2006 წლის 13 მარტს დაახლოებით 1330 საათზე მოულოდნელად სამზარეულო ოთახში გაჩნდა ხანძარი. ცეცხლის ალი მოედო მთლიანად საცხოვრებელ სახლს. სახანძრო რაზმი ადგილზე გამოცხადდა გამოძახებიდან დაახლოებით 1520 წუთში. მათ მოსვლამდე ხანძარმა მთლიანად გაანადგურა საცხოვრებელი სახლი.
მოსარჩელემ იმავე დღეს მიმართა ზუგდიდის შს სამმართველოს, რაც საფუძვლად დაედო საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყებას.
2006 წლის 25 მარტს მოცემულ საქმეზე დაინიშნა ქიმიური სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს. სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე და ჩატარებული კვლევების საფუძველზე საცხოვრებელ სახლში, ხანძრის გაჩენის უშუალო ტექნიკური მიზეზია სატრანსფლომატორო ქვესადგურიდან გამომავალი „ც“ ხაზის დაზიანება და ელ.ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდება, შემდგომ ელ. სადენების გადატვირთვა დამცავი იზოლაციის, ახლო მდებარე საგნებისა და მასალების აალება.
ზუგდიდის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის აქტით განისაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრით გამოწვეული ზარალი, რომლის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 34054.5 ლარი.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 5 სექტემბრის ¹... დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. ამასთან დადგენილებაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლი განადგურდა ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის შედეგად, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის მიმწოდებელ სს „ს...ს“.
მოპასუხე სს „ს...ის“ წარმომადგენელმა კ. კ-მა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ შედგენილი ადგილის დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული არც ერთი საყოფაცხოვრებო ნივთი, ხოლო ექსპერტმა აღნიშნა, რომ ადგილზე ნახა ქონების ნარჩენები, რის მიხედვითაც შეაფასა ქონება, რაც საეჭვოა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ს...ს“ დაეკისრა ა. მ-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 34054,5 ლარის და ადვოკატის მომსახურების 200 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს...მ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინებით სს “ს...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2006 წლის 13 მარტს ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა ¹85-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი, რაზეც იმავე დღესვე შედგენილი იქნა აქტი ხანძრის შესახებ. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახლში ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზს წარმოადგენდა სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან გამომავალი „0“ ხაზის დაზიანება და ელ.ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდება, რამაც გამოიწვია ელ. სადენების გადატვირთვა დამცავი იზოლაციის, ახლო მდებარე საგნებისა და მასალების აალება. საქალაქო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 5 სექტემბრის ¹... დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხანძრით გამოწვეულმა ზარალმა შეადგინა 34054,5 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად ზიანის ანაზღაურებისათვის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია ზიანის არსებობა, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, ქმედებასა და ზიანს შორის კი უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მარტოოდენ ზიანის არსებობა არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა საქმეში არსებული 2006 წლის 6 ივლისის ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა ¹85-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზს წარმოადგენდა სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან გამომავალი „0“ ხაზის დაზიანება და ელ.ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდება, რამაც გამოიწვია ელ. სადენების გადატვირთვა დამცავი იზოლაციის, ახლო მდებარე საგნებისა და მასალების აალება. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ხანძრის გამოწვევაში ბრალი მიუძღვის სს „ს...ს“, ვინაიდან დამტკიცებული „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ თანახმად, ენერგომომარაგებელი ორგანიზაცია ვალდებული იყო უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი ელექტრული ქსელების ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც მის მიერ მოცემულ შემთხვევაში არ იყო უზრუნველყოფილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მ”.
კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დებულებები, რომლის თანახმადაც „ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს“ თუ სასამართლო გამოიყენებდა აღნიშნულ ნორმას არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი გარემოების პრაგმატული განმარტებით, რომ „0“ ფაზის გაწყვეტის შედეგად წარმოქმნილი (მყისიერად არა ხანგრძლივად) მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად მოხდა დამცავი იზოლაციის გადახურება და აალება, არამედ გამოიკვლევდა „0“ ხაზის გაწყვეტის მიზეზებს, თუ რამდენად გაწყდა იგი ენერგოკომპანიის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. სავარაუდო იყო თუ არა ენერგოკომპანიისათვის ხაზის გაწყვეტა და მიაწოდა თუ არა მან მომხმარებელს უხარისხო პროდუქცია. ამასთან, იმავე ექსპერტიზის ¹.... დასკვნაში (რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო ამყარებს თავის მოტივაციას) და საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში ხაზგასმითაა აღნიშნული და დადგენილია, რომ „0“ ხაზის გაწყვეტა გამოიწვია ძლიერი ქარიშხლის შედეგად ხაზების ურთიერთშეხების (მოკლე ჩართვამ) ფორსმაჟორულმა სიტუაციამ სტიქიის სახით და არა ვისიმე მხრიდან განზრახმა, დაუდევრობითმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ სწორედ სტიქიური მოვლენის შედეგად იქნა წარმოქმნილი სისტემაში მყისიერი მაღალი ძაბვა, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ხელი შეეწყო ძაბვის ვარდნამდე ისედაც გადახურებული იზოლაციის აალებისათვის, რადგანაც ძაბვის ვარდნა არა ხანგრძლივი, არამედ მყისიერი მოვლენაა და შეუძლებელია გამართული სისტემის ფარგლებში მისი მოქმედებით რაიმე ნივთიერების აალება, ხოლო მიზეზები, რომლებითაც სასამართლო მოტივირებს, წარმოადგენენ „0“ ხაზის გაწყვეტის თანმდევ მოვლენებს და არა ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზებს.
კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის დებულებები, რომლის თანახმადაც „თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული“ თუ სასამართლო გამოიყენებდა აღნიშნულ ნორმას, გამოარკვევდა, რომ შეუძლებელი იყო ხანძრის გაჩენა მხოლოდ მყისიერი ძაბვის ვარდნის შედეგად დაადგენდა, რომ ადგილი ჰქონდა სულ ცოტა შერეულ ბრალს და მეტწილად დაზარალებულის ბრალით საცხოვრებელი სახლის შიდა ელ.გაყვანილობის მოუწესრიგებლობის გამო, რაც აღნიშნულია კიდეც საქმის მასალებში და თვით დაზარალებულიც აღიარებს, რომ დაზარალებული ამუშავებდა ელექტრო ღუმელს. ამასთან სწორედ ელ. ღუმელის ადგილმდებარეობა გახდა ხანძრის კერა.
ამასთან, თუ არა შერეული ბრალი და ხანძრის მიზეზად ჩაითვლება მაღალი ძაბვის მიწოდება-იგივე მაღალი ძაბვა იმავდროულად მიეწოდება დაზარალებულის მახლობლად მდებარე ობიექტებსაც, რომლებშიც (როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი) შემთხვევებს ან/და საშიშროებას ადგილი არ ჰქონია.
ასევე კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა აგრეთვე სემეკის მიერ დადგენილი „ელ.ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგანაც მას, როგორც კანონმდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს აქვს იურიდიული ძალა), რომლის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მომხმარებელი ვალდებულია ობიექტის პროექტირების დროს დაიცვას ტექნიკური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები“. იმავე წესების მე-4 მუხლის „ი“ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები“ იმავე წესების მე-4 მუხლის „ი“ პუნქტის შესაბამისად „მომხმარებლის განაცხადი ქსელში მიერთებაზე უნდა მოიცავდეს ცნობებს დამიწების; სარელვო დაცვის. ავტომატიკის, იზოლაციის გადაძაბვისაგან დაცვასა და ელექტრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. თუ სასამართლო გამოიყენებდა ამ ნორმას დაადგენდა, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა მოწესრიგებული ელ. სისტემა, არ გააჩნდა სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მექანიზმი, რადგანაც აღნიშნული მექანიზმები იმოქმედებდნენ მაღალი ძაბვის მიწოდების შემთხვევაში, რითაც გამოირიცხებოდა და აირიდებოდა ხანძრის გაჩენა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ განმარტა და არ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატება ენერგოკომპანიას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება. რაში მდგომარეობს მიზეზობრივი კავშირი ენერგოკომპანიის ბრალეულ მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და რაში მდგომარეობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. თუ სასამართლო სწორ ინტერპრეტაციას მისცემდა აღნიშნულ ნორმას და სწორად განმარტავდა მას დაადგენდა, რომ ენერკომპანიის ბრალი „0“ ხაზის გაწყვეტის მიზეზებში არ არსებობს და რომ ენერკომპანიას არ შეეძლო მისი გაწყვეტის, შესაბამისად ძაბვის ვარდნას და ხანძრის გაჩენის თავიდან აცილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სს „ს...მ“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ე...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ე...ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1,702.70 ლარის 70% - 1191.89 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ე...ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1191.89 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.