ას-771-1138-06 12 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჯ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება და მატერიალური ზიანის _ 2330 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელზე ნ. ჯ-ის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ე. მ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო ბინიდან გამოსახლების ნაწილში გაუქმდა და დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ-ს უარი ეთქვა ნ. ჯ-ის ბინიდან გამოსახლებაზე, რაც ე. მ-მ კვლავ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. მ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ე. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 316,5 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. კასატორმა განცხადებით მოითხოვა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი გადახდის გადადება. საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ე. მ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა. კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ქსეროასლი. საკასაციო პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით კასატორს ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით კვლავ გაუგრძელდა და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი. აღნიშნულის მიუხედავად, ე. მ-მ წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ქსეროასლი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ე. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.
კასატორს აღნიშნული ხარვეზის შევსების ვადა არაერთხელ უშედეგოდ გაუგრძელდა და საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღეში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, კასატორს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 23 თებერვალს, თუმცა ე. მ-ს დადგენილი ხარვეზი კვლავ არ გამოუსწორებია, არამედ კვლავინდებურად წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ქსეროასლი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, კასატორს მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.