ას-771-986-08 24 მარტი, 2009 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ. ო-შვილი(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს ,,ტ.-ი”, სს ,,წ.-ი’, შპს ,,ა.-ა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ო-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების სს „ტ.-ის“, სს „წ.-ის“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...-ის სახელობის ცენტრალური ...-ის უნივერსიტეტის ა.-ის მიმართ“, რომლითაც მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
თბილისის დიდუბა-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ო-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ო-შვილი თსსუ ...-ის სახელობის ... საავადმყოფოს ...-ის სექციაში მკურნალობდა 1991 წლის 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე, სადაც მას ჩაუტარდა მარცხენა სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა (ორქიექტომია).
მ. ო-შვილმა 1996 წლის 13 მარტს სამკურნალოდ მიმართა ...-ის ეროვნული ცენტრის პირველ ... განყოფილებას. ჰოსპიტალიზაციის დროს დაუდგინდა დიაგნოზი: შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ჭვალი, კლინიკური კვლევებით მარცვენა მხარეს აღმოჩნდა შარდის პასაჟის დარღვევა, რომლის აღდგენის მიზნით განხორციელდა მარჯვენამხრივი პერკუნტალური ნეფროსტომია, ჩაუტარდა ცისტოსკოპი-ბიოფსია. მორფოლოგიური კვლევით დადგინდა შარდის ბუშტის ეპითელიური ზომიერი დისპლაზია, ლორწქვეშა შრეში – ანთებით უბნები.
1996 წლის 5 აპრილს ავადმყოფი გადაყვანილი იქნა ფტიზიატრიისა და ჰულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიის განყოფილებაში, სადაც ის მკურნალობდა 28 მაისამდე. კომპლექსური გამოკვლევებით დადგინდა თირკმლების კავერნოზული ტუბერკულოზი, შარდის ბუშტის ტუბერკულოზი, მარჯვენამხრივი პერიურეთრიტი, პოსტატის ტუბერკულოზი.
1996 წლის 14 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე B ჰეპატიტის გამო მ. ო-შვილი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში.
1999 წლის 2 დეკემბერს მ. ო-შვილი განმეორებით მოთავსდა უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პირველ უროლოგიურ განყოფილებაში. ჩატარებული კლინიკურ-რენტგენოლოგიური კვლევებით დადასტურდა შარდ-სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი და დაენიშნა ანტიტუპერკულოზური მკურნალობის გაგრძელება. მკურნალობის შემდგომ, 2000 წლის 25 იანვარს, ავადმყოფი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
2000 წლის 23 თებერვალს მ. ო-შვილი განმეორებით იქნა ჰოსპიტალიზებული უროლოგიის ინსტიტუტში მარჯვენამხრივი ნეფროსტომიის ამოვარდნის გამო, სადაც მას ჩაუტარდა კონსერვატული მკურნალობა და 2000 წლის 28 თებერვალს ავადმყოფი გაეწერა კლინიკიდან.
მ. ო-შვილი 2000 წლის 6 მარტიდან 12 ივნისამდე მკურნალობდა ტუბისტიტუტში.
2000 წლის 4 დეკემბრიდან 2001 წლის 3 ივნისამდე მ. ო-შვილი მკურნალობდა ტუბერკულოზისა და ჰულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც ჩაუტქარდა ტუპერკულოწის საწინააღმდეგო მკჯურნალობის მორიგი კურსი და საკონტროლო გამოკვლევებიბ ავადმყოფს დაუდგინდა მარჯვენა თირკმლის ფიბროზული კავერნოზული ტუბერკულოზი (უფუნქციო თირკმელი), მარჯვენამხრივი ბუპერკულოზური ურეთრიტი შარდსაწვეთის ტუბერკულოწი, ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის ქრონიკული I-II ხარისხის უკმარისობა, რენული ჰიპერტენზია. გადაწყდა მარჯვენამხრივი ნეფრექტომიის ჩატარება.
2001 წლის 9 მარტს ავადმყოფს ჩაუტარდა ოპერაცია – მარჯვენამხრივი სუბკაფსულური ნეფრექტომია (ამოღება).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის ... განყოფილებაში მ. ო-შვილი განმეორებით მოთავსდა 2001 წლის 4 მაისს მარჯვენამხრივი ნეფრესტომიის შემდეგ ჩამოყალიბებული ჩირქმდენი ფისტულის გამო. კლინიკაში მოთავსებისთანავე ვენური ნარკოზის ქვეშ ჩირქოვანი ფისტულა ამოიკვეთა. 18 მაისსა ავადმყოფი გაეწერა კლინიკიდან მეორეულად მიმდინარე შეხორცებადი ჭრილობით და დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა.
პალატამ მიიჩნია,, რომ მას შემდეგ რაც მ. ო-შვილს თსსუ ...-ის სახელობის ... საავადმყოფოს ...-ის განყოფილებაში დაუდგინდა სათესლე ჯირკვლის ტუბერკულოზი, ის აყვანილი უნდა ყოფილიყო დისპანსერულ მეთვალყურეობაზე და უნდა ჩატარებოდა შესაბამისი მკურნალობა. სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო პაციენტისათვის დროულად მიეწოდებინა ინფორმაცია დიაგნოზისა და ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მ. ო-შვილი ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე. ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, აღნიშნულმა უარყოფითი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მკურნალობის ეფექტურობაზეც.
პალატამ მიაჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულებას უნდა გამოეყენებინა პროფესიული გულისხმიერება, კერძოდ, უზრუნველეყო პაციენტი დროული ინფორმაციით მისი ავადმყოფობის შესახებ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მისი შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
პალატამ მ. ო-შვილის სარჩელი დაწესებულების მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილა.
პალატამ განმარტა, რომ არც სააპელაციო საჩივარში და არც სარჩელში მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ არის დაზუსტებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაცივრა მ. ო-შვილმა.
კასატორის განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი ითხოვს 100 000 ლარის მორალური ზიანისათვის. ასევე ვინაიდან სახეზეა მატერიალური ზიანის დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც გამოიხატება არასწორი დიაგნოზის დასმაში, მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს მის მიერ დღემდე გაწეული ყველანაირი მატერიალური ხარჯების ანაზღაურება, რაც მკურნალობასა და მოვლა-პატრონობას დასჭირდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საქმის მასალები, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
საკასაციო საჩივარში შინაარსობრივად შეიცავს მ. ო-შვილის ავადმოყოფობების აღწერას მასში ასევე მოყვანილია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მ. ო-შვილს ჯერ კიდევ 1991 წელს ჩაუტარდა სათესლე ჯირკვლის ტუბერკულოზი, რის გამოც ამ მიმართებით სპეციფიკური ანტიტუბერკულიოზური თერაპია 1996 წლამდე არ ჩატარებულა. აღნიშნულმა კი უარყოფითი ზეგავლენა იქონია ავადმყოფის შემდგომ ჯანმრთელობის მდებარეობასა და მკურნალობის ეფექტურობაზე. როგორც კასატორი უთითებს იგი სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ითხოვს 100000 ლარის დაკისრებას მორალური ზიანისათვის. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ნორმის საფუძველზე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა 10000 ლარის ოდენობით. კასატორი კი არ უთითებს რატომ არ ეთანხმება სასსმართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი არაა დარღვეული უფლების სრულყოფილი რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მაგრამ ამასთან, შეუძლებელია კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ განისაზღვროს. ბუნებრივია მ. ო-შვილმა მიიღო დიდი სულიერი ტკივილი ხანგრძლივი და მეტად რთული ავადმყოფობის გამო. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულში დაადგინა მხოლოდ თსსუ აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ბრალი და ზიანის ოდენობაც 10 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა. საკასაციო საჩივარში კი აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი და არ უთითებს აღნიშნული შედეგის საწინააღმდეგოდ არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძვლებს. ასევე მიზანშეწონილობის ფარგლებზეც თუ რატომ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს ზიანის ანაზღაურება უფრო მეტი ოდენობით
რაც შეეხება კასატორის მითითებას მატერიალურ ზიანთან მიმართებაში, იგი არ შეიცავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს განმარტავს, რომ არც სარჩელში და არც საჩივარში არ არის მითითებული მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა. აღნიშნული არ დგინდება საქმის მასალებითაც. ამის საწინააღმდეგო მოსაზრებაზე ვერ უთითებს კასატორი. ვერ უთითებს იმ საფუძვლებსაც თუ რატომ უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე ქ. ჩ.-ის მიერ 2009 წლის 02 თებერვალს წარმოდგენილი იქნა ღია ბარათი თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული მასალები ამოღებული უნდა იქნეს საქმიდან და უნდა დაუბრუნდეს კასატორს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საქმიდან ¹ას-771-986-08 ამოღებული იქნას საქმის მასალები (ს.ფ.592-603) და დაუბრუნდეს კასატორს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.