ას-772-987-08 31 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. თ-ძე (წარმომადგენელი თ. რ-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმომადგენლები: ტ. ზ-ძე, კ. კ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. თ-ძემ მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275/პ ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
მოსარჩელეს აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, საექსპერტო დაწესებულებაში მუშაობის ოცი წლის სტაჟი, არის სერთიფიცირებული ნარკოლოგი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹01-572/პ-202 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ამავე ბიუროს აჭარის რეგიონალური სამსახურის სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჯგუფის ექსპერტად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275/პ ბრძანებით ნ. თ-ძე 2007 წლის 1 ივნისიდან სამუშაოდან გათავისუფლდა. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი, დამსაქმებლის ინიციატივა (დისციპლინური პასუხისმგებლობა), 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, აგრეთვე რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებითი ბარათები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანებით ცვლილება შევიდა ნ. თ-ძის გათავისუფლების შესახებ ზემომითითებული ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “დისციპლინური პასუხისმგებლობა”.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული განყოფილების უფროს მ. წ-ძისა და ამავე ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროს რ. ს-ძის მოხსენებით ბარათებთან დაკავშირებით ადმინისტრაციას მოსარჩელისაგან არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუთხოვია. უფრო მეტიც, აღნიშნული ბარათების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებისას.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული სამართლებრივი ნორმები ვერ ასაბუთებდა თანამდებობიდან დათხოვნის მართლზომიერებას. აღნიშნულის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენდა გასაჩივრებულ ბრძანებაში 2007 წლის 1 ივნისს განხორციელებული ცვლილება, რა დროსაც ბრძანების თავდაპირველი რედაქციიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “დისციპლინური პასუხისმგებლობა”. მოპასუხემ ამგვარი ქმედებით, ფაქტობრივად, აღიარა ნ. თ-ძის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის არარსებობა. რაც შეეხებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” პუნქტსა და 38-ე მუხლის პირველ ნაწილს, მართალია, კანონის დასახელებული ნორმები ადმინისტრაციას მუშაკთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებდა, მაგრამ ასეთ პირობებში დამსაქმებელს არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება მიეცემოდა. მოცემული დანაწესიდან კანონი გამონაკლისს ადგენდა მუშაკის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევებზე. სწორედ ამ გამონაკლისი შემთხვევის არსებობა დაადასტურა მოპასუხემ ნ. თ-ძესთან მიმართებაში, როდესაც გასაჩივრებული ბრძანებიდან სიტყვების _ “დისიპლინური პასუხისმგებლობა”_ ამოღების მიუხედავად, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითება უცვლელად დატოვა.
გასაჩივრებული ბრძანებაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითება განაპირობებდა ადმინისტრაციის ვალდებულებას, დაედასტურებინა ნ. თ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა. ასეთი ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხეს არ გააჩნდა. შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება არაკანონიერად უნდა მიჩნეულიყო (ს.ფ. 3-4).
მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების მეოცე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით და ექსპრეს-ტესტებით, სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შინაგანაწესის 1.3 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ბიუროში დასაქმებულმა პირებმა უნდა დაიცვან შრომის დისციპლინა და გამოამჟღავნონ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
2007 წლის 18 მაისის მდგომარეობით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში მუშაობდა ოთხი ექსპერტი: ნ. თ-ძე, ნ. მ-ილი, მ. კ-ძე, თ. მ-ძე. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის იმჟამინდელ უფროს რ. ს-ძის სიტყვიერი დავალებით ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევდა ნ. თ-ძე, რომელიც მუშაობდა ყოველდღიურად, ხოლო დანარჩენი ექსპერტები მუშაობდნენ ყოველ მესამე დღეს. ექსპერტთა ჯგუფში ინახებოდა ალკოჰოლური თრობის შემოწმების ერთი შეკვრა ოქმები, რომელიც ნ. თ-ძეს გადაეცემოდა აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მიერ მას შემდეგ, რაც ერთი შეკვრა ოქმი იქნებოდა რეალიზებული (შეკვრაში ასი ცალი ფურცელი იყო აღრიცხული და დანომრილი).
2007 წლის 4 მაისს ექსპერტმა ნ. მ-ილმა მისი მორიგეობის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ¹0000447 ოქმის შეუვსებელი ბლანკი ამოხეული და დაკარგული იყო, რის გამოც 7 მაისს მიმართა აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროსს. სამსახურებრივმა მოკვლევამ შედეგი ვერ გამოიღო. გამოირკვა, რომ 2006 წლის ბოლოს ამავე ექსპერტებს დაკარგული ჰქონდათ პიროვნებიდან შემოწმების მიზნით აღებული შარდის ნიმუში, რომელიც ინახებოდა ექსპერტთა ჯგუფისათვის გამოყოფილ მაცივარში.
კვლევის ობიექტებთან და შეუვსებელ ბლანკებთან დასახელებული ჯგუფის ექსპერტთა გარდა შეხება არავის ჰქონდა. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროსმა 2007 წლის 18 მაისს მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ითხოვა შესაბამისი რეაგირება. თავის მხრივ, საქმის მასალები შესასწავლად გადაეცა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიულ განყოფილებას. დასახელებულმა განყოფილებამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შუამდგომლობით მიმართა შესაბამისი მასალები შემდგომი შემოწმების მიზნით გადაგზავნილიყო საგამოძიებო ორგანოებში.
მოპასუხის მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ ნ. თ-ძეს, რომელიც აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის სიტყვიერი დავალებით ხელმძღვანელობას უწევდა სამსახურის ნარკოლოგიურ ექსპერტთა ჯგუფს და დანარჩენი ექსპერტებისაგან განსხვავებით თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ყოველდღიურად ასრულებდა, უნდა უზრუნველეყო ჯგუფისათვის ჩაბარებული ფორმულარების (ოქმების, ბლანკების) ხელშეუხებლობა, გარეშე პირთაგან მათი დაცვა.
მოპასუხემ საგულისხმოდ მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითება, რომ დასახელებული ოქმის (¹0000447) შეუვსებელი ბლანკის დაკარგვით ზიანი მიადგა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ საფუძვლიან ეჭვს ქმნიდა დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზეზი ასაბუთებდა ნ. თ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, შრომითი მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რაც გამოიხატა შრომითი მოვალეობის ერთჯერად უხეშ დარღვევაში. მოსარჩელის მიმნებებლობის შედეგად შესაძლებელი გახდა მკაცრი აღრიცხვის შეუვსებელი ბლანკის დაკარგვა. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელმა _ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება _ შეწყვიტა ნ. თ-ძესთან შრომითი ურთიერთობა. რამდენადაც ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, მოპასუხემ იმავდროულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც მას არ ავალებდა დასაქმებულის მიმართ იმ სოციალური დაცვის მექანიზმის გამოყენებას, რასაც ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ითვალისწინებდა.
მოპასუხემ არ გაიზიარა სარჩელში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ. თ-ძისათვის მისი სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზი უცნობი იყო. შესაგებელზე თანდართული ნ. თ-ძის 14.05.2007წ. ახსნა-განმარტება ადასტურებდა, რომ მან აღნიშნული დროისათვის მკაცრი აღრიცხვის შეუვსებელი ბლანკის დაკარგვის შესახებ იცოდა (ს.ფ. 15-19).
ნ. თ-ძემ მოპასუხის მიერ შესაგებელში მოყვანილი არგუმენტები არ გაიზიარა და განმარტა, რომ 2007 წლის დასაწყისში აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროსმა რ. ს-ძემ ნარკოლოგიურ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელობის დაკისრების თაობაზე მას სიტყვიერად აცნობა, თუმცა აღნიშნულს შედეგად არ მოჰყოლია დანიშვნის შესახებ ბრძანების მიღება ან ხელფასის ოდენობაში შესაბამისი ცვლილება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციამ მისი დაწინაურება საჭიროდ აღარ მიიჩნია. უფრო მეტიც, როდესაც ნ. თ-ძემ ითხოვა განმარტება _ გააჩნდა თუ არა მას ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება, სამსახურის უფროსის მიერ უარყოფითი პასუხი მიიღო. შესაბამისად, მოსარჩელე თავს ჯგუფის ხელმძღვანელად არ მიიჩნევდა, ხოლო პირადად მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დროულად და ხარისხიანად ასრულებდა.
2007 წლის 4 მაისს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ნ. თ-ძემ აღნიშნა, რომ ¹0000447 ოქმის დაკარგვის ფაქტთან მიმართებაში მას საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევას იგი რიგი თანამდებობის პირების ბრალეულობას უკავშირებდა. ამასთან, ნ. თ-ძის ძალისხმევა, ჩადენილ დანაშაულს დროული რეაგირება მოჰყოლოდა, ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. სანაცვლოდ მოსარჩელე სამუშაოდან გაათავისუფლეს, საფუძვლად კი რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებითი ბარათები დაასახელეს, რომელთა შინაარსიც მისთვის არავის გაუცვნია (ს.ფ. 78-80,84-88).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275/პ ბრძანება ნ. თ-ძისათვის არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიცემაზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი იყო დამსაქმებელი _ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექცია, რომელმაც გადაწყვეტილება ნ. თ-ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიიღო აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროს რ. ს-ძისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული განყოფილების უფროს მ. წ-ძის მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კანონმდებლობა დამსაქმებელს არ ავალდებულებდა მიეთითებინა შრომითი ხელშეკრულების მოშლის მოტივებზე და მას უფლებას ანიჭებდა ნებისმიერ დროს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ მიეღო გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციას ნ. თ-ძის სამუშაოდან გათავისუფლებისას შრომის კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის ნება ნ. თ-ძისათვის არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე კანონსაწინააღმდეგო იყო, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 90-92).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტი საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა იმ მიზეზით, რომ ადგილი ჰქონდა საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებების არასაკმარისად გამოკვლევას, ხოლო უმეტეს შემთხვევაში _ მათ უგულვებელყოფას.
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანების მართლზომიერების დადგენა საჭიროებდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შეფასებას, რაც საქალაქო სასამართლოს არ განუხორციელებია. ასეთ ვითარებაში არ არსებობდა საფუძველი დასკვნისათვის, რომ ნ. თ-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად მითითებული მოხსენებითი ბარათები მიზნად ისახავდა ექსპერტთა ჯგუფში მომუშავე ნარკოლოგების უფლებების ხელყოფას, რამაც სამუშაოდან მათი გათავისუფლება განაპირობა. ამასთან, მოცემულ ბარათებში ასახულ შემთხვევაში ნ. თ-ძის ბრალეულობა სრულიად დაუსაბუთებელი იყო.
აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მოხსენებითი ბარათების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც მას სასამართლოს მეშვეობით მოპასუხის შესაგებელზე თანდართული მასალების ასლები გადაეცა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ადმინისტრაციის მხრიდან მუშაკის შრომითი უფლების დარღვევაზე მიუთითებდა (ს.ფ. 102-104).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინებით ნ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლობა, როგორც ამაზე აპელანტი მიუთითებდა, რამდენადაც მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რა დროსაც დამსაქმებელს შრომის ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი არ ეკისრებოდა (ს.ფ. 192-195).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ: სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275/პ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
კასატორის ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
ნ. თ-ძის სამუშაოდან გათავისუფლება მოპასუხემ დაუკავშირა 2007 წლის 4 მაისს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომხდარ შემთხვევას _ ალკოჰოლური თრობის ოქმის ერთი ეგზემპლარის დაკარგვას, თუმცა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ნ. თ-ძეს არათუ ბრალი მიუძღვის მომხდარ შემთხვევაში, არამედ _ პირიქით, იგი ყოველმხრივ შეეცადა აღნიშნულ ფაქტზე დროულ რეაგირებას. ის გარემოება, რომ ნ. თ-ძეს არანაირი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია, თავად დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებით დასტურდება. 2007 წლის 1 ივნისის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით გასაჩივრებული ბრძანებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “დისციპლინური პასუხისმგებლობა”, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბრძანება უცვლელად დარჩა. მოცემული ქმედებით მოპასუხემ, ფაქტობრივად, აღიარა ნ. თ-ძის მხარიდან დისციპლინური გადაცდომის არარსებობა.
სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის იმგვარ განმარტებას, რომ შრომის კანონმდებლობა დამსაქმებელს არ ავალდებულებს შრომითი ხელშეკრულების მოტივებზე მითითებას და უფლებას ანიჭებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. ამდენად, სასამართლო შრომითი დავის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მუხლის “დ” ქვეპუნქტს, მაშინ როდესაც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ასაბუთებს ნ. თ-ძის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ბრძანება ნ. თ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე მიუთითებდა, აუცილებელი იყო მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის კონკრეტული შემთხვევების გამორკვევა და შეფასება, რასაც სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას და ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს.
გარდა ამისა, ნ. თ-ძეს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. კანონის აღნიშნული ნორმის მიხედვით, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით (ს.ფ. 200-210).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275/პ ბრძანებით ამავე ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჯგუფის ექსპერტი ნ. თ-ძე 2007 წლის 1 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი, 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი. დამატებით, ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: დამსაქმებლის ინიციატივა (დისციპლინური პასუხისმგებლობა), რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებითი ბარათები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემომითითებულ ბრძანებაში და საფუძვლებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “დისციპლინური პასუხისმგებლობა”. რაც შეეხება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებს, ასევე რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებით ბარათებს, ამ საფუძვლებთან მიმართებით სადავო ბრძანებას ცვლილება არ შეხებია.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი გამოიყენება დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. იგი ითვალისწინებს, რომ დასაქმებულისათვის არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიცემისა და გათავისუფლებამდე მისი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება ადმინისტრაციას არ წარმოეშობა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. რაც შეეხება რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებით ბარათებს, მათში საუბარია აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში მომხდარ ფაქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოლოგიურ ექსპერტთა ჯგუფში ალკოჰოლური თრობის შემოწმების ოქმის (¹0000447) შეუვსებელი ბლანკისა და შარდის ნიმუშის დაკარგვასთან. მართალია, სადავო ბრძანების საფუძვლებიდან ამოღებულია სიტყვები: “დისციპლინური პასუხისმგებლობა”, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ნ. თ-ძე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით არ არის გათავისუფლებული. სადავო ბრძანების საფუძვლებად დარჩენილია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც ცალსახად მიუთითებს შრომითი ხელშეკრულების მოშლაზე შრომითი მოვალეობის დარღვევის გამო და რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ასევე სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების გასარკვევად აუცილებელი იყო, სააპელაციო სასამართლოს გამოერკვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი, რამაც ადმინისტრაციის მხრიდან ამ ხელშეკრულების მოშლა განაპირობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმეზე შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ შეუფასებია აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შედგენილი სამსახურებრივი მოკვლევის მასალები, რ. ს-ძისა და მ. წ-ძის მოხსენებითი ბარათები, არ გამოურკვევია, ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. რამდენადაც მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის არსებითად განხილული, ხოლო სადავო საკითხი საჭიროებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია საამისოდ შესაბამისი პროცესუალური უფლებამოსილების არქონის გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რომელიც მას სარჩელში არ დაუყენებია. მას არც დავის საგნის გაზრდაზე უშუამდგომლია პირველი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება ვერც საკასაციო საჩივრის განხილვის საგანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ მოთხოვნაზე, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დავის საგანს არ წარმოადგენდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.