საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-774-1098-07 5 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
კასატორი – ინდივიდუალური საწარმო “თ. გ-ანი“
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ქუთაისის მერია
გასაჩივრებული განჩინება – ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 3 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი/მ თ. გ-ანმა ქ.ქუთაისის მერიის, შპს “დ. ს-ის“, შპს “.. ..-სა“ და ქ.ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 1989 წლის 20 ივლისის ¹10 საიჯარო ხელშეკრულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ი/მ “თ. გ-ანის“ სასარგებლოდ 92 275 832 ლარის გადახდის დაკისრება და მოპასუხეთა ქონებისათვის ყადაღის დადება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 18 000 000 ლარამდე.
ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეების _ შპს “დ. ს-ისა“ და შპს “ქ-ის” მიმართ, ინდ.მეწარმე “თ. გ-ანის” სარჩელს უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული სარჩელი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით უკვე განიხილა სასამართლომ, ხოლო ქუთაისის მერიის მიმართ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. სასამართლო სხდომაზე ქ.ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და ამავდროულად მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით, ი/მ “თ. გ-ანის” სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით, ი/მ “თ. გ-ანის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის უფლება დაირღვა 1989 წელს, ხოლო მან სარჩელით სასამართლოს მიმართა 16 წლის შემდეგ – 2006 წლის ნოემბერში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია სარჩელის შეტანის იმ დამაბრკოლებელ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მას უზღუდავდა სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “თ. გ-ანმა” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება დაუსაბუთებელია და გამოტანილია კანონით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საიჯარო ხელშეკრულების პირობები მოპასუხემ დაარღვია 1989 წელს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა უფლების დარღვევიდან 16 წლის შემდეგ _ 2006 წლის ნოემბერში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. იგი ვერ მიუთითებს ისეთ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციის) 75-ე მუხლის მიხედვით, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორისი სარჩელებისათვის – ერთი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ხოლო სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1989 წელს, მან კი სარჩელით მიმართა სასამართლოს 2006 წელს
ანუ 16 წლის შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული თ. გ-ანის მოთხოვნა ხანდაზმულად, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდივიდუალური საწარმო “თ. გ-ანის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.