ას-77-423-07 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმემის გარეშე
კასატორები – ქ. თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთეები: ბ. ა-ე, მ. ა-ე, კ. ბ-ე, თ. მ-ი, ც. წ-ა, ნ. რ-ე, ჟ. მ-ი, დ. დ-ი, ნ. გ-ა, ნ. ჩ-ი, რ. ც-ი, ი. ს-ა, ნ. ჩ-ა, მ. ს-ე, ნ. ბ-ე, მ. ს-ი, ნ. ს-ი, მ. ხ-ა, ა. შ-ი, ნ. კ-ი, ო. ზ-ე და დ. ბ-ი (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი – ი. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ... სამმართველო (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 6 აგვისტოს ქ. თბილისში, რ. ... ქ. ¹26-ის ¹1 კორპუსის საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. ბ-მ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის მერიის ... ცენტრის მიმართ და აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსი ირიცხებოდა ქ. თბილისის მერიის ... სამმართველოს სახელზე. 2003 წლის ქ. თბილისის ... სამმართველოს რეორგანიზაციის Nშედეგად ჩამოყალიბდა ... ცენტრი, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა დღეისათვის ... ქ. ¹26-ში მდებარე კორპუსი ¹1 და მისი სარდაფ-სართული. სარდაფ-სართულში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო შავი ზღვის აუზის თევზის მარაგის დაცვის სამმართველო და ეკოლოგიის დაცვის პოლიცია. ეკოლოგიის დაცვის პოლიცია გაუქმდა და ზემოაღნიშნული სარდაფ-სართული გამოთავისუფლდა. მოსარჩელის განმარტებით, კორპუსის 44 ოჯახს არ გააჩნია სარდაფები სამეურნეო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გამონთავისუფლებული სარდაფ-სართულის ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეებისათვის გადაცემა.
2005 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ დაზუსტებული ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის სარდაფ-სართულის მობინადრეთა საკუთრებად ცნობა და მისი გადაცემა აღნიშნული კორპუსის მობინადრეებისათვის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ...სამმართველო და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ... .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლოში საქმის განხილვისას არასათანადო მოპასუხე – ქ. თბილისის ... ცენტრი, მოსარჩელის თანხმობით, შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ქ. თბილისის ...ით, ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹... ბრძანებულების საფუძველზე აღნიშნული ცენტრი ლიკვიდირებულ იქნა.
2005 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მოთხოვნით, ... სამმართველო საქმეში ჩაბმულ იქნა მოპასუხედ, ხოლო ქ. თბილისის ... და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ... ამრიცხულ იქნა საქმიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მობინადრეები ცნობილ იქნენ ამ კორპუსის 357 კვ.მ სარდაფ-სართულის მესაკუთრეებად.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ... სამმართველოს უფროსმა და აღნიშნა, რომ 2005 წლის 2 დეკემბრის სასამართლოს გზავნილში საქმის განხილვის დღედ აღნიშნულია 2005 წლის 18 დეკემბრის 1200 საათი, მაშინ, როდესაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს 2005 წლის 21 დეკემბერს, რის თაობაზეც სასამართლოს მოპასუხისათვის შეტყობინება არ გაუგზავნია. საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული სამმართველოს წარმომადგენელი თ. ი-ი 2005 წლის 19 დეკემბერს მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დანიშნულ სხდომაზე საქმის განხილვაში, რის გამოც ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი მონაწილეობა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დანიშნულ სხდომაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, საქმეში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან სარჩელით არ არის დადგენილი, თუ რაში გამოიხატება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა. საჩივრის ავტორის მითითებით, სარჩელის შინაარსი ვრცელდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენაში, შესაბამისად, აღნიშნული განცხადება არა სასარჩელო, არამედ უდავო წარმოების ხასიათს განეკუთვნება, ხოლო, თუ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე მოქმედების განხორციელებას ავალებს, ამ შემთხვევაში მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების კატეგორიას განეკუთვნება და განხილული უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის განჩინებით ... სამმართველოს უფროსის _ დ.ჭ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამმართველოს წარმომადგენელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ... სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის დუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაირღვა ერთ-ერთი აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთეების: ბ. ა-ის, მ. ა-ის, კ. ბ-ის, თ. მ-ს, ც. წ-ს, ნ. რ-ის, ჟ. მ-ს, დ. დ-ს, ნ. გ-ს, ნ. ჩ-ს, რ. ც-ს, ი. ს-ს, ნ. ჩ-ს, მ. სანებლიძის, ნ. ბ-ის, მ. ს-ს, ნ. ს-ს, მ. ხ-ს, ა. შ-ს, ნ. კ-ს, ო. ზ-ისა და დ. ბ-ს წარმომადგენელმა ი. ღ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს საპროცესო კოდექსის 223-ე, 373-ე, მუხლებისა და 249-ე მუხლის III ნაწილის მოთხოვნები. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 დებულება ¹... დადგენილება, საქართველოს მთავრობის 12 აგვისტოს დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹... დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 151-ე მუხლები და 208-ე მუხლის I და II ნაწილები. ამასთან, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისში, ... ¹26-ის პირველი კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. თბილისში, ... ქ.¹26-ის ¹1 კორპუსის საბინაო ამხანაგობის სარჩელი დაკმაყოფილდა და აღნიშნული ამხანაგობის წევრები ცნობილ იქნენ ამ კორპუსის 357 კვ.მ-ის სარდაფ-სართულის მესაკუთრეებად. ამავე სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის განჩინებით ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს დარღვეულ იქნა ერთ-ერთი აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი პირობების შემოწმების დროს სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცესუალურ დარღვევას არ მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
კონკრეტულ შემთხვევაში, იურიდიულ მართებულებაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარეობს სამართლით დაცული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა (ივარაუდება აბსტრაქტულად არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათი შემოწმებისა და დადგენის გარეშე ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს სინამდვილეში არსებობს თუ არა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები,) ანუ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იარსებებდა არსებითი განხილვის დროს, სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, ამდენად, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო ამოწმებს მხოლოდ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, მათი არსებობის შემთხვევაში კანონი რამდენად ითვალისწინებს მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვას, აღდგენას.
კასატორები სარჩელით მოითხოვენ, რომ ქ. თბილისში, ... ქ.¹26-ის 1-ლი კორპუსის სარდაფ-სართული გადაეცეს ამავე კორპუსის საბინაო ამხანაგობას, ამავე ამხანაგობის წევრ-ბინების მესაკუთრეთათვის გადასაცემად სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოსაყენებლად.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სარდაფების საკუთრებაში გადაცემას მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის ... სამმართველოსგან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მრავალბინიან სახლებში სახელმწიფოსაგან მობინადრეთა მიერ დაკავებული ფართის უსასყიდლოდ გადაცემის წესზე ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც განსხვავდება უკვე პრივატიზებული ფართის გასხვისების სამართლებრივ რეჟიმისაგან.
კონკრეტულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამოწმებს, სარჩელში მითითებული გარემოებები რამდენად გათვალისწინებულია იმ ნორმატიული აქტებით, რომლის საფუძველზე ხორციელდება სახელმწიფოსაგან მოქალაქეთა მიერ დაკავებული ფართის უსასყიდლოდ გადაცემა, კერძოდ, მოსარჩელეები სარჩელში ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას შემდეგ გარემოებებზე:
სარჩელში მითითებული კორპუსი აშენებულია 1972 წელს;
სადავო სარდაფ-სართული მობინადრეებს არ გადაეცათ იმიტომ, რომ 1972 წელს მიაკუთვნეს ხ...ის სამმართველოს, შემდეგ 1992 წლიდან სადავო ფართი დაიკავა შ...ის სამმართველომ;
1997 წლიდან სადავო სარდაფ-სართული დაკავებული ჰქონდა ... პოლიციას;
სარდაფ-სართულის პრივატიზაცია არ მომხდარა და აღნიშნული ფართი არ ირიცხება არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირზე;
¹1 კორპუსის მცხოვრებთა ბინების პრივატიზაცია, უსასყიდლოდ გადაეცათ მობინადრეებს, მაგრამ არ იყო გადაცემული სარდაფ-სართული;
¹1 კორპუსი და მისი სარდაფ-სართული მიწის განუყოფელი ნაწილია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ 1992 წლის 1 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹... დადგენილებით და ასევე სხვა ნორმატიული აქტებით, რომლითაც რეგულირდებოდა ბინების უსასყიდლო გადაცემის სამართლებრივი ურთიერთობები, გათვალისწინებულია მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი. “საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” თანახმად 1992 წლის 1 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან, ასევე, კასატორების მიერ მოშველიებული და სარჩელში აღნიშნული იმ დროს მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ” დროებითი დებულების მე-5 პუქტის მე-2 აბზაცის თანახმად, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ მათთვის განკუთვნილი სარდაფები და ა.შ. აღნიშნული სამართლებრივი წინაპირობა ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹... დადგენილებით.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ მობინადრეებისათვის მითითებული ფართის უსასყიდლოდ გადაცემისათვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველზე ამ ფართის სარგებლობაში გადაცემის ფაქტი.
ამდენად, სარჩელიდან არ გამომდინარეობს ის გარემოება, რომ სამართლებრივი საფუძველზე სადავო სარდაფ-სართული განკუთვნილი იყო მობინადრეებისათვის, რაც საკუთრების უფლების მოპოვების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
ასევე სარჩელში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ სადავო სარდაფ-სართული და მრავალბინიანი სახლი მიწის განუყოფილი ნაწილია და, ამდენად, აღნიშნული სარდაფ-სართული უნდა ჩაითვალოს მობინადრეთა საკუთრებად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სახელმწიფოს მიერ მობინადრეებისათვის სადავო ფართის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობებზე ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომლის დროს მნიშვნელობა ენიჭება ფართის სარგებლობაში გადაცემის ფაქტს იმ დროს მოქმედი “საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” თანახმად. (ამდენად, კასატორების მიერ საქმეში წარმოდგენილი და მოშველიებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა არ ეხება ზემოაღნიშნულ საკითხებს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთეების: ბ. ა-ის, მ. ა-ის, კ. ბ-ის, თ. მ-ს, ც. წ-ს, ნ. რ-ის, ჟ. მ-ს, დ. დ-ს, ნ. გ-ს, ნ. ჩ-ს, რ. ც-ს, ი. ს-ს, ნ. ჩ-ს, მ. ს-ის, ნ. ბ-ის, მ. ს-ს, ნ. ს-ს, მ. ხ-ს, ა. შ-ს, ნ. კ-ს, ო. ზ-ისა და დ. ბ-ს წარმომადგენლის _ ი. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.