Facebook Twitter

ას-775-1142-06 7 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებეი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი - ეკატერინე ხაჩიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ .. ..“

წარმომადგენელი – დ. ვ-ა, უ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა...“

წარმომადგენლები – ხ. ი-ა, ლ. ი-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 დეკემბერს შპს „ა..მა“ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს სს „ .. ..“ და სს „ .. ..“ ფოთის ფილიალის უფროს ბ. კ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის მიყენებული ზარალის - 29042 ლარისა და საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის შელახვისათვის 500000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

2005 წლის 20 დეკემბერს შპს „ა...მა“ დაზუსტებული სარჩელით გაზარდა დავის საგანი და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მოითხოვა 166.177 ლარისა და საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის შელახვისათვის 500 000 ლარის მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 22 ნოემბერს სს „ .. ..“ ფოთის ფილიალმა უფროს ბ. კ-ს სიტყვიერი განკარგულებით შპს „ა...ის“ ქ.ფოთის 2700 აბონენტს გაუთიშა საერთაშორისო კოდი _ 8. 2005 წლის 26 ნოემბერს ფოთის ფილიალმა უკანონო განკარგულებით შპს „ა...ის“ 2700 აბონენტს შეუწყვიტა სს „ .. ..“ აბონენტებთან ურთიერთდაკავშირება, ხოლო იმავე წლის პირველ დეკემბერს, სს „ .. ..“ ფოთის ფილიალმა შპს „ ა...ის“ 2700 აბონენტს გაუთიშა ტელეფონი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით უხეშად დაირღვა შპს „ა...სა“ და სს „ .. ..“ შორის მოქმედი 2003 წლის 15 იანვარს დადებული ¹12 ხელშეკრულება, ვინაიდან შპს „ა....“ სისტემატურად იხდიდა სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების საფასურს, რაც დასტურდება მიმდინარე წლის გადახდის რეესტრით.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ შპს „ა...ის“ ქ.ფოთის 2700 აბონენტს შეუწყდა კავშირი, რითაც შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება შპს „ა...ის“ ყველა ტელეფონის ჩართვის, კოდი 8-ის აღდგენისა და სს „ .. ..“ და შპს „ა...ის“ აბონენტების ურთიერთდაკავშირებაზე.

შპს „ .. ..“ სარჩელი არ ცნო და შესაგებლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ .. ..“ დაევალა საზოგადოების ფოთის ფილიალში შპს „ა...ის“ ყველა აბონენტის ტელეფონის ჩართვა. მასვე დაევალა სს „ .. ..“ და შპს „ა....ის“ აბონენტთა ურთიერთდაკავშირება; შპს „ .. ..“ შპს „ ა...ის“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანისათვის დაეკისრა 54436 ლარისა და 85 თეთრის გადახდა, დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „საქართველოს .. ..“ დირექტორმა ნ.ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე სრულად უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სს „ .. ..“ დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ შპს „ა...“ 2003-2005 წლებში, 2003 წლის 15 იანვრის ¹12 ხელშეკრულების საფუძველზე იხდიდა როგორც საკაბელო წყვილების მომსახურების, ასევე ფართის ქირისა და ელექტროენერგიის ხარჯს, რაც დასტურდება სს „ .. ..“ ფოთის ფილიალის დირექტორ ბ.კ-ს მიერ გაცემული ცნობებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და საგადასახადო დავალებებით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულების ანგარიშსწორების ნაწილის სისტემატური დარღვევის გამო, დავალიანების გადაუხდელობისათვის სს „ .. ..“ დირექტორი წერილით აფრთხილებდა შპს „ა...ს“, რომ, 2005 წლის პირველი დეკემბრიდან წყვეტდა 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებულ ¹12 ხელშეკრულების მოქმედებას, მაშინ, როდესაც 2005 წლის 22 ნოემბრისათვის ფაქტობრივად უკვე შეწყვეტილი ჰქონდა შპს „ა...თან“ მომსახურების ხელშეკრულება, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული წერილი, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, გაფრთხილებად არ ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ საქართველოს ... ეროვნული კომისიის 2004 წლის გადაწყვეტილებით, სს „ .. ..“ ფოთის ფილიალი ქ.ფოთში წარმოადგენდა დომინირებული მდგომარეობის მქონე პირს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, რის გამოც მის მიერ შპს „ა...სათვის“ მომსახურების ნაწილობრივი შეზღუდვა, მეორე მხარის არათანაბარ პირობებში ჩაყენებით, დაუშვებლად მიიჩნია.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2003 წლის იანვრიდან 2005 წლის იანვრამდე, შპს „ა...დან“ ფოთის ელექტროკავშირის ნომრებზე გადაერთო აბონენტთა გარკვეული რაოდენობა, კერძოდ, 2005 წლის 22 ნოემბრისათვის შპს „ა...ში ირიცხებოდა 2570 აბონენტი, ხოლო 2006 წლის 9 მარტის მდგომარეობით 632 აბონენტი, რომლით მიყენებულმა ზარალმა, თვეში ერთი აბონენტისათვის საკუთარი წილის გათვალისწინებით, შეადგინა 54436 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად ცნო, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილება სს „ .. ..“ და შპს „ა...ის“ აბონენტთა ურთიერთდაკავშირების აღდგენის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“ დირექტორმა ნ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. ასევე, არაობიექტურად შეისწავლა და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განსაზღვრა მტკიცების საგანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2003 წლის 15 იანვრის ¹12 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურება, ამასთან, „ე....ი“ იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო „ა...ზე“ გადაცემული სახაზო-საკაბელო წყვილების ტექნიკური ექსპლუატაცია ტელეფონების შეუფერხებლად მუშაობისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2 და 3.3. პუნქტებით განისაზღვრა სახაზო-საკაბელო წყვილის მომსახურებისა და გამოყოფილი ფართის (30 კვ.მ) სარგებლობისათვის ანაზღაურების წესი და ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და შეწყვიტა მომსახურების ხელშეკრულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ „ა...ის“ აბონენტებს გაუთიშა საერთაშორისო კოდი „8“, ასევე შეიზღუდა ფოთის ელექტროკავშირის აბონენტებთან დაკავშირება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წარმოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია დასაბუთებულია. კასატორის მტკიცებით, 2003 წლის 15 იანვრის ¹12 ხელშეკრულების პირობები მათ მიერ არ დარღვეულა, სახაზო-საკაბელო წყვილები არ გათიშულა. აღნიშნული ხელშეკრულება ურთიერთჩართვის ვალდებულებას არ ითვალისწინებდა, მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ არსებობდა. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ვალდებულება წარმოიშვა 2003 წლის 15 იანვრის ¹5 ხელშეკრულების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2003 წლის 15 იანვრის ¹12 ხელშეკრულების პირობები დაარღვია მოპასუხემ, დაუსაბუთებელია, ვინაიდან თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წარმოიშვა 2003 წლის 15 იანვრის ¹5 ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება კი სასამართლოს მიერ საერთოდ არ განხილულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ასევე ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია ბრალეული მოქმედებით, ამ მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს ისე დააკისრა ზიანის ანაზღაურება, რომ არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. არ არის დადგენილი ზიანი რამდენად იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის უშუალო შედეგი და რამდენად იყო მოპასუხისათვის სავარაუდო ზიანის დადგომა. მხარეთა განმარტებით, ურთიერთჩართვა გათიშული იყო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. სასამართლოს მიერ არ არის გამოკვლეული რამ გამოიწვია ურთიერთჩართვის აღდგენის შემდეგ „ ა...ის“ აბონენტების გადასვლა „ე...ის“ ნომრებზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სრულად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც შეუძლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.