¹ ას-776-1143-06 8 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ .. .. .. “ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. .. ..” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ .. .. ..” მის სასარგებლოდ დაეკისრა 1524 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ .. .. ..” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ .. .. ..” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 970 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ .. .. ..” გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. ხარვეზის განჩინება კასატორს 2006 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა, თუმცა საზოგადოებას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმადგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
მითითებული ხარვეზის განჩინება კასატორს 2006 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა. აღნიშნულის მიუხედავად, საზოგადოებას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში სს “ .. .. ..” საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია _ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.