Facebook Twitter

¹ას-777-992-08 8 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ავა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. შ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – უნებართვოდ მიშენებული აივნის დემონტაჟი

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-ავამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. შ-ძის მიმართ და მოითხოვა ბინაზე მიშენებული აივნის დემონტაჟი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ა. შ-ძე მოსარჩელის მეზობელია, რომელმაც ჯერ კიდევ 1998 წელს, ამ უკანასკნელთან შეთანხმების გარეშე, დაიწყო აივნის მშენებლობა, რასაც მოჰყვა ნ. გ-ავას პროტესტი და მშენებლობა შეჩერდა. მოგვიანებით, მოპასუხემ ისარგებლა რა ნ. გ-ავას ავადმყოფობით, მისი თანხმობისა და გამგეობის ნებართვის გარეშე დაასრულა მშენებლობა.

მოსარჩელის განმარტებით, ა. შ-ძის მიერ თავის ბინაზე აივნის მიშენებით გაუმჯობესებულ იქნა მისი საცხოვრებელი პირობები, მაგრამ შეილახა მეზობლის – ნ. გ-ავას უფლებები. დაირღვა მეორე სართულზე მდებარე ნ. გ-ავას ბინის უსაფრთხოება, გართულდა სარეცხის გაფენა, აივნის სახურავზე გროვდება მაღალი სართულებიდან გადმოყრილი ნაგავი და იქმნება ანტისანიტარია; აივნის თუნუქის სახურავი ცხელდება ზაფხულში და იწვევს ბინაში ტემპერატურის მომატებას.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ა. შ-ძის მიერ განხორციელებული მიშენება უკანონოა და ლახავს მოსარჩელის უფლებებს, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაევალოს აივნის დემონტაჟი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. შ-ძეს დაევალა უნებართვოდ მიშენებული აივნის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ა. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ აივნის მიშენების შედეგად გაუარესდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები, აივნის სახურავთან სიახლოვე შეუძლებელს ხდის, გაიფინოს სარეცხი მეორე სართულზე მდებარე ბინიდან, მაღალი სართულებიდან გადმოყრილი ნაგავი, რომელიც გროვდება აივნის სახურავზე, ქმნის ანტისანიტარიას, აივნიდან (მიწის ზედაპირიდან 1 მეტრის დაცილების, რკინის გისოსების არსებობის, აივნის სახურავის მოსარჩელის ბინასთან 25 სმ-ის დაშორების გათვალისწინებით) გაადვილებულია მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში შეღწევა, რაც მოსარჩელეს უკარგავს უსაფრთხოების შეგრძნებას, აივნის გადახურვით შესაძლოა მასზე მზის სხივების დაცემისას ოთახში ტემპერატურამ მოიმატოს.

სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილი გარემოება, რომ პირველი სართულის აივნის სახურავზე ზედა სართულებიდან გადაყრილი ნაგავი ქმნის ანტისანიტარიას, ილახება მეორე სართულზე მცხოვრები მოსარჩელის უფლებები, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მომტანი ზემოქმედება მომდინარეობს არა მოპასუხის მხრიდან, არამედ ამავე კორპუსში მის ზედა სართულებზე მცხოვრები მობინადრეების მხრიდან და, შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია, თავისი უფლების დარღვევის გამო, სწორედ მათ წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, რაც შეეხება მოპასუხის აივნის მიშენების საფუძველზე მოსარჩელის ბინის უსაფრთხოების დარღვევას, არც აღნიშნული გარემოება უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად და აივნის დემონტაჟის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან მიიჩნია, რომ მხოლოდ მოსარჩელის სურვილის გამო ვერ იცვლება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-ავამ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ აივნის მიშენების შედეგად გაუარესდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები, მაშინ, როდესაც ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა, რომ მოცემულ შემთხვევაში უხეშად დაირღვა მოსარჩელის უფლებები.

კასატორმა მიუთითა, სააპელაციო პალატამ უგულებელყო სპეციალისტის ვარაუდის გათვალისწინებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მიშენებული აივნის სახურავი მზის სხივების ზემოქმედებისას გახურდება და მოსარჩელის ბინაში ტემპერატურა მოიმატებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ, ნ. გ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე¹» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. გ-ავა და მოპასუხე ა. შ-ძე წარმოადგენენ მრავალბინიან სახლში (მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹29-ში) პირველ და მეორე სართულზე მდებარე ბინების მესაკუთრეებს, რომელთა შორის დავა წარმოიშვა მოპასუხე ა. შ-ძის მიერ პირველი სართულის ბინაზე აივნის მიშენების გამო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხის მიერ აივნის მიშენებით დაირღვა მისი უფლება. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება 2007 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ადგილზე დათვალიერებასა და სპეციალისტის ახსნა-განმარტებას, არ არის შესაბამისად დასაბუთებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ ურთიერთობაზე გამოყენებული უნდა იქნეს ამჟამად ძალადაკარგული ამავე კოდექსის 219-ე მუხლი (გაუქმებულია 11.07.2007 ¹5278), რადგან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბინის მესაკუთრეთა მოვალეობათა მომწესრიგებელი სამართლებრივი დანაწესები გულისხმობენ ბინის მესაკუთრეთა უფლებებს, მოითხოვონ ერთმანეთისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება. ზუსტად ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს განსახილველი ნორმა (სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი), რისთვისაც უნდა განისაზღვროს, თუ რაში გამოიხატება ბინის მესაკუთრეთა უფლება და შემდეგ დაირღვა თუ არა იგი.

ტერმინებში «შეინარჩუნოს» და «გამოიყენოს» იგულისხმება მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეების მიერ მიღებული ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილების, აგრეთვე, საერთო საკუთრების შენარჩუნება და გამოყენება, ასევე იმ ნაგებობის, ფართის მიმატება ან მიშენება და სარგებლობა, რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის პირველ ნაწილის მოთხოვნას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების ფართის შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ფართს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბინის მესაკუთრეებს უფლება აქვთ, ერთმანეთს მოსთხოვონ ინდივიდუალური და საერთო საკუთრების შენარჩუნება და გამოყენება სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.

აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურ და საერთო საკუთრების ფართის «შენარჩუნების» და «გამოყენებისათვის» მესაკუთრის მოქმედებები არ უნდა სცილდებოდეს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებს (ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტი).

კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოპასუხის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ ბინაზე აივნის მიშენებასა და სარგებლობას. აღნიშნული ურთიერთობის მართებულად გადაწყვეტისათვის აუცილებელია, გაირკვეს მიშენებითა და აღნიშნული სარგებლობით ირღვევა თუ არა მოსარჩელის უფლებები.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს შეიცვალა თუ არა მოპასუხის მოქმედებით მეორე სართულის მესაკუთრის (მოსარჩელის) აივნის პირველადი სახე, რომლის შენარჩუნების უფლება მას გააჩნია. გასარკვევია, თუ რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის (მეორე სართულის მეზობლის) მიერ თავისი აივნის გამოყენება ისე, როგორც ეს შესაძლებელი იყო მიშენებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ პირველი სართულის მიშენებით არ ირღვევა მეორე სართულის მესაკუთრის უფლებები, კერძოდ, შეინარჩუნოს თავის საკუთრებაში არსებული აივნის პირველადი სახე და ისარგებლოს თავისი აივნით ისევე, როგორც ეს შესაძლებელი იყო მიშენებამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს მიშენებული ფართით სარგებლობით ირღვევა თუ არა მოსარჩელის უფლება, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ზედა სართულიდან გადმოყრილი ნაგვით შექმნილი ანტისანიტარიით ილახება მისი უფლება, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოების სწორად შეფასებას გააჩნია დიდი მნიშვნელობა, კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი ასევე მიუთითებს ვალდებულებაზე უკვე მიშენებული ნაგებობის ისეთ გამოყენებაზე, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლები.

ამდენად, განსახილველი ნორმის კონტექსტიდან გამომდინარე, გასარკვევია, თუ პირველი სართულის მესაკუთრეს (მოპასუხეს) რამდენად შეუძლია ისე ისარგებლოს მიშენებით, რომ დაცული ჰქონდეს სანიტარიის წესები და იმ მდგომარეობაში ჰქონდეს მიშენებული ფართის სახურავის ზედა ნაწილი, რომ ზიანი არ მიაყენოს მეორე სართულის მესაკუთრეს (მოსარჩელეს). ამისათვის უნდა გაირკვეს ზემოქმედების ფარგლები, არსებითია იგი თუ არა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედება არსებითია და არ გამომდინარეობს საკუთრების ჩვეულებრივი სარგებლობიდან, გასარკვევია, თუ მოსარჩელის მოთხოვნა რამდენად თანაზომიერია და აუცილებელია იმისათვის, რომ აღკვეთილ იქნეს ზიანის გამომწვევი მიზეზი (მოსარჩელე ითხოვს პირველ სართულზე მიშენებული აივნის დემონტაჟს).

სპეციალურ ცოდნასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა ან მოიწვიოს სპეციალისტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში, მხოლოდ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა წარმოადგენს მათი სწორი შეფასების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.