ას-779-1103-07 30 ნოემბერი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 14 თებერვალს თ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “ .. ..” მიმართ და აღნიშნა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” მარჩენალის გარდაცვალების გამო, სრულწლოვანების მიღწევამდე მის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 16 აგვისტოდან სს “ .. ..” შეუწყვიტა სარჩოს გადახდა, ვინაიდან გახდა სრულწლოვანი, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, როგორც სტუდენტი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის ¹443 ბრძანებულების მე-4 თავის 35-ე მუხლის თანახმად, ითვლება შრომისუუნაროდ და მარჩენალის დაკარგვის გამო ეკუთვნის სარჩო სტუდენტად ყოფნის მანძილზე ან 23 წლის ასაკის მიღწევამდე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ გაითვალისწინა მისი კანონიერი მოთხოვნა და წერილობით უარი განუცხადა სარჩოს ანაზღაურებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. მ-მა მოითხოვა მოპასუხეზე მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოსა და მიუღებელი თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 2006 წლის 13 აგვისტოდან 2007 წლის პირველ მარტამდე გაუცემელი სარჩოს გადახდა 1221 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით თ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ თ. მ-ს მამა უბედური შემთხვევის დროს არ ასრულებდა შრომით მოვალეობას და მისი გარდაცვალება არ ყოფილა საწარმოო ტრავმის შედეგი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არ დასდებია საფუძვლად სარჩოს დაკისრებას და, შესაბამისად, უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსი, რაც ითვალისწინებს მხოლოდ არასრულწლოვანების პერიოდისათვის სარჩოს გადახდას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. მ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.