ას-781-1148-06 12 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ო. ა-ი (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. მ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელში _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ა-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2003 წლის 13 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა ქ.ახალქალაქში, ... ქ.¹38-ში მდებარე ბინა. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხესა და მის ოჯახს ბინა 2003 წლის 1 აგვისტომდე უნდა გაენთავისუფლებინათ, თუმცა ო.ა-ი ვალდებულების შესრულებას აჭიანურებს და ბინას არ ათავისუფლებს.
მოპასუხე ო. ა-ის კანონიერ წარმომადგენლად საქმეში ჩაება ს. ა-ი-დ-ი. მხარემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მხარეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესახებ.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელს უარი ეთქვა, შეგებებული სარჩელი კი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ... სამსახურის 2003 წლის 16 ივნისის ¹1181/2003 ჩანაწერი ქ.ახალქალაქში, ... ქ.¹38-ში განთავსებული საცხოვრებელი სახლისა და მის მიმდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს. მ-ის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ. აღდგენილ იქნა საჯარო რეესტრში 2000 წლის 21 მარტის ¹63-18-15-01 ჩანაწერი მითითებული უძრავი ქონების ო. ა-ის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ო. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ს. ა-ი-დ-მა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მითითებული საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2006 წლის 2 ოქტომბერს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ.
2006 წლის 29 სექტემბერს ო. ა-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც, თავისი კანონიერი წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო, მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. განცხადებას დაერთო სამედიცინო ცნობა.
სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს სხდომაზე გამოცხადდა ს. მ-ი, ხოლო საჩივრის ავტორი პროცესზე არ გამოცხადებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. ამავე სხდომაზე პალატამ იმსჯელა ო. ა-ის განცხადებაზე საქმის განხილის გადადების შესახებ, არ დააკმაყოფილა იგი და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ს მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ო ა-ი სადავო ბინიდან გამოსახლდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ო. ა-ის წარმომადგენელმა ს. ა-ი-დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, მხარემ სასამართლოს წინასწარ აცნობა თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი _ ავადმყოფობა, რაც სათანადო მტკიცებულებითაც დაადასტურა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება ს. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაზეც ო. ა-მა შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და ს. მ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა. აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა. ამავე სხდომაზე, ო. ა-ის გამოუცხადებლობის გამო, პალატამ მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მხარეთა დასწრებით სხდომაზე განიხილავს რა საჩივარს, სათანადო საფუძვლების არსებობისას გააუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განაახლებს საქმის წარმოებას, რა დროსაც არსებითად, კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით განიხილავს სარჩელს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ს. მ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განაახლა, თუმცა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, არასწორად გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდათ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. აღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს სასამართლოს ვალდებულებას სასამართლო უწყების მეშვეობით აცნობოს მხარეებს საქმის განხილვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მითითებული დანაწესი უგულებელყო, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და ს.მ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შემდეგ ო.ა-სა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ს. მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი არ უცნობებია და საქმე განიხილა კანონით დადგენილი წესის დარღვევით, მხარისათვის შეუტყობინებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა როგორც აპელანტის მოწინააღმდგე მხარე ო. ა-ის, ისე მისი კანონიერი წარმომადგენლის ს. ა-ი-დ-ის შეუტყობინელად, რაც ზემოხსენებული ნორმის მიხედვით გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.