ას-781-996-08 17 მარტი, 2009წ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ... დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს სადაზღვევო კომპანია “ო...”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 9 ივნისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ... სამინისტროს ... დეპარტამენტმა მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 29 915 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს, აგრეთვე სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯების დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
2004 წლის 17 ნოემბერს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ¹10 ზონის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით გაიმარჯვა შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ”. 2004 წლის 17 დეკემბერს შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... სამინისტროს ... დეპარტამენტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” იკისრა ¹10 ზონაზე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ვალდებულება 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიოდ 2005 წლის 28 თებერვალს სადაზღვევო კომპანია შპს “ო...ს” მიერ გაიცა ¹... საბანკო გარანტია, რომლის შესაბამისად, გარანტმა _ შპს “ო...მა” ... დეპარტამენტის წინაშე აიღო პასუხისმგებლობა 29 915 ლარის ოდენობით და იკისრა საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარის პირველი მოთხოვნისთანავე.
2005 წლის 16 მაისს შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” განცხადებით მიმართა ... დეპარტამენტს და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. განმცხადებელმა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა დაასაბუთა ნავთობის ფასის და მის შესაბამისად ასფალტის ნარევის ფასის ზრდის გამო ვალდებულებების მოსალოდნელი შეუსრულებლობით. ამასთან, შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...” ხელშეკრულების მოქმედების დროსაც არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ¹10 ზონაში შემავალ გზებს, ხოლო ... დეპარტამენტს დამატებითი ხარჯები წარმოეშვა.
2005 წლის 19 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მითითებული დროიდან გაუქმდა ¹10 ზონაზე საავტომობილო გზის მოვლა-შენახვის სამუშაოებთან დაკავშირებით 2004 წლის 17 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება, შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიმდინარე წლის 16 მაისის განცხადებისა და ამავე ხელშეკრულების საერთო პირობების მე-17 პუნქტის 17.1 ქვეპუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ ... დეპარტამენტმა 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილით აცნობა სადაზღვევო კომპანია შპს “ო...ს” და მოითხოვა საგარანტიო თანხის გადახდა. წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად შპს “ო...” საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებდა (ს.ფ. 1-3).
მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია “ო...მა” სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მის მიერ გარანტია არ გაცემულა მხარეთა მიერ შეთანხმებულად, ყოველგვარი პირობების გაუთვალისწინებლად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევისათვის. შპს “უ...მ” ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა არა დამდგარი, არამედ მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, რაც ... დეპარტამენტმა დააკმაყოფილა ხელშეკრულების 3.18 პუნქტის მოთხოვნის დაუცველად, პრეტენზიისა და დეფექტური აქტის წარდგენის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების გაფორმება შპს “ო...ს” ხარჯზე უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით მომხდარიყო.
2005 წლის 16 მაისის წერილიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...” მოქმედებდა ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად და ითხოვდა ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას, რათა ნავთობზე ფასების ზრდიდან გამომდინარე ასფალტზე გაზრდილი ფასების გამო ზიანი არ დამდგარიყო. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების მე-7 პუნქტზე, სადაც ცალსახად იყო აღნიშნული, რომ გარანტია არ გამოიყენებოდა.
მოპასუხის მოსაზრებით, 2005 წლის 19 მაისის შეთანხმება 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მოცემული დროისათვის ზიგფრიდ ბ- შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” დირექტორს აღარ წარმოადგენდა.
მოპასუხის განმარტებით, შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიერ გაცემული გარანტია ძალაში იყო მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ანუ 2005 წლის 19 მაისამდე. შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა შეწყდა ხელშეკრულების მოშლისთანავე (ს.ფ. 24-25).
შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” შესაგებელთან დაკავშირებით წარდგენილ ახსნა-განმარტებაში ... დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რადგან ხელშეკრულება შეწყდა შპს “უ...ს” წერილობითი თხოვნის გამო ანუ მისი ინიციატივით და ... დეპარტამენტს შესრულება არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა ხელშეკრულების სპეციფიური პირობების 10.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტია გამოიყენებოდა ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგა შემსყიდველს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო და 10.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი იყენებდა გარანტიას მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ... დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია საგარანტიო თანხის მოთხოვნის საფუძვლის არარსებობის თაობაზე არასწორი იყო.
... დეპარტამენტმა არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...” 2005 წლის 16 მაისის წერილით ითხოვდა ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას, რამდენადაც დასახელებული წერილის ბოლოს გარკვევით იკითხებოდა განმცხადებლის თხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
2005 წლის 19 მაისის ხელშეკრულების არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერასთან დაკავშირებით ... დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ, მართალია, ზ. ბ-ა მოცემული დროისათვის შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” დირექტორი არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა შესაბამისი მინდობილობა, რაც უფლებას აძლევდა, შპს “უ...ს” საქმეები ეწარმოებინა.
... დეპარტამენტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარანტი ვალდებულია გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და ამავე კოდექსის 881-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც არის გარანტია გაცემული. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ... დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო (ს.ფ. 34-37).
შპს სადაზღვევო კომპანია “ო...მა” ... დეპარტამენტის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით წარდგენილ შეპასუხებაში აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ნარდობის ურთიერთობა, რომლის შესრულების დროს ხარჯები და მისი წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულის თაობაზე მენარდეს დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა შემკვეთისათვის, რაც მისი მხრიდან განხორციელდა 2005 წლის 16 მაისს. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი შეწყვეტდა ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაო. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოსაზრება შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით არასწორი იყო.
მოპასუხის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბენეფიციარი (მოსარჩელე) ვალდებული იყო წარმოედგინა დოკუმენტი, თუ რაში გამოიხატა პრინციპალის (შპს უ...ს”) მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენა გარანტის მიმართ უნდა მომხდარიყო არა ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, არამედ გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლამდე (ს.ფ. 47-48).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს “უ...” (ს.ფ. 60).
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ... დეპარტამენტმა წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” ... დეპარტამენტის სასარგებლოდ 35 000 ლარი დაეკისრა. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, დასახელებული თანხის დაკისრების საფუძველს 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა, რომელზეც მოსარჩელე განსახილველ საქმეში საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდევინების საფუძვლად მიუთითებდა (ს.ფ. 91-98).
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას გამოირკვა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა გაკოტრების მასის მთლიანად რეალიზაციისა და ამონაგების კრედიტორებზე სრულად განაწილების გამო (ს.ფ. 102-105).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს ... დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის 2004 წლის 17 დეკემბერს დადებული ¹49 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” იკისრა ¹10 ზონაზე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ვალდებულება. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე. შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიერ 2005 წლის 28 თებერვალს გაცემული ¹... საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი შპს “ო...” იღებდა პასუხისმგებლობას ... დეპარტამენტის წინაშე 29915 ლარის ოდენობით და კისრულობდა ვალდებულებას, გადაეხადა საგარანტიო თანხა შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარის (... დეპარტამენტის) პირველი მოთხოვნისთანავე. გარანტია ძალაში იყო მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. 2005 წლის 19 მაისს შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება 2004 წლის 17 დეკემბრის ¹49 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ... დეპარტამენტმა 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილით აცნობა შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა საგარანტიო თანხის გადახდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ... დეპარტამენტის 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილის გარანტისთვის (შპს სადაზღვევო კომპანია “ო...”) ჩაბარება საქმეზე არ დგინდებოდა. მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარის (... დეპარტამენტი) მოთხოვნას კანონის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია არ ერთვოდა, ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის კონკრეტულ გამოხატულებაზე მითითებას არ შეიცავდა. სასამართლომ იმავდროულად მიუთითა, რომ ბენეფიციარის (... დეპარტამენტი) მიერ გარანტისათვის შეტყობინების კანონით დადგენილი წესით განხორციელების პირობებშიც, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებას ვერ დაექვემდებარებოდა, რადგან აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ განხორციელდა. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. მოცემულ შემთხვევაში შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიერ 2005 წლის 28 თებერვალს გაცემული ¹... საბანკო გარანტიის მიხედვით, გარანტია ძალაში იყო მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, რომელიც 2005 წლის 19 მაისს დასრულდა.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდევინების მოთხოვნაზე გავლენას ვერ მოახდენდა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ 2005 წლის 19 მაისის შეთანხმებაზე ხელმომწერი პირი ზ. ბ-ა იმ დროისათვის დირექტორს აღარ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა.
რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდასთან მიმართებითაც, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტიის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლებოდა იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ბენეფიციარის მიერ გარანტის მიმართ შეტყობინების ვადაში განხორციელების შემთხვევაშიც, მოთხოვნა გარანტისათვის 29 915 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობდა იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ მოსარჩელეს 2004 წლის 17 დეკემბრის ¹49 ხელშეკრულების 3.18 პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტი, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზები, არ წარუდგენია. ხელშეკრულების მითითებული დანაწესის მოთხოვნის დაცვა შემსყიდველის შეხედულებისამებრ შესაძლებელს გახდიდა უზრუნველყოფის გარანტიების მექანიზმის გამოყენებას, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მოცემული დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მხარეს ... დეპარტამენტთან ერთად წარმოადგენდა შპს “უ...”, რომელიც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით გაკოტრების საქმის შედეგების გამო ლიკვიდირებულად იყო გამოცხადებული. ამასთან, აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტიდან, ასევე “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერებას არ განაპირობებდა, რადგან იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას საქმის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩერდებოდა, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიული პირის რეორგანიზაციას (ს.ფ. 114-122).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტროს ... დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 29 915 ლარის დაკისრება მოითხოვა.
აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულება შეწყდა ... დეპარტამენტის ინიციატივით, რის გამოც არ არსებობდა პრინციპალის მხრიდან ხელშეკრულების პირობათა დარღვევის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტმა განმარტა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება შეწყდა შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რითაც აპელანტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მითითებულ გარემოებას ადასტურებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 127-129).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით ... სამინისტროს ... დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
... დეპარტამენტის მიერ ¹10 ზონის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით 2004 წლის 17 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ”.
შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის 2004 წლის 17 დეკემბერს დადებული ¹49 ხელშეკრულების შესაბამისად შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა ¹10 ზონაზე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიოდ 2005 წლის 28 თებერვალს სადაზღვევო კომპანია შპს “ო...მა” გასცა ¹... საბანკო გარანტია, რომლის შესაბამისად გარანტმა შპს “ო...მა” ... დეპარტამენტის წინაშე იკისრა პასუხისმგებლობა 29 915 ლარის ოდენობით და საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარის პირველი მოთხოვნისთანავე.
2005 წლის 16 მაისს შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” მოსარჩელეს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
2005 წლის 19 მაისს შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
რამდენადაც განსახილველი სარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიერ გაცემული საბანკო გარანტია, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალი) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდოს პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საქმეზე დგინდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარმა (... დეპარტამენტი) 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილით აცნობა შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” შპს ¹25 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
სადავო შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კანონის ზემომითითებული ნორმის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. უწინარესად, არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა იმას, რომ აღნიშნული საქმის მასალები შპს სადაზღვევო კომპანია “ო...სათვის” (გარანტი) ხელშეკრულების მოშლის თაობაზე 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილის ჩაბარებას არ ადასტურებდა. ამასთან, დასახელებულ წერილს თან არ ერთვოდა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რაც ბენეფიციარს უნდა წარედგინა გარანტისათვის, მასში არ იყო მითითებული, თუ რაში გამოიხატებოდა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი საქმის შედეგთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიაში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც არის გარანტია გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიერ გაცემულ საბანკო გარანტიაში ასახული პირობა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ გარანტია ძალაში იყო მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ზეგავლენას ვერ იქონიებდა ბენეფიციარის უფლებაზე და ვერ შეზღუდავდა მას, მოეთხოვა გარანტისაგან ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში საგულისხმო იყო, რომ კანონმდებელმა სწორედ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ შორის ურთიერთობის შეწყვეტა არ იწვევდა გარანტის პასუხისმგებლობის შეწყვეტას ბენეფიციარის მიმართ ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოცემულ შემთხვევაში _ 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაუსაბუთებლობასთან მიმართებით მიუთითა 2004 წლის 17 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 3.18 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველისა და მიმწოდებლის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზები, რის შემდგომაც შემსყიდველის შეხედულებისამებრ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტი არ წარუდგენია. ამასთან, საქმეში არსებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ ვერ ჩაითვლებოდა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტი მხარეებს მტკიცებულებების წარდგენისაგან ათავისუფლებდა ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილი იყო ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარეებს ... დეპარტამენტი და შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...” წარმოადგენდნენ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის მიყენების თაობაზე მტკიცებათა ტვირთისაგან მოსარჩელე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოების გამო ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ამ გადაწყვეტილების მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაუდგინდა შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” და არა შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს (განსახილველი დავის მხარეს), რის შესაბამისადაც ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სარჩელისაგან თავის დაცვის ან მისი უარმყოფელი არგუმენტების წარდგენის საშუალება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია. რამდენადაც გარანტია გაცემული იყო კონკრეტული ოდენობის თანხაზე, დასახელებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” დაარღვია ძირითადი ვალდებულება, რითაც საავტომობილო გზებს მიადგა ზიანი და მათ შესაკეთებლად მოსარჩელეს მოუწია დამატებითი ხარჯების გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ განაპირობებდა (ს.ფ. 206-214).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ... დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 29 915 ლარის დაკისრება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილის ადრესატისათვის (შპს სადაზღვევო კომპანია “ო...”) ჩაბარება ვერ დასტურდებოდა, თუმცა აღნიშნულის ფაქტობრივ გარემოებას ნათლად ასაბუთებს შპს “ო...ს” 2005 წლის 28 ივნისის ¹28-06 წერილი .... დეპარტამენტისადმი.
მცდარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბენეფიციარის (... დეპარტამენტი) მიერ წარდგენილ წერილზე (მოთხოვნაზე) სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დაურთველობა განაპირობებდა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდევინების უსაფუძვლობას, რადგან შპს “ო...ს” მიერ წარდგენილი გარანტია უპირობო იყო და შესაბამისად, უნდა ანაზღაურებულიყო პრინციპალის (შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...”) მიერ ძირითადი ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ... დეპარტამენტის პირველივე მოთხოვნისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა 2004 წლის 17 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 3.18 პუნქტზე, ვინაიდან აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული აქტის გაფორმება წარმოადგენს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობის შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მის არსებობაზე არ არის დამოკიდებული შპს “ო...ს” მიერ ... დეპარტამენტის წინაშე გარანტიით ნაკისრი ვალდებულება.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ... დეპარტამენტმა ვერ შეძლო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება. შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ... დეპარტამენტისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ასაბუთებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. დასახელებულ გადაწყვეტილებას განსახილველი საქმის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა იმ მიზეზით არ მიენიჭა, რომ შპს “უ...” მოცემულ საქმეზე მხარედ არ მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე შპს “უ...ს” მესამე პირად ჩაბმის თაობაზე მოთხოვნა არსებობდა, თუმცა მისი გაკოტრების გამო აღნიშნულის განხორციელება ვერ მოხერხდა.
საქმეში არსებული შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” 2005 წლის 16 მაისის განცხადება, ასევე 2005 წლის 19 მაისს შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის გაფორმებული შეთანხმება ნათლად ადასტურებს იმას, რომ შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის _ 29 915 ლარის მოპასუხისათვის გადახდევინების თაობაზე, საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას (ს.ფ. 219-227).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... სამინისტროს ... დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
... დეპარტამენტის მიერ ¹10 ზონის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით 2004 წლის 17 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ”;
... დეპარტამენტსა და შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” შორის 2004 წლის 17 დეკემბერს დაიდო ¹49 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს “უ...მ” იკისრა ¹10 ზონაზე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ვალდებულება 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე;
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2005 წლის 28 თებერვალს სადაზღვევო კომპანია შპს “ო...ს” მიერ გაიცა ¹... საბანკო გარანტია, რომლის შესაბამისად გარანტმა _ შპს “ო...მა” ... დეპარტამენტის წინაშე იკისრა პასუხისმგებლობა 29 915 ლარის ოდენობით და საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარის პირველი მოთხოვნისთანავე;
2005 წლის 16 მაისს შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...მ” მოსარჩელეს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა დაასაბუთა ნავთობის ფასისა და შესაბამისად ასფალტის ნარევის ფასის ზრდის გამო ვალდებულების მოსალოდნელი შეუსრულებლობით;
2005 წლის 19 მაისს შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” და ... დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება 2004 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ... დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ... დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი 2004 წლის 17 დეკემბრის ¹49 ხელშეკრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” ... დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 35 000 ლარი. დანარჩენ ნაწილში (შპს “უ...ს” შეგებებული სარჩელის ნაწილში) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარი _ ... დეპარტამენტი ითხოვს გარანტის _ შპს სადაზღვევო კომპანია “ო...სათვის” საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი).
სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმაზე, კერძოდ, რომ საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აღნიშნული ნორმა ავსებს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიაში მითითებული პირობა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ძალაში ყოფნის შესახებ გავლენას ვერ იქონიებდა ბენეფიციარის უფლებაზე და ვერ შეზღუდავდა, გარანტისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა არ იწვევდა გარანტის პასუხისმგებლობის შეწყვეტას ბენეფიციარის მიმართ და სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი. აღნიშნული მსჯელობა ასევე მართებულია სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზეც, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევას ასევე განიხილავს გარანტის პასუხისმგებლობის საფუძვლად და ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ძალადაკარგულად ცნობას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილით აცნობა შპს “ო...ს” ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მოითხოვა საგარანტიო თანხის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ იმავდროულად მიიჩნია, რომ ... დეპარტამენტის 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილის შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” მიერ მიღება არ დასტურდებოდა, რაც ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი იყო. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” 28.06.08წ. ¹28-06 მიმართვა ... დეპარტამენტისადმი, რაც ასაბუთებს ზემოაღნიშნული წერილის ადრესატისათვის ჩაბარებას (ს.ფ. 130), გარდა ამისა, წერილის ჩაბარების თარიღის დაუდგენლობა მოცემულ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენდა, რამდენადაც შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” პოზიცია, რომ იგი უარს აცხადებს ამ წერილით წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე, საქმიდან სრულიად ნათელია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარანტის სამსახური იმაში გამოიხატება, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა ბენეფიციარს გადაუხადოს პრინციპალის მიერ სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობისას. სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფს, რომ შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...სა” და ... დეპარტამენტს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ინიცირებული იყო ვალდებულების შესრულებაზე შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” უარით, კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს შპს “უ...ს” წერილობითი განცხადება წარმოადგენდა, რასაც ... დეპარტამენტი დაეთანხმა. ძირითადი ვალდებულების შეწყვეტის შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე წარმოიშობა ბენეფიციარის მიერ გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდევინების მოთხოვნის უფლება, ხოლო გარანტის მიმართ _ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია საგარანტიო თანხის გადახდის ძირითადი ვალდებულებით და საბანკო გარანტიით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლის არსებობა, კერძოდ, პრინციპალის მიერ (შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...”) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა.
... დეპარტამენტმა შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის გამო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად საქმეზე წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ¹25 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო “უ...ს” მის სასარგებლოდ დაეკისრა 35 000 ლარის გადახდა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული თანხის შპს “უ...სათვის” დაკისრების საფუძველია ამ უკანასკნელის მხრიდან სწორედ 2004 წლის 17 დეკემბერს დადებული ¹49 ხელშეკრულების (რომლის უზრუნველსაყოფადაც სადაზღვევო კომპანია შპს “ო...ს” მიერ ¹05/1 საბანკო გარანტია გაიცა) შეუსრულებლობა და ამის შედეგად ... დეპარტამენტისათვის ზიანის მიყენება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებას მოცემული დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე სამოქალაქო საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების პრეიუდიციულობის საკითხი დგება სხვა საქმის განხილვისას მხოლოდ იმავე მხარეების მონაწილეობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, კერძოდ, ამ საქმეში მონაწილე შპს “ო...” ზემომითებულ საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე გააჩნია მტკიცებულებითი ძალა, რომელიც უდავოდ ასაბუთებს შპს “უ...ს” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ... დეპარტამენტმა მოახდინა აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რისი საწინააღმდეგო გარემოებაც საქმეზე არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გარანტისათვის დაკისრებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხი (შეჯამებისა და განაწილების საკითხი) უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისათვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამგვარად უნდა განისაზღვროს: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” უნდა დაეკისროს 897.45 ლარის (29 915 ლარის 3%), სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის _ 1196.60 ლარის (29 915 ლარის 4%), ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის _ 1495.75 ლარის (29 915 ლარის 5%) ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 3589.80 ლარს, რომელიც შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” უნდა გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ... სამინისტროს ... დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ... სამინისტროს ... დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” დაეკისროს ... დეპარტამენტის სასარგებლოდ 29 915 ლარის გადახდა;
5. შპს სადაზღვევო კომპანია “ო...ს” დაეკისროს პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 3589.80 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.