¹ას-783-1107-07 28 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ... სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ბ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა ს. ბ-მ მოპასუხე ნოტარიუს თ. ჯ-ს მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის რუსეთის მოქალაქე, ცხოვრობს მოსკოვში, 1996 წლის 28 თებერვალს გ. გ-მ ანდერძით დაუტოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, თბილისში, ... ქ. ¹23-ში მდებარე ბინა. 1998 წლის 26 მაისს მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არის გ. გ-ს ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე, სხვა ანდერძისმიერი და კანონით მემკვიდრე არ ჰყავს. მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან ცხოვრობს და სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცხოვრობდა მოსკოვში, პენსიის გარდა სხვა რაიმე შემოსავალი არ გააჩნია, რის გამოც ვერ ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში, ჩამოსვლა მოახერხა რამოდენიმე წლის წინ და მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, თუმცა ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით არასათანადო მოპასუხე ნოტარიუსი თ. ჯ-ი შეიცვალა სათანადო მოპასუხით ... სამინისტროთი.
მოპასუხე ... სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ბ-ს გაუგრძელდა 1998 წლის 26 მაისს გარდაცვლილი გ. გ-ს სამკვიდროს მიღების ვადა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მიუთითებს, რომ მამკვიდრებელი გ. გ-ა გარდაიცვალა 1998 წლის 26 მაისს. მის მემკვიდრე ს. ბ-ს 2006 წლის 30 იანვრამდე არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების შესახებ. ნოტარიუსმა 2006 წლის 30 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ გასული იყო სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ წლების განმავლობაში არ მიმართა ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მისაღებად. მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს ს. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.