Facebook Twitter

¹ას-784-1151-06 23 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე – თ. ტ-ის სარჩელის გამო ნ. ჯ-ის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ტ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ჯ-ის მიმართ და მიუთითა, რომ იგი არის გარდაცვლილი ნ. დ-ის მეხუთე რიგის მემკვიდრე. შინაურული ანდერძის საფუძველზე ნ. ჯ-ე გახდა ნ. დ-ის ქონების მემკვიდრე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შინაურული ანდერძი არ არის შედგენილი და ხელმოწერილი მამკვიდრებლის მიერ, რადგან მასზე მითითებული არაა მისი შედგენის თვე და რიცხვი. მოსარჩელის განმარტებით, ანდერძი შედგენილი უნდა იყოს 2004 წლის 14 აპრილამდე, რა დროსაც მამკვიდრებელს უჭირდა წერა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხოლო ანდერძი კი შედგენილია გამართული ხელით, ამასთან, ანდერძში სამი გრამატიკული შეცდომაა, რასაც არ დაუშვებდა მამკვიდრებელი, ვინაიდან ის იყო ფილოლოგი. თ. ტ-მ სარჩელით მოითხოვა ნ. დ-ის მიერ დაწერილი შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ის შუამდგომლობა და თ. ტ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გამოუცხადებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. ტ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ტ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები; დადგენილად ცნო ისიც, რომ 2005 წლის 26 სექტემბრის სასამართლოს სხდომის შესახებ მხარეები გაფრთხილებული იყვნენ პირადად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობაც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ტ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე, 233-ე და 241-ე მუხლები და არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 229-ე მუხლი; არ შეაფასა გარემოებანი, თუ რამ განაპირობა თ. ტ-ის მიერ სხდომის მიტოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, თ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.