¹ას-786-1152-06 22 იანვარი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. და ლ. ს-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 12 აგვისტოს ც. ს-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების შ. და ლ. ს-ების მიმართ და მიუთითა, რომ შეისყიდა ქ. ქუთაისში, ... მე-4 ჩიხი, ¹...-ში მდებარე ბინა, რომელიც ბანკმა აუქციონის წესით გაყიდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით არ დაუკმაყოფილა სარჩელი აღნიშნული ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე იმ მოტივით, რომ აუქციონზე გაყიდული სახლის ძველმა მესაკუთრეებმა შ. და ლ. ს-ებმა გამოთქვეს სურვილი, საბაზრო პირობების შესაბამისად, ბინის ქირის გადახდის შესახებ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხეები დღემდე არც ბინის ქირას იხდიან და არც ქირავნობის ხელშეკრულებას აფორმებენ. ვინაიდან ამჟამად სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და სჭირდება თავისი კუთვნილი ბინა, მოსარჩელე _ ც. ს-მ მოითხოვა შ. და ლ. ს-ების გამოსახლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შ. ს-ე და ლ. ს-ე_მ-ი, მათთან მყოფ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნენ საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე, ქ. ქუთაისი, .... მე-4 ჩიხი, ¹....-დან და სახლი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ციური სილაქაძეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. და ლ. ს-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მიუხედავად მათი არაერთგზის მოთხოვნისა, მოსარჩელემ უარი განაცხადა საბაზრო ფასის შესაბამისად ქირავნობის ხელშეკრულების დადებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. და ლ. ს-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ც. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შ. და ლ. ს-ები გამოსახლებულ იქნენ ქ. ქუთაისში, ... მე-4 ჩიხი, ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს, ხოლო ც. ს-ის სარჩელი, შ. და ლ. ს-ების თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 მარტის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარეებს შორის დადებულ იქნა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ საბაზრო პირობების შესაბამისად ც. ს-სათვის ბინის ქირის გადახდისა. სასამართლომ დაადგინა, რომ შ. და ლ. ს-ებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ც. ს-ის მიერ საბაზრო პირობების შესაბამისად, ქირის თანხის მიუღებლობას, ან მის სახელზე კანონმდებლობის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას, რაც ადასტურებს იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეთა მხრიდან არ შესრულებულა.
სასამართლომ არ გაიზიარა შ.A და ლ. ს-ების განმარტება იმის თაობაზე, რომ ც. ს-მ უარი განაცხადა საბაზრო ღირებულების შესაბამისად ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგან მათ შეეძლოთ თავად განესაზღვრათ ქირის ოდენობა, თუ მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ თანხას საბაზრო პირობებთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. და ლ. ს-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შ. და ლ. სი-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. და ლ. ს-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შ. და ლ. ს-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. და ლ. ს-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.