Facebook Twitter

ას-787-1111-07 14 იანვარი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ-ი ( მოპასუხე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ.

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ქ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა. ა. ქ-ს დაევალა ლ. ბ-სათვის ეზოს ნაკვეთის 240 კვ. მეტრის ფართის დაბრუნება.

ა. ქ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

ლ. ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ ლ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ლ. ბ-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად (ს.ფ. 117-119).

ლ. ბ-მა საკასაციო პალატას წარმოუდგინა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; დაევალა მას ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 126-127).

ლ.ბ-მა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვინაიდან ხარვეზი არ იქნა კასატორის მიერ სრულად შევსებული უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ლ. ბ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 141-142).

ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ ლ. ბ-ს და მის წარმომადგენელს შ. მ-ს (ს.ფ. 143; 145), რომელიც 2007 წლის 24 დეკემბერს პირადად ჩაბარდა კასატორს ლ. ბ-ს (ს.ფ. 144).

ამდენად, კასატორ ლ. ბ-ს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2008 წლის 3 იანვრის ჩათვლით, მაგრამ მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ვინაიდან, ლ. ბ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.