ას-787-1153-06 19 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. დ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის ივლისში მხარეთა შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხემ დათქმულ დროს მოსარჩელეს თანხა არ დაუბრუნა. ამდენად, გ. დ-მ მოითხოვა ზ.მ-სათვის 1750 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს გ.დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1250 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც ზ.მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. დ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება გ. დ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. დ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ გ. დ-ს ზემოხსენებული ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 21 იანვარს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად.
საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ გ. დ-ს ზემოხსენებული ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 21 იანვარს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში,Aსაკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. დ-მ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:L
გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.