Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-788-1112-07 23 აპრილი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ციტადელი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “არქეოპოლისი”

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პროცენტის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „არქეოპოლისმა” 2003 წლის დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვივას“, შპს „ციტადელის“, შპს „ციტადელი-1-ის“, შპს „ციტადელი-2-ის“ მიმართ და აღნიშნა, რომ სს „არქეოპოლისს“ და შპს „ციტადელს“, შპს „ციტადელი-1-ს“ და შპს „ციტადელი-2-ს“ შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად შპს „ვივას“ უნდა მიეწოდებინა მათთვის სადიზელე საწვავი. ამ მიზნით, სს „არქეოპოლისმა“ 2003 წლის 25 ივლისის საგადასახადო დავალებით, შპს „ვივას“ ჩაურიცხა 53.000 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მას უნდა მიეწოდებინა საწვავი მისაღებ ფასში, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში ფული უნდა დაებრუნებინა უკან. მოპასუხე მხარემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა პირობა და მის ორგანიზაციას 12 სექტემბერს მიაწოდა 12.356 ლარად ღირებული საწვავი, ხოლო 40.944 - ლარიანი საწვავი აღარ მიაწოდა.

მოპასუხე შპს „ვივას“ წარმომადგენელმა, სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ მას და მოსარჩელეს შორის არასდროს არსებობდა საქმიანი ურთიერთობა და არც წერილობითი და არც ზეპირი სახის ხელშეკრულება მათ შორის არ დადებულა, მოსარჩელის მიერ მითითებულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებით მოპასუხე, შპს „ვივამ“ აღნიშნა, რომ სს „არქეოპოლისის“ მიერ მისი ორგანიზაციისათვის თანხის ჩარიცხვა განპირობებული იყო არა მათ შორის რაიმე ვალდებულების არსებობით, არამედ იმის გამო, რომ მოსარჩელემ, როგორც მესამე პირმა, იკისრა შპს „ციტადელის“ ვალების გასტუმრება, რის დასტურადაც წარმოადგინა სს „არქეოპოლისის“ დირექტორის წერილი.

შემდეგში მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა შპს „ვივა“ და შპს „ციტადელი“, მოსარჩელემ მოითხოვა მისი სასარგებლოდ მოპასუხეთათვის ძირითადი თანხის - 40.944 ლარისა და საურავის, სულ 83.293 ლარის დაკისრება.

2004 წლის 5 აპრილს შპს „ციტადელის“ დირექტორმა ზ.ფოჩხუამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღიარა, რომ სს „არქეოპოლისს“ მიაწოდა საწვავის ნაწილი და მისაწოდებელი დარჩა დაახლოებით 19.000 ლარამდე ღირებულების საწვავი, რომელსაც მიაწოდებდა 2004 წლის ივნისის ბოლოსთვის. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შპს „ვივამ“ სარჩელზე პასუხი არ უნდა აგოს, რადგან მას არავითარი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ძირითადი მოთხოვნის ნაწილში და მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ვივას“ დაეკისრა 40.944 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „არქეოპოლისისა“ და შპს „ვივას“ წარმომადგენლებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ვივას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „არქეოპოლისის“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „არქეოპოლისის“ სარჩელი; მოპასუხე შპს „ციტადელს“ დაეკისრა ძირითადი თანხა - 16.000 ლარი და, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პროცენტი - 5.760 ლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ციტადელს“ და სს „არქეოპოლისს“ შორის არსებობდა ზეპირი, ხანგრძლივი ხელშეკრულება საწვავის მიწოდების თაობაზე, ასეთივე ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობდა შპს „ვივასა“ და შპს „ციტადელს“ შორის; შპს „ვივამ“ ვერ მიიღო შპს „ციტადელისაგან“ ანაზღაურება, ხოლო მესამე პირმა სს „არქეოპოლისმა“, შპს „ციტადელის“ ნაცვლად, შეასრულა ვალდებულება შპს „ვივას“ მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის წინაშე შპს „ვივას“ ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო, ვინაიდან შპს „ციტადელმა“ აღიარა სს „არქეოპოლისის“ მიმართ ვალდებულება, მას დააკისრა მხოლოდ ის თანხა, რაც აღიარებულ იქნა სასამართლოს სხდომაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „არქეოპოლისმა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005 წლის 14 აპრილის განჩინებით გააუქმა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სს „არქეოპოლისის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე პალატას, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 აპრილის განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება სს „არქეოპოლისის“ მიმართ და შპს „ვივას“ ვალდებულების არარსებობის თაობაზე და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წინააღმდეგობაშია მის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებთან, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სს „არქეოპოლისს“ არ გააჩნდა შპს „ვივას“ მიმართ არავითარი ვალდებულება და მოსარჩელემ დაფარა შპს „ვივას“ მიმართ შპს „ციტადელის“ ვალი, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის თაობაზეც, გადახდილი ჰქონდა თუ არა შპს „ციტადელს“ სს „არქეოპოლისისთვის“, ამ უკანასკნელის მიერ, შპს „ციტადელის“ ვალის სახით გადახდილი თანხა. საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ვივამ“ მიიღო მესამე პირის მიერ შესრულებული ვალდებულება, ხოლო შპს „ციტადელმა,“ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, აღიარა სს „არქეოპოლისის“ მიმართ არსებული დავალიანება 16.000 ლარის ოდენობით, სს „არქეოპოლისისგან“ კი შპს „ვივამ“ მიიღო 53.000 ლარი და არა 16000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სს „არქეოპოლისს“ და შპს „ციტადელს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და დაადგინოს, შპს „ციტადელმა” აღიარებული თანხის გარდა, შპს „ვივასთვის“ შპს „ციტადელის“ ვალის დაფარვისას გადაიხადა თუ არა სს „არქეოპოლისის“ მიერ გადახდილი თანხა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სს “არქეოპოლისის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სს “არქეოპოლისის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს “არქეოპოლისის” სარჩელი, შპს “ციტადელის” მიმართ ვალდებულების შესრულებისა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პროცენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, შპს “ციტადელს” დაეკისრა სს “არქეპოლისის” სასარგებლოდ ვალდებულების შესასრულებლად 24.944 ლარის და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, 2003 წლის 24 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 24.944 ლარის 3%-ის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ არქეოპოლისსა” და შპს “ციტადელს” შორის არსებობდა ხანგრძლივი ურთიერთობები საწვავის მიწოდების შესახებ, რაც მხარეებს შორის წესრიგდებოდა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილად ცნო ისიც, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობდა შპს შპს “ვივასა” და შპს “ციტადელს” შორის და ამ უკანასკნელს გააჩნდა შპს “ვივას” მიმართ დავალიანება, რომლის დასაფარავად სს “არქეოპოლისმა” 2003 წლის 24 ივლისს ¹346 საგადასახადო დავალებით ჩაურიცხა შპს “ვივას” 53 300 ლარი.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ შპს “ვივასა და შპს “არქეოპოლისს” შორის არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ურთიერთობები და ამ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ შპს “ციტადელს” მიეწოდებინა სს “არქეოპოლისისათვის” 53.300 ლარის ღირებულების საწვავი. დადასტურებულად ცნო ისიც, რომ შპს “ვივამ” მიიღო სს “არქეოპოლისის” მიერ შპს “ციტადელის” ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხა, ხოლო შპს “ციტადელმა”, მოსარჩელის მიერ მისი ვალის დაფარვის სანაცვლოდ, ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება, სს “არქეოპოლისისათვის” საწვავის მიწოდების ან წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის დაბრუნების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის – სს “არქეოპოლისის” მიერ შესრულდა შპს “ციტადელის” ვალდებულება შპს “ვივას” წინაშე, ხოლო შპს “ციტადელს” მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შესრულებული ვალის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის საწვავის მიწოდების ვალდებულება, ხოლო, რაც შეეხება დავის საგანს 24.944 ლარს, ამ თანხის ღირებულების საწვავის მიწოდების ან საწვავის მიუწოდებლობის გამო, თანხის სს “არქეოპოლისისათვის” გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება შპს “ციტადელმა” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით სასამართლოს ვერ წარუდგინა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ციტადელმა”. კასატორის მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადასტურებულია, რომ სს “არქეოპოლისის” მიერ შეცვლილია დავის საგანი და საფუძველი, როდესაც შპს “ციტადელს” საბოლოოდ უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ათვალა პროცენტი 2003 წლის 24 აგვისტოდან, როდესაც მოსარჩელემ ამ თარიღიდან პროცენტი მოითხოვა მხოლოდ 2007 წლის 13 ივლისიდან. კასატორის მოსაზრებით, არ არის დადგენილი ძირითადი თანხის მოცულობა და გადახდის დრო.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის რეალურად დადებული იყო სამი სახის ხელშეკრულება: დავალების, შუამავლობისა და გადაზიდვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “ციტადელის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ შპს “არქეოპოლისსა” და შპს “ციტადელს” შორის არსებობდა ხანგრძლივი ურთიერთობები საწვავის მიწოდების შესახებ, რაც მხარეებს შორის წესრიგდებოდა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე სასამართლომ დადგენილად ცნო ისიც, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობდა შპს “ვივასა” და შპს “ციტადელს” შორის და ამ უკანასკნელს გააჩნდა შპს “ვივას” მიმართ დავალიანება, რომლის დასაფარავად სს “არქეოპოლისმა” 2003 წლის 24 ივლისს ¹346 საგადასახადო დავალებით ჩაურიცხა შპს “ვივას” 53 300 ლარი.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ შპს “ვივასა” და შპს “არქეოპოლისს” შორის არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ურთიერთობები და ამ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ შპს “ციტადელს” მიეწოდებინა სს “არქეოპოლისისათვის” 53.300 ლარის ღირებულების საწვავი. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ შპს “ვივამ” მიიღო სს “არქეოპოლისის” მიერ შპს “ციტადელის” ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხა, ხოლო შპს “ციტადელმა”, მოსარჩელის მიერ მისი ვალის დაფარვის სანაცვლოდ, ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება, სს “არქეოპოლისისათვის” საწვავის მიწოდების ან წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის დაბრუნების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის – სს “არქეოპოლისის” მიერ შესრულდა შპს “ციტადელის” ვალდებულება შპს “ვივას” წინაშე, ხოლო შპს “ციტადელს” მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შესრულებული ვალის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის საწვავის მიწოდების ვალდებულება, ხოლო, რაც შეეხება დავის საგანს 24.944 ლარს, ამ თანხის ღირებულების საწვავის მიწოდების ან საწვავის მიუწოდებლობის გამო, თანხის სს “არქეოპოლისისათვის” გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება შპს “ციტადელმა” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით სასამართლოს ვერ წარუდგინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლი, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

განსახილველი ნორმის თანახმად, აუცილებელია არსებობდეს შემდეგი სამართლებრივი ელემენტები: ვალდებულება, აღნიშნული ვალდებულების თავისებურებიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს იგი, მესამე პირის ნება შეასრულოს აღნიშნული ვალდებულება კრედიტორის დასაკმაყოფილებლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ზემოაღნიშნული ელემენტი, რაც მიუთითებს განსახილველი ნორმის გამოყენების მართებულობაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ შპს “არქეოპოლისსა” და შპს “ციტადელს” შორის არსებობდა ხანგრძლივი ურთიერთობები საწვავის მიწოდების შესახებ, რაც მხარეებს შორის წესრიგდებოდა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

ასევე სასამართლომ დადგენილად ცნო ისიც, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობდა შპს “ვივასა” და შპს “ციტადელს” შორის და ამ უკანასკნელს გააჩნდა შპს “ვივას” მიმართ დავალიანება. ამასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი ნორმით არ არის გათვალისწინებული კონკრეტულად რა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა უნდა არსებობდეს კრედიტორსა და მოვალეს შორის. აღნიშნული ნორმა მოითხოვს მხოლოდ იმას, რომ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, მოვალემ პირადად შეასრულოს ეს ვალდებულება. ამასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლითაც დასტურდება მხოლოდ მოვალის მიერ ამ ვალდებულების შესრულების აუცილებლობა, ასევე იმ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავდა შპს “ვივასა” და შპს “ციტადელს” შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის თანახმად შპს “ციტადელს” შპს “ვივას” მიმართ წარმოეშვა ვალდებულება, ამდენად ეს გარემოება საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილად უნდა იქნეს ცნობილი (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული ვალდებულების დასაფარავად შპს “არქეოპოლისმა” და შპს “ციტადელის” თანხმობით 2003 წლის 24 ივლისს ¹346 საგადასახადო დავალებით ჩაურიცხა შპს “ვივას” 53 300 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ვივამ” მიიღო სს “არქეოპოლისის” მიერ შპს “ციტადელის” ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხა, ხოლო შპს “ციტადელმა”, მოსარჩელის მიერ მისი ვალის დაფარვის სანაცვლოდ, ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება, სს “არქეოპოლისისათვის” საწვავის მიწოდების ან წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის დაბრუნების თაობაზე.

ამდენად, შპს “არქეოპოლისი” წარმოადგენს განსახილველი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ იმ მესამე პირს, რომლის ნებითაც ხდება სხვისი ანუ შპს “ციტადელის” ვალდებულების შესრულება ამ უკანასკნელის ნებით შპს “ვივას” წინაშე, იმისათვის, რომ შემდეგ შპს “ციტადელმა” შეასრულოს შპს “არქეოპოლისისადმი” ნაკისრი ვალდებულება საწვავის მიწოდების შესახებ.

აღნიშნულის გათვალისწინებით არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მისაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის განჩინებით გათვალისწინებული მითითებები, კერძოდ, არ შეისწავლა შპს “ციტადელსა” და სს “არქეოპოლისს” შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.

ამრიგად, დადგენილია, რომ ვალდებულება შესრულდა მესამე პირის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს “არქეოპოლისმა” ძირითადი მოთხოვნა შპს “ციტადელის” წინააღმდეგ დააყენა მხოლოდ 2007 წლის 13 ივლისის სხდომაზე, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “არქეოპოლისმა” ძირითადი მოთხოვნა შპს “ციტადელის” წინააღმდეგ დააყენა მხოლოდ 2007 წლის 13 ივლისის სხდომაზე.

ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2004 წლის 29 ივლისის სხდომაზე სს “არქიოპოლისმა” წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში (ს.ფ. 250-253) განსაზღვრა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის თანახმად იგი სოლიდარულად ითხოვს ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის დაკისრებას როგორც შპს “ვივასაგან”, ასევე შპს “ციტადელისაგან”. ასევე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2005 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ს.ფ. 350) სს “არქეოპოლისის” წარმოდგენელის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებაზე, რომელშიც იგი უთითებს, რომ მხარს უჭერს სოლიდარულ მოთხოვნას. ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სს “არქეოპოლისის” წარმომადგენლის მიერ როგორც ძირითადი, ასევე პროცენტის შესახებ მოთხოვნა აღიძრა ასევე შპს “ციტადელის” მიმართ.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ კასატორი არ უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც უნდა შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს და არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა და რომლებიც უთითებენ შპს “ციტადელის” მიერ ან მის დავალებით მესამე პირის მიერ სს “არქეოპოლისთან” არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე (53300 ლარის სანაცვლოდ) საწვავის მიწოდების ან ამ თანხის დაბრუნების ფაქტზე.

ამდენად, კასატორი არ უთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავენ კონკრეტულ შემთხვევაში 24 944 ლარის მოთხოვნის საფუძვლებს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა გამოიყენება ფულადი ვალდებულებების დროს.

ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ დროს მოქმედი რედაქციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

განსახილველი ნორმა ვრცელდება ყველა იმ ფულად ვალდებულებებზე, რომლის წარმოშობა უკავშირდება გადახდის ვადის გადაცილებას. აღსანიშნავია, რომ განსახილველი ნორმით მოცულია როგორც პირველადი, ასევე მეორეული მოთხოვნები. კონკერტულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ითხოვს საწვავის მიწოდებას, არამედ საწვავის მიუწოდებლობით მიყენებულ ზიანს, რაც გამოიხატა, უპირველეს ყოვლისა, მის მიერ ამ საწვავის შესაძენად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობაში, ამდენად მოსარჩელე ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას და ამ თანხის დაუბრუნებლობით განსახილველი ნორმით გათვალისწინებულ პროცენტს, რომლის მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ვალდებულების შესრულების ვადა 2003 წლის 24 აგვისტო, აგრეთვე, მან აღნიშნა, რომ ასეთი მოთხოვნა სს “არქეოპოლისს” არ დაუყენებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის ზემოაღნიშნული მოსაზრება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ ვალდებულების შესრულების დრო დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს “ციტადელს” ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2003 წლის ივნისს, რაც მიუთითებს შპს “ციტადელის” მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზე. მიუხედავად ამისა სს “არქეოპოლისი” ითხოვს შპს “ციტადელისაგან” ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით პროცენტს 2004 წლის 24 აგვისტოდან ანუ კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სს “არქეოპოლისი” სარჩელშივე აღნიშნავდა, რომ დიზელის მიუწოდებლობის შემთხვევაში თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2003 წლის 24 აგვისტომდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები (აღნიშნული დოკუმენტები დართული იყო შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე, რაც არ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ) მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დადასტურების ან გაქარწლების თაობაზე არ დაიშვება საკასაციო სასამართლოში, ამდენად, აღნიშნულზე, სასამართლო ვერ იმსჯელებს.

ამასთან ერთად საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ო ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ციტადელის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.