Facebook Twitter

ას-789-1004-08 2 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ო. ზ-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჰ. გ-იანი, ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა, უპირატესი შესყიდვის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ზ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივისა და ჰ. გ-იანის მიმართ 2004 წლის 18 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ...-ის მაღაზიის ნასყიდობის ნაწილში გაუქმების, აღნიშნული მაღაზიის შესყიდვაზე მისი უპირატესი შესყიდვის უფლების ცნობისა და მოპასუხე სამომხმარებლო კოოპერატივისათვის სადავო ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელესთან დადების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1966 წლის 28 მარტიდან ო.ზ-იანი მუშაობდა ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის სხვადასხვა სექციებში გამყიდველად, 1984 წლიდან კი _ ...-ის მაღაზიაში. იმავდროულად, არის კოოპერატივის მეპაიე წევრი. მაღაზიით სარგებლობისათვის ყოველთვიურად იხდის 20 ლარს, რაც დასტურდება გადახდილი ქვითრებით. 2003 წლის ივნის-ივლისში მოსარჩელემ მიმართა ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივს აგრარული ბაზრის ...-ის რიგის შესყიდვის მოთხოვნით, მაგრამ კოოპერატივის თავმჯდომარემ აცნობა, რომ ...-ის რიგი, მათ შორის, ...-ის მაღაზია, არ იყიდებოდა, თუმცა დაჰპირდა, ობიექტის გასხვისების შემთხვევაში მაღაზიის უპირატესად მოსარჩელისათვის მიყიდვას. ო.ზ-იანმა აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, მაგრამ პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო იმ მოტივით, რომ მაღაზია არ იყიდებოდა. 2004 წლის ივნისში ო.ზ-იანმა ჰ.გ-იანისაგან შეიტყო ამ უკანასკნელის მიერ ...-ის მაღაზიის შესყიდვის შესახებ. ამდენად, მოსარჩელე მოატყუეს და აღნიშნული მაღაზია, სადაც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამჟამადაც მუშაობს, მისგან ფარულად გაასხვისეს. ამასთან, 1984 წელს აშენებულ მაღაზიაში გამყიდველად არავის უმუშავია, მისი სახსრებით ობიექტს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული აუქციონის ან კონკურსის გამოცხადების გარეშე გაყიდა მაღაზია, რითაც შეილახა ო.ზ-იანის ინტერესები.

მოპასუხე ჰ. გ-იანმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ჰ.გ-იანი თავის მამასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა სადავო ...-ის პასაჟში, სადაც მდებარეობს მოსარჩელის მიერ მითითებული ...-ის მაღაზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს გააჩნდა სადავო ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება, რაც მან კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განახორციელა, კერძოდ, მიიღო სათანადო ნებართვა ახალქალაქის რაიონული კოოპერატივისაგან ობიექტის პრივატიზების შესახებ და გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 6024 ლარად შეიძინა 333 კვ.მ სასარგებლო ფართით 295,5 კვ.მ. ამდენად, სარჩელი დაუსაბუთებელია.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ო. ზ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ზ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ო.ზ-იანის სარჩელი მაღაზიის ნასყიდობის ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, აღნიშნული მაღაზიის შესყიდვაზე უპირატესი უფლების ცნობისა და ხელშეკრულების დადების დავალებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2004 წლის 18 ივნისს ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე ა. გ-იანსა და ჰ. გ-იანს შორის დაიდო აგრარული ბაზრის ...-ის რიგის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ჰ.გ-იანი სარეგისტრაციო სამსახურში აღირიცხა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ¹67 წერილის შესაბამისად, ...-ის რიგის 10,29 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მაღაზია, რომელიც დამოუკიდებელი უძრავი ნივთის სახით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, არამედ აღრიცხულია, როგორც შენობის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი. მოსარჩელისა და ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე ხ.ტონაკიანის განმარტებების მიხედვით, ო.ზ-იანი წარმოადგენდა კოოპერატივის მეპაიეს და მუშაობდა კოოპერატივის აგრარულ ბაზარში მდებარე ...-ის რიგში არსებულ მაღაზიაში გამყიდველად. პალატამ მიიჩნია, რომ ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი წარმოადგენს “სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ბ” პუნქტითა და მე-7 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მქონე სუბიექტს. სასამართლოს მითითებით, სადავო მაღაზია არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით და ცალკე უფლების ობიექტს, სამოქალაქო ბრუნვის საგანს არ წარმოადგენს. ასეც რომ არ იყოს და სადავო მაღაზია საჯარო რეესტრში დამოუკიდებლად აღრიცხულიყო, დასახელებული გარემოება, სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, რადგან სასარჩელო მოთხოვნას ო.ზ-იანი აფუძნებს იმ გარემოებას, რომ იგი კოოპერატივის მეპაიეა, წლების განმავლობაში მუშაობდა სადავო მაღაზიაში და გააჩნდა მისი შესყიდვის უპირატესი უფლება, რაც ობიექტის მალულად გასხვისებით დაირღვა. მოპასუხეების მიერ ასევე დარღვეულ იქნა “სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი და ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების” მე-4 თავის მეხუთე პუნქტის მოთხოვნა კოოპერაცის ქონების პირდაპირი გამოსყიდვისა და აუქციონზე გასხვისების წესის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-62-ე მუხლები ადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებს და, უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის გამო, გარიგების ბათილად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევისას სასამართლოში სარჩელისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით მხარეს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ო. ზ-იანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მითითებულ ნაწილში მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: ჰ.გ-იანი სადავო ობიექტის არაკეთილსინდისიერი შემძენია. სასამართლოსათვის მიმართვისას კასატორმა არ იცოდა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოპასუხეთა მიერ შედგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, რაც ჰ.გ-იანისათვის ცნობილი იყო. გაყალბებული იყო საქმეში წარმოდგენილი 2001 წლის 14 თებერვლის ¹1პ5 ოქმი, სადაც ფაქტობრივად იხილებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლების პრივატიზების საკითხი და “რსკ-ს მაღაზიები” მასში ჩამატებულ იქნა. კრების ოქმისა და სხვა საბუთების სიყალბის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიკოოპერატივის იმჟამინდელი თავმჯდომარე არტიუშ გ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”-”დ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, სადაც დაზარალებულად ცნობილია ო.ზ-იანი. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს, რომ 79 ობიექტი, მათ შორის, სადავო მაღაზია გაიყიდა უკანონოდ, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე. 2001 წლის 14 თებერვლის ¹1პ4 კრების ოქმით დასტურდება, რომ სადავო ...-ის პასაჟი რენტაბელურია, თუმცა ხსენებული ოქმი ასევე გაყალბდა და მასში საწინააღმდეგო გარემოება იქნა მითითებული. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა 2004 წლის 19 თებერვლის რიცხვით გაფორმებული ყალბი კრების ოქმი, რომელსაც არ გააჩნია ნომერი, არ არის მითითებული კრების თავმჯდომარისა და მდივნის, დამსწრე წევრების, განხილული საკითხის მხარდამჭერი ან წინააღმდეგი პირების ვინაობა, დღის წესრიგი. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ კრებას დაესწრო მხოლოდ სამი პიროვნება, რომელთაც საკუთარი წილები გადასცეს ჰ.გ-იანს, ხოლო დანარჩენი 11 თანამშრომლის თანხმობა არ არსებობს. კანონით კრება უფლებამოსილი იქნებოდა, თუ მას დაესწრებოდა თანამშრომელთა 75%. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო კრების ოქმით დაფიქსრებულია თანამშრომელთა მხოლოდ 20%-ის დასწრება. სადავო ობიექტის უკანონო გასხვისების ფაქტს ადასტურებს რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის ამჟამინდელი თავმჯდომარის _ ხ.ტ-იანის მიერ საქმეში წარმოდგენილი შუამდგომლობა-შეტყობინება, რომლითაც მოპასუხემ მოითხოვა კოოპერატივის საკუთრების დაბრუნება, სასამართლომ კი აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პალატამ არ შეაფასა ასევე მოპასუხე კოოპერატივის მიერ წარმოდგენილი განაჩენები და მათ მიმართებაში არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი. ა.გ-იანის მონაცემების თანახმად, აგრარული ბაზრის თანამშრომელმა ო. კ-იანმა უარი განაცხადა ...-ის პასაჟის პრივატიზაციაში მონაწილეობის მიღებაზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების უკანონობას ამტკიცებს ის გარემოებაც, რომ ჰ.გ-იანის განცხადება პრივატიზაციის შესახებ არ არის რეგისტრირებული რაისამომხმარებლო კოოპერატივში. ჰ.გ-იანმა დაარღვია სადავო ნასყიდობის მე-8 პუნქტი პასაჟისათვის 5 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნების თაობაზე, ვინაიდან პასაჟის ნაწილი გაასხვისა. კასატორი ვალდებული არ იყო ემტკიცებინა, რომ სადავო ...-ის მაღაზია კოოპერატივის ბალანსზე ირიცხებოდა. საარქივო ჩანაწერით დასტურდება, რომ ო.ზ-იანი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სადავო მაღაზიაში, რომელიც ...-ის პასაჟის ბალანსის ასამაღლებლად აშენდა. მოპასუხეებმა შეცდომაში შეიყვანეს ცეკავშირის გამგეობა და სადავო ...-ის მაღაზიის ნაცვლად გაასხვისეს მთელი ...-ის პასაჟი და აგრარული ბაზრის კანცელარია. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, მართალია, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-62 მუხლებზე, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია მითითებული მუხლებისა და 61-ე მუხლის შესაბამისად, როგორც მართლსაწინააღმდეგო, ამორალური, მოჩვენებითი, თვალთმაქცური და უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ზ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად დააბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კანონის ეს დანაწესი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს ისეთ გარემოებას, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ ეფუძნება სწორ ფაქტობრივ დასაბუთებას.

მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა მდგომარეობს ფაქტობრივი გარემოებების არასრულად გამოკვლევაში, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დავის საგანი _ ახალქალაქის აგრარული ბაზრის ...-ის რიგში განთავსებული მაღაზია რადგანაც არ არის საჯარო რეესტრში დამოუკიდებლად რეგისტრირებული, იგი, როგორც ცალკე ობიექტი, არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საგანს. ...-ის რიგის 10,29 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მაღაზია, რომელიც დამოუკიდებელი უძრავი ნივთის სახით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, არამედ აღრიცხულია, როგორც შენობის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში ო.ზ-იანის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მაღაზიის გასხვისების ნაწილში ბათილად ცნობა.

სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე, ხოლო, 150-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. მითითებული ნორმებით შენობა-ნაგებობა კანონმდებლის მიერ მიჩნეულია რა მთავარი ნივთის _ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად, იგი ცალკე უფლების ობიექტს არ წარმოადგენს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ამდენად, შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში დამოუკიდებელ უძრავ ნივთად დაურეგისტრირებლობა არ არის საფუძველი იმისა, დავასკვნათ, რომ ეს შენობა სამოქალაქო ბრუნვის საგანს არ წარმოადგენს, ვინაიდან ის მთავარი ნივთის _ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად არ გამოიკვლია საქმის მასალები, კერძოდ, სასამართლომ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებად მიიღო და საქმეს დაურთო სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ არ უნდა მიიღოს მტკიცებულება, თუკი მას საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მიიღებს მხარის მიერ წარმოდგენილ ამა თუ იმ მტკიცებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, იგი ვალდებულია, სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის გამო ხელშეკრულების ბათილობას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისათვის ვალდებული პირისაგან ამ უფლების დარღვევა (სამოქალაქო კოდექსის 516-517-ე მუხლები) დაცვის გარეშეა დარჩენილი.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ო. ზ-იანის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, ეფუძნება არა უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევას, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტების გაყალბებას.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დაადგინოს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და მხოლოდ მტკიცებულებათა სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასკვნა ამა თუ იმ გარემოების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ზ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.