Facebook Twitter

ას-791-1078-09 3 დეკემბერი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009წლის 25 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 აგვისტოს განჩინებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2008 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად; მოპასუხე ლ. მ-ავას გადაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი და დაევალა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შესაგებლის წარმოდგენა, ამასთან, განემარტა, რომ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშეE გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2008 წლის 13 აგვისტოს განჩინება და ამავე სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-ავას რამდენჯერმე გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე. იმის გამო, რომ ლ. მ-ავას არ ჩაჰბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი, სასამართლომ დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს 10 დღის ვადაში ლ. მ-ავასათვის სააპელაციო საჩივრის გადაცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის 2009 წლის 17 აპრილს შედგენილიEოქმის თანახმად, დადგენილ იქნა, რომ ლ. მ-ავა იშვიათად მიდიოდა მითითებულ მისამართზე, ხოლო მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ამავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურმა შეადგინა ოქმი, რომლის თანახმად, გაირკვა, რომ ინსპექტორ-გამომძიებელი ლ. მ-ავას დაუკავშირდა ტელეფონზე სასამართლო გზავნილის გადაცემის თაობაზე, თუმცა მან უარი განაცხადა უწყებისა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ჩაბარებაზე.

სააპელაციო სასამართლომ სატელეფონო შეტყობინებისას ლ. მ-ავას უარი გზავნილის ჩაბარებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადრესატის მიერ უწყების ჩაბარებაზე უარის თქმის ტოლფასად მიიჩნია და, შესაბამისად, ჩათვალა, რომ ლ. მ-ავას სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა, სატელეფონო შეტყობინების ოქმის შედგენის დღეს _ 2009 წლის 17 აპრილს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ავამ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოადგინა და არც რაიმე მიზეზი შესაგებლის წარმოუდგენლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ამართლებდა სააპელაციო საჩივარს, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. მ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის ფურცელ 429-ზე განთავსებული შეტყობინების ბარათით დასტურდებოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ორგანიზაციას ჩაჰბარდა 2008 წლის 4 სექტემბერს, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 26 თებერვალს, ე.ი. კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ. მ-ავას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 13 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, ვინაიდან საქმის ფურცელ 429-ზე მითითებული გზავნილით არ დასტურდებოდა, თუ რომელ დაწესებულებას და რა თანამდებობის პირს ჩაჰბარდა გზავნილი, შესაბამისად, სასმართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პირველი ინსტანციის განჩინების ასლი არ ჩაჰბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ ჰქონდათ გაშვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისიწნებული გარემოება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო ვადადარღვევით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მაინც დააკმაყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. მ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობა. სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის აღძვრის წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო ვადადარღვევით, რის დასადასტურებლადაც მიუთითა საქმის ფურცელ 429-ე განთავსებულ შეტყობინების ბარათზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 აგვისტოს განჩინება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს არ ჩაჰბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, და, შესაბამისად, არ გაუშვიათ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება (გზავნილი) უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. განსახილევლ შემთხვევაში, კი კასატორის მიერ მითითებულ საქმის ფურცელ 429-ზე მითითებული გზავნილი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან მასზე არ არის მითითებული გზავნილის ჩამბარებელი პირის თანამდებობა, არ არის დასმული ორგანიზაციის ბეჭედი და არ არის დადასტურებული ფოსტის მუშაკის ხელმოწერით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. მ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.